• თბილისი
  • 32°C
  • 16 ივნისი, 2019
article

უჩა მამაცაშვილმა ეკონომიკის მინისტრს გადადგომა მოსთხოვა - რა მოხდა სკანდალურ თათბირზე? (ექსკლუზივი)

ექსკლუზივი: ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილმა, კერძო პირმა უჩა მამაცაშვილმა ეკონომიკის მინისტრს, გიორგი ქობულიას გადადგომის შესახებ განცხადების დაწერა მოსთხოვა. თუმცა, ქობულია წასვლაზე უარს ამბობს.

„ჩემი ნებით არ წავალ. თუ გინდა პრემიერს უთხარი და მომხსნას“, - ასეთი იყო გიორგი ქობულიას პასუხი ოლიგარქის კლანის წევრის ულტიმატუმზე - დაეწერა განცხადება გადადგომის შესახებ. 

უჩა მამაცაშვილის მიზანი ვანო ჩხარტიშვილის კლანის ყოფილი წევრის, ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ნათია თურნავას გამინისტრებაა, რომელიც დღეს მის ბიზნეს-ინტერესებს ლობირებს მთავრობაში. 

რაც შეეხება გიორგი ქობულიას, ითვლებოდა, რომ ის ივანიშვილის კადრია. თუმცა, მას შემდეგ, რაც მან, უჩა მამაცაშვილის საქმიანობის კანონიერება ერთერთ თათბირზე ეჭვის ქვეშ დააყენა, ოლიგარქის დეიდაშვილმა მისი ჩანაცვლება გადაწყვიტა. 

უფრო კონკრეტულად: უჩა მამაცაშვილმა, გიორგი ქობულიას ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე მყოფი ქონების ხელში ჩაგდების სქემა შესთავაზა, მინისტრმა კი, პროცესი გაწელა და ბოლოს, თათბირზე გამოაცხადა, რომ არ სურს დასაჭერად გაიხადოს საქმე. 

ამ ფაქტმა კი, საქართველოს ბატონ-პატრონის ფავორიტი ნათესავის გაღიზიანება გამოიწვია, ქობულიას დაურეკა და კარისკენ მიუთითა, რამაც კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა იმაში, რომ ქვეყანა არაფორმალური მმართველების ხელშია. ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ კომენტარი ექსპერტ გია ხუხაშვილს ვთხოვეთ. 

PRESA.GE: უჩა მამაცაშვილი, ეკონომიკის მინისტრს დაუპირისპირდა, რომელსაც  თანამდებობიდან წასვლას აიძულებს. გაქვთ თუ არა, ამაზე ინფორმაცია და რას ნიშნავს ის ფაქტი, რომ კერძო პირი იღებს მინისტრების დანიშვნისა და გადაყენების შესახებ გადაწყვეტილებას? 

გია ხუხაშვილი: არ მაქვს ამაზე ინფორმაცია, მაგრამ ეს უაზრო კაცი, ეკონომიკის მინისტრი რომ წასასვლელია, ამას ბევრი დავა არ სჭირდება. 

- გასაგებია, მაგრამ ასეც რომ იყოს, უნდა წყვეტდეს თუ არა, კერძო პირი უჩა მამაცაშვილი, ვინ იქნება მინისტრი და ვინ - არა?

- იძულება, რა თქმა უნდა, ნებისმიერ შემთხვევაში გაუმართლებელია. ასევე, უჩა მამაცაშვილი არ უნდა იღებდეს მსგავს გადაწყვეტილებებს.