• თბილისი
  • 36°C
  • 23 აგვისტო, 2019
article

11 წლის ქართველი ბიჭი, რომელიც გლაზგოში გაიზარდა, დედის გარდაცვალების შემდეგ, შესაძლოა, საქართველოში დააბრუნონ - დეპორტაცია ემუქრება მის ბებიასაც

London Economic სტატიას აქვეყნებს, სადაც 11 წლის ქართველი ბიჭის ისტორიაა მოთხრობილი.

სტატიის მიხედვით, 11 წლის ობოლ ქართველ ბიჭს, გიორგი კაკავას, რომელმაც თითქმის მთელი ცხოვრება გლაზგოში გაატარა, საქართველოში დეპორტაცია ემუქრება, მიუხედავად იმისა, რომ ბიჭუნას საქართველო საერთოდ არ ახსოვს.

გიორგი 8 თვის იყო, როდესაც საქართველოდან წამოიყვანეს. მისი დედა სოფიო ბაიხაძე შიშობდა, რომ კრიმინალები, რომლებმაც ქმარი ვალის გამო მოუკლეს, მის შვილსაც მოკლავდნენ ან გაიტაცებდნენ. გიორგი 3 წლის იყო, როდესაც დედამ შოტლანდიაში ჩაიყვანა.

გიორგის დედა 2018 წლის თებერვალში გარდაიცვალა. სოფიო 35 წლის იყო და გლაზგოში ყოფნის განმავლობაში თავშესაფრის მიღებას ელოდა. მისი საბოლოო სურვილი იყო, რომ გიორგი, რომელსაც გლაზგური აქცენტი აქვს და ქართული არ იცის, შოტლანდიელ ბიჭუნად გაზრდილიყო.

ადამიანის უფლებათა დამცველები ამბობენ, რომ გიორგის დეპორტაციით ბავშვის უფლებები ირღვევა.

შოტლანდიური ეკლესია კი დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრს, საჯიდ ჯავიდს, რომელიც პაკისტანიდანაა, მოუწოდებს გიორგის დარჩენის უფლება მისცეს.

"სოფიო ჭკვიანი გოგო იყო, მაგრამ საქართველოში მძიმე ცხოვრება ჰქონდა. ის შოტლანდიაში ჩამოვიდა, რათა კრიმინალურ დაჯგუფებას გაქცეოდა. ისინი გიორგის ემუქრებოდნენ. ჩემი შვილი იმედოვნებდა, რომ გლაზგოში მშვიდი ცხოვრება ექნებოდა, თუმცა მძმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა", - ამბობს ქეთინო, სოფიოს დედა.

"სოფიო კეთილი და მოსიყვარულე ქალი იყო, რომელიც შვილზე გიჟდებოდა. მისი გარდაცვალების შემდეგ, გულგატეხილი ვარ. არ შემიძლია გიორგის მარტო დატოვება, მე ახლა მისთვის ვცხოვრობ. მას არც დედა ჰყავს, არც მამა და ყველაზე მეტად გლაზგოში დარჩენა სჭირდება. აქ ცხოვრობენ მისი მეგობრები, ასე რომ მისთვის დეპორტაცია უმძიმესი გადასატანი იქნება. მას ქართული არ ესმის, მხოლოდ ინგლისურად საუბრობს. ხანდახან კითხვებს ქართულად ვუსვამ, ის მეუბნება რომ არ ესმის, რადგან შოტლანდიელია," - ამბობს ბებია.

2018 წლის ივლისში, ონლაინ პეტიციამ, რომელიც გიორგის შოტლანდიაში დატოვებას ითხოვდა, დიდი ბრიტანეთი მოიცვა. კამპანიას 90 209 ადამიანმა მოაწერა ხელი. გიორგის და ქეთინოს დიდ ბრიტანეთში 30 თვით დარჩენის უფლება მისცეს. პეტიციის ავტორი გლაზგოს ეკლესიის წინამძღვარი ბრაიან კასეია, რომელმაც შს მინისტრ ჯავიდს გიორგის და ბებიის შოტლანდიაში სამუდამოდ დარჩენა სთხოვა.

გიორგის უფლება აქვს შოტლანდიაში 2020 წლის თებერვლამდე დარჩეს. მის ბებიას, ქეთინო ბაიხაძეს კი - 2020 წლის დეკემბრამდე. უცნობია, რა პირობებში შეძლებს გიორგი ცხოვრებას ბებიის გარეშე.


თეგები :