• თბილისი
  • 27°C
  • 26 მაისი, 2019
article

100 მილიონი ქრთამის სახით - სერგეენკოსა და ივანიშვილის კლანის საქმე

დიდი კორუფციული სქემა გაშიფრულია. Presa.ge-მ გაარკვია, თუ როგორ ტყდება ჯანდაცვის ბიუჯეტიდან 100 მილიონ ლარამდე, რომელიც სხვადასხვა ჩინოვნიკებსა და ივანიშვილის ოჯახზე ნაწილდება.

ეს არის საქმე, რომელიც აუცილებლად მიიქცევს პროკურატურის ყურადღებას და სავარაუდოდ, ბევრი მაღალჩინოსანიც, ოლიგარქის კლანის წევრების ჩათვლით - საბრალდებო სკამზე აღმოჩნდება.

მას ასე! წარმოგიდგენთ სქემას, რომლის გამოყენებითაც ივანიშვილის გარემოცვა გაჭირვებული ხალხის, უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები ადამიანების ხარჯზე მილიონებს შოულობს და ბიუჯეტს ძარცვავს.

საყოველთაო ძარცვა, საყოველთაო ჯანდაცვის საფარქვეშ

წლების წინ, ჯანდაცვის სამინისტროსა და სამედიცინო დაწესებულებებს შორის შუამავლის როლს სადაზღვევო კომპანიები ასრულებდნენ.

კერძოდ, საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში, სადაზღვევო კომპანია კონტრაქტს აფორმებდა სახელმწიფოსთან, რომლიდანაც დაფინანსებას იღებდა და სამედიცინო დაწესებულებას იმის შესაბამისად უხდიდა თანხას, თუ რა სახის სერვისს მიაწვდიდა ის, პროგრამაში ჩართულ ამა თუ იმ პირს.

თუმცა, მინისტრმა სერგეენკომ თავის მიერ შექმნილი „შუამავალი რგოლი“, სადაზღვევო კომპანიების სახით, მოშალა და სქემიდან გააძევა, რამაც კერძო სექტორი დააზარალა. ხოლო სადაზღვევო კომპანიების ნაწილი გაკოტრებამდე მიიყვანა.

სამაგიეროდ, სერგეენკომ, სამედიცინო დაწესებულებებთან ანგარიშსწორება პირდაპირ სახელმწიფო სამსახურს, სოციალური მომსახურების სააგენტოს დაავალა და სწორედ აქედან დაიწყო დიდი აღებ-მიცემობაც - „ატკატების“ სახით.

ჯანდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები, სამედიცინო დაწესებულებებს გადარიცხული თანხის 10%-ს „ქეშად“ სთხოვენ, რომლის მცირე ნაწილი სამინისტროში რჩება, ნაწილი კი - დიდი ალბათობით, ჯერ სერგეენკოსთან გროვდება და შემდეგ, სოლოლაკისაკენ მიემართება.

„ადრე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მეტ-ნაკლებად მოწესრიგებული იყო. სადაზღვევო კომპანიები გვიხდიდნენ თანხას და არანაირი პრობლემა არ გვქონდა ამ მიმართულებით.

თუმცა, დღეს, ვითარება შეცვლილია. თუ გინდა რომ საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში შენს სამედიცინო დაწესებულებაში მოქალაქემ სერვისი მიიღოს, მაშინ უნდა გადაიხადო, ოღონდ „ქეშად“ და ოღონდ ქრთამის სახით.

შევარდნაძის დროსაც კი არ ყოფილა ისეთი მასშტაბის კორუფცია სამედიცინო სფეროში, როგორიც ახლა არის. სხვა სფეროში არ ვიცი რა ხდება, მაგრამ აქ, „ზემოდან“, ყველაფერში ფულს გვთხოვენ.

ვითომ გვაფინანსებენ, რეალურად კი - გვძარცვავენ. „სტავკა“ გადმორიცხული თანხის 10 პროცენტია“, - ამბობს Presa.ge-სთან საუბრისას ერთ-ერთი ცნობილი ტრავმატოლოგიური საავადმყოფოს მენეჯერი.

ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი ბოლო წლებში ყოველწლიურად იზრდება. თუმცა, სამედიცინო სერვისები უარესდება.

2019 წლის ბიუჯეტის მიხედვით, ამ სფეროს დაფინანსება 3.8 მილიარდი ლარია, საიდანაც 754 მილიონი საყოველთაო ჯანდაცვაზე იხარჯება, რასაც სხვადასხვა სოციალური პროექტებიც ემატება და ჯამში, სამედიცინო დაწესებულებებში, წლიურად, სოციალური მომსახურების სააგენტოდან მილიარდ ლარამდე ირიცხება, რომლის 10 პროცენტი, „ატკატის“ სახით - 100 მილიონ ლარამდეა.

დაიწყება თუ არა, გამოძიება?

„პრესა.ჯის“ უთხრეს, რომ „ატკატების“ საკითხს, ჯანდაცვაში, სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსი, ზაზა სოფრომაძე კურირებდა, რომელიც 2018 წლის აპრილიდან სამინისტროში უკვე აღარ მუშაობს. დღეს კი, ამ მიმართულებას მოვალეობის შემსრულებელი „ალაგებს“.

საინტერესო დეტალი: ზაზა სოფრომაძე, 2006 წლის 18 ოქტომბერს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით იყო დაკავებული. მასთან ერთად დაკავებულ პირებს კი, ქრთამის აღების ბრალდება ჰქონდათ წარდგენილი. საქმე 570 ათასი ლარის მითვისებას ეხებოდა.

2006 წლის 19 ოქტომბერს კი, ჯანდაცვის მაშინდელი მინისტრმა, ლადო ჭიპაშვილმა, სოფრომაძის დაკავების ფაქტის კომენტირებისას განაცხადა: „ეჭვი იმის შესახებ, რომ ფონდის ხელმძღვანელობა ჩარეული იყო დანაშაულებრივ საქმიანობაში, ფინანსური პოლიციის დახმარებით, უკვე გამყარდა მტკიცებულებებით“.

წარედგინება თუ არა, სერგეენკოს ნდობით აღჭურვილ პირებს: ზაზა სოფრომაძესა და სოციალური მომსახურების საგენტოს მოვალეობის შემსრულებეს, თამაზ მოდებაძეს მინიმუმ იგივე ბრალდება?

ამ და სხვა დეტალების გადამოწმება, Presa.ge-მ ჯერ ზაზა სოფრომაძესთან სცადა, რომელმაც „ატკატებისა“ და სოციალური მომსახურების სააგენტოს მაღალჩინოსნების მხრიდან სამედიცინო დაწესებულებებისათვის ქრთამის მოთხოვნის ფაქტები კატეგორიულად უარყო.

პრესა.ჯი: ბატონო ზაზა, საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში სახელმწიფოსა და სამედიცინო დაწესებულებას შორის შუამავლის როლს სადაზღვევო კოპანიები ასრულებდნენ, რომელიც ერთი მხრივ, ბიუჯეტიდან იღებდნენ თანხებს და მეორე მხრივ, სამედიცინო დაწესებულებებს მომსახურების შესაბამისად ურიცხავდნენ. რატომ მოიშალა ეს სისტემა?  

ზაზა სოფრომაძე: სავსებით სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რადგანაც ეს იყო სახელმწიფო რესურსები და არანაირი შუამავალი რგოლის საჭიროება, ჩემი აზრით, არ არსებობდა.

- ახლა რომელი სამსახური ასრულებს მსგავს სამუშაოს?

- სოციალური მომსახურების სააგენტოს მეშვეობით ხდება  შესაბამისი მომსახურების ანაზრაურება კლინიკებისთვის.

- ბატონო ზაზა, გვაქვს ინფორმაცია, რომ სამედიცინო დაწესებულებები ჩინოვნიკებს „ატკატებს“ აძლევენ და ის თანხა, რომლებიც სადაზღვევოებს რჩებოდათ მოგების სახით, ახლა ქრთამის სახით ნაწილდება...

- არ მაქვს დღესდღეობით ამ საკითხთან შეხება  და თუ სადმე, რაიმე მსგავსი ფაქტი არსებობს, ამისთვის სამართლადამცავებმა უნდა მიიღონ უმკაცრესი ზომები.

- თქვენ რატომ იყავით დაკავებული 2006 წელს?

- ეს იმდროინდელი ხელმძღვანელების გმირების გამო მოხდა. თუმცა, მე ის იშვიათი გამონაკლისი ვარ, ვისთანაც ვერ მიაღწიეს ვერანაირ აღიარებას, დანაშაულის მხრივ  და ბოლოს, იძულებულები გახდნენ ჩემთვის თავი დაენებებინათ“.

სოფრომაძის გარდა, ასახელებენ ჯანდაცვის სამინისტროს კიდევ ორ ყოფილ და მოქმედ მაღალჩინოსანს, გია თვალავაძეს, რომელიც სერგენკოს გარემოცვის წევრად ითვლებოდა და სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსად მუშაობდა და თამაზ მოდებაძეს, რომელიც სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსის მოვალეობას ასრულებს.

თვალავაძე, ცოტა ხნის წინ, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დააკავეს. მისი დაკავების შემდეგ კი, ბევრი სამედიცინო კლინიკის მფლობელი ნერვიულობდა.

რაც შეეხება თამაზ მოდებაძეს, შეიძლება ითქვას რომ ჩინოვნიკი პრესა.ჯის საგულდაგულოდ ემალებოდა. ამიტომ, ჩვენ, მოდებაძის (რომელსაც დღემდე ვერ გაურკვევია სად მოხვდა),  პოზიციის დაფიქსირება პრესსამსახურის მეშვეობით ვთხოვეთ.

ბევრი ფიქრისა და მრავალსაათიანი ლოდინის შემდეგ, მან ასეთი ტექსტი მოგვაწოდა: „მსგავს ფაქტს სოციალური მომსახურების სააგენტოში ადგილი არ ჰქონია და ვერც ექნება, რადგან ადმინისტრირების პროცესი არის ღია და გამჭვირვალე.

იმ შემთხვევაში, თუ ასეთი ფაქტი ოდესმე დაფიქსირდება, უწყება აუცილებლად ითანამშრომლებს ყველა შესაბამის სამსახურთან, უკანონო ქმედების აღსაკვეთად, - ასეთია მოდებაძის პასუხი „ატკატების“ საქმეზე.

„მაღალჩინოსნები წურბელებივით აზიან არსებულ სისტემას და იპარავენ საბიუჯეტო თანხებს - „ატკატების“ ხარჯზე“

ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში, დავით ნებიერიძე Presa.ge-სთან საუბრისას იმ მახინჯი სისტემის ნეგატიურ შედეგებსა და კორუფციულ შემადგენელზე საუბრობს, რომელიც სერგეენკომ ჯანდაცვაში დანერგა.

პრესა.ჯი: ბატონო დავით, რა მდგომარეობაა დღეს ჯანდასვის სისტემაში, კორუფციული თავლსაზრისით?

დავით ნებიერიძე: ჯანდაცვის მოქმედი საყოველთაო დაზღვევის სისტემა მიზანმიმართულად არის მორგებული კორუფციულ სისტემაზე და ადმინისტრირების თვალსაზრისით უკიდურესად ირაციონალურია, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა კორუფციული სქემა.

შესაბამისად, კატასტროფული მასშტაბები მიიღო ბიუჯეტიდან თანხების გადაქაჩვამ ჯანდაცვის სფეროში, მაგრამ ჯანდაცვის დონე არამც და არამც არ იზრდება, რაც ცალსახად ნიშნავს იმას, რომ საბიუჯეტო თანხების ლომის წილი მიმართულია კორუმპირებული ჩინოვნიკების ჯიბეებისკენ და არა ჯანდაცვის სერვისების ამაღლებაზე.

- რამდენად გამართლებული იყო საყოველთაო ჯანდაცვის სისტემიდან სადაზღვევო კომპანიების „ამოვარდნა“?

- ჯობია ვისაუბროთ იმ ფუნდამენტურ პრინციპზე, რომელსაც უნდა ეფუძნებოდეს ოპტიმალური სადაზღვევო სისტემა, რომელიც პირველ რიგში, ორიენტირებული იქნება სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე...

სახელმწიფო, მოქალაქეთა სადაზღვევო შენატანებს უნდა უხდიდეს სადაზღვევო კომპანიებს და თავად არ უნდა ასრულებდეს სადაზღვევო ფუნქციებს.

ეს სადაზღვევო შენატანები უნდა განისაზღვრებოდეს მოქალაქეთა სოციალური ცენზის, სტატუსის, შემოსავლების შესაბამისად. ხოლო, მოქალაქეები, რომელთა შემოსავლები აღემატება გარკვეულ დადგენილ ზღვარს, საერთოდ არ უნდა მონაწილეობდნენ ამ სისტემაში.

რატომ არის აუცილებელი სადაზღვევო კომპანიების მონაწილეობა ამ სისტემაში?

სახელმწიფო მიზნობრიობის პრინციპის დაცვით, სადაზღვევო თანხას უნდა უხდიდეს მოქალაქეს. ადამიანს უნდა ჰქონდეს თავისუფლება, თავად აირჩიოს სადაზღვევო კომპანია, სადაც მიიღებს მისთვის ოპტიმალურ, საუკეთესო სადაზღვევო პაკეტს იმ თანხის შესაბამისად, რასაც ის უხდის კომპანიას.

ეს მოდელი არის უნივერსალური, რომელშიც დაცულია მთავარი - კონკურენციის პრინციპი. ეს მოდელი წარმოშობს კონკურენციას, სადაზღვევო კომპანიებს შორის და სახელმწიფოს ჩარევის გარეშე მომხმარებელი იღებს სულ უფრო და უფრო კარგ პაკეტს.

გარდა ამისა, სისტემის თითოეულ ბენეფიციარს უნდა მიეცეს უფლება, თავისი შესაძლებლობებისა და სურვილის მიხედვით, თავად დაამატოს საკუთარი თანხა სახელმწიფოს მიერ მისთვის გამოყოფილ ყოველთვიურ სადაზღვევო თანხას და შეიძინოს უკეთესი პაკეტი.

ეს პრინციპი გამორიცხავს იმ მახინჯ პრაქტიკას, როდესაც კერძო დაზღვევის შემთხვევაში, მოქალაქე კარგავს სახელმწიფო დაზღვევით სარგებლობის უფლებას და მორგებული იქნება ნებისმიერი შემოსავლის მქონე ადამიანზე, რაც თავის მხრივ, წაახალისებს სადაზღვევო კულტურის დახვეწას და ჯანდაცვის ხარისხზე მოთხოვნილებას.

გარდა ამისა, ამ სისტემით სახელმწიფოს მოეხსნება ადმინისტრირების ვალდებულება, რაც მაქსიმალურად შეამცირებს და მოსპობს კორუფციულ შემადგენელს.

სადაზღვევო კომპანიები თავად ალაგმავენ სამედიცინო დაწესებულებების მადას მუქთა ფულთან დაკავშირებით, რამეთუ ოპტიმალური ხარჯვა მათი ფინანსური წარმატების საწინდარი იქნება.

უტრირებულად რომ ვთქვათ, ვერც ერთი საავადმყოფო ვეღარ ამოჰკვეთს ბენეფიციარს ბრმანაწლავს გლანდებთან ერთად, მაშინ როდესაც პაციენტს არ აწუხებს ბრმანაწლავი და ამას გააკონტროლებს სადაზღვევო კომპანია სახელმწიფოს ნაცვლად.

ვერავინ დაუნიშნავს პაციენტს წამალს, რომელიც მას არ სჭირდება. იმიტომ, რომ პროცესს გააკონტროლებენ თავად სადაზღვევო კომპანიები, რათა არ გაკოტრდნენ.

დღეს კი, სამედიცინო სისტემა, ფაქტობრივად, აკოტრებს სახელმწიფოს ზუსტად ამ დამცავი მექანიზმების არ არსებობის გამო და ტოტალური კორუფციის შედეგად.

დღეს, ჯანდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები წურბელებივით აზიან არსებულ სისტემას და მარტივად იპარავენ საბიუჯეტო თანხებს „ატკატების“ ხარჯზე. ამის შესაძლებლობას კი იძლევა მოქმედი კორუფციული სქემა, რომელზეც არის აგებული  საყოველთაო უფასო სადაზღვევო სისტემა.

P.S: პრესა.ჯი რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდა მინისტრ დავით სერგეენკოსთან დაკავშირებას ჯანდაცვაში არსებულ პრობლემებსა და იმ კორუფციულ ფაქტებზე გასაუბრების მიზნით, რომლის შესახებაც ექსპერტები და სამედიცინო დაწესებულებების მენეჯერები საუბრობენ.

თუმცა, მინისტრი ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. როგორც ჩანს, ივანიშვილის პირად ექიმს, რომელიც ერთ დროს, საჩხერის საავადმყოფოდან სამედიცინო ნარკოტიკების გაფლანგვის გამო კინაღამ დაიჭირეს, ახალი სქემები აქვს შესადგენი.


×