• თბილისი
  • 32°C
  • 16 ივნისი, 2019
article

„უნდა მოვემზადოთ ლარის კურსის მკვეთრი ვარდნისათვის... ჩვენი თანამოქალაქეები შიმშილთან ბრძოლას ვეღარ გადაიტანენ“

„ცალსახად და უაპელაციოდ ვაცხადებ, რომ მოქალაქეები უნდა მოემზადონ ლარის კურსის მკვეთრი ვარდნისათვის და აქედან გამომდინარე, მომყოლ პრობლემებთან გამკლავებისათვის“ - ეკონომიკის ექსპერტი და „საზოგადოება ივერიას“ ერთ-ერთი ლიდერი, დავით ნებიერიძე „პრესა.ჯი“-სთან მოსალოდნელი მწვავე ეკონომიკური კრიზისის შესახებ საუბრობს.

- არის თუ არა, საქართველოში მწვავე ეკონომიკური კრიზისი და როგორ ახსნით თქვენ ამ ფაქტს?

- მოსალოდნელი მწვავე ეკონომიკური კრიზისის ალბათობა 100%-ან ნიშნულზე ავიდა. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 62%-ით არის შემცირებული.

- როგორ აისახება, თქვენს მიერ, აღნიშნული მწვავე ეკონომიკური კრიზისი საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე? 

- პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ეს კატასტროფული, უპრეცენდენტო ვარდნის მაჩვენებელი თითოეული მოქალაქს შეეხება. პირველ რიგში, ეს ნიშნავს დაწოლას ლარის კურსზე და ლარის მკვეთრ, გარდაუვალ გაუფასურებას. 

- თქვენ ამბობთ, რომ ლარის კურსის რადიკალურ ცვლილებას კიდევ უნდა ველოდოთ? 

- ცალსახად და უაპელაციოდ ვაცხადებ, რომ მოქალაქეები უნდა მოემზადონ ლარის კურსის მკვეთრი ვარდნისათვის და აქედან გამომდინარე, მომყოლ პრობლემებთან გამკლავებისათვის. 

- რას გამოიწვევს ლარის კურსის კიდევ უფრო ვარდნა? 

- ლარის კურსის კიდევ უფრო ვარდნა, პირველ რიგში, გამოიწვევს ინფლაციის დონის მკვეთრ ზრდას. ანუ, სამომხმარებლო ფასების მკვეთრ და აქამდე უპრეცენდენტო ზრდას. 

შესაბამისად, თითოეულ მოქალაქეს კიდევ უფრო გაუჭირდება თავის გატანა და რაოდენ ტრაგიკულადაც არ უნდა ჟღერდეს, ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე ამას ვეღარ გადაიტანს, ვეღარ გაუძლებს შიმშილთან ბრძოლას.

ლარის კურსის მკვეთრი ზრდა შეუქცევადად გამოიწვევს ქვეყნის საგარეო ვალების მომსახურების ტვირთის ზრდას და ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ტვირთის გაზრდას. 

ეს კი თავის მხრივ, ხელისუფლებას იძულებულს გახდის შეკვეცოს სოციალური პროგრამები და დიდი ალბათობით მთავრობას შეიძლება დაუდგეს საბიუჯეტო კრიზისის საფრთხე. 

- რაში გამოიხატება აღნიშნული  კრიზისი?

- გაგახსენებთ შევარდნაძის ეპოქას, როდესაც საბიუჯეტო ორგანიზაციებში თვეობით არ გაიცემოდა ხელფასები.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ესოდენ მკვეთრი შემცირება, ცალსახად შეანელებს ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ტემპებს, რაც აუცილებლად აისახება მოქალაქეთა შემოსავლების დონეზე. 

გარდა ამისა, ეკონომიკის ზრდის ტემპების შემცირება და რეცესიული პროცესების ალბათობა  ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილის შესრულების დინამიკას დაარტყავს. 

ბიუჯეტში გადასახადების სახით შევა გაცილებით ნაკლები თანხები, ვიდრე ეს დაგეგმილი იყო, მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიხედვით. ეს პრობლემა ასევე გამოიწვევს, საბიუჯეტო კრიზისს და გაზრდის ბიუჯეტის დეფიციტს, რომლის შევსების წყაროებიც არ არის გათვალისწინებული მთავრობის მიერ.

ყოველივე ეს და ახალი საბანკო რეგულაციები განსაკუთრებით მწვავეს გახდის ფინანსურ რესურსებთან წვდომის პრობლემას. რაც თავის მხრივ, ეკონომიკის სექტორალურ ჩამოშლას გამოიწვევს. განსაკუთრებით, ბინათმშენებლობის სეგმენტში, პირველი დარტყმა მოვა მეორადი უძრავი ქონების ბაზარზე.

- რას ურჩევდით მოახლოებული ეკონომიკური საფრთხის თავიდან ასაცილებლად მოქალაქეებს? 

- ვინც გაფრთხილებულია, ის შეიარაღებულია. ვიმედოვნებ, მოქალაქეები სერიოზულად გააანალიზებენ ამ პროგნოზებს და შეძლებისდაგვარად მომზადებულნი შეხვდებიან ეკონომიკური კრიზისის ამ ახალ და ძალიან მწვავე ტალღას.

სამწუხაროდ, უამრავი მოქალაქე უბრალოდ ვერ გაუძლებს ამ გამოწვევას და უკიდურესი სიღარიბის დონე ქვეყანაში უპრეცენდენტო მასშტაბებს მიაღწევს.


თეგები :

ლარის კურსი