• თბილისი
  • 7°C
  • 24 მარტი, 2019
article

მოსამართლემ, რომელიც ერთ ბინას ფლობდა, 2013 წლის შემდეგ 3 მილიონამდე ღირებულების ქონება დააგროვა

მილიონობით ქონება და სიღარიბიდან ამოსული თემიდა... 

მოსამართლე, რომელიც 2004 წელს ერთ ბინას ფლობდა და ისიც ქალაქ ვალეში, 2013 წლის შემდეგ დეკლარარიბეული მილიონერი გახდა. 

მიწის ნაკვეთები დედაქალაქსა და რეგიონებში და დიდი კერძო სახლი თბილისის მილიონერთა უბანში - როგოც ჩანს, სასამართლოში, თუ დაკვეთას კარგად ასრულებ, ოცნებები ხდება - უსამართლობის ხარჯზე.

კიდევ ერთი მილიონერი მოსამართლეთა კორპუსიდან

გურჯაანის სასამართლოს თავმჯდომარე, დავით ნარიმანიშვილი საზოგადოებისათვის ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც გაირკვა რომ მან ენმ-ის რეგიონალურ მდივანს, დავით კირკიტაძეს ჯერ პატიმრობა შეუფარდა, იმავე დღეს კი, მის უძრავ ქონებაზე იპოთეკა მოიხსნა.

დავით ნარიმანიშვილის 2004 წლის დეკლარაციის მიხედვით, ის, შეიძლება ითქვას რომ ღარიბი ჩინოვნიკია.

ამ დროისათვის, მისი ოჯახის საკუთრებაში პრივატიზაციის საფუძველზე მიღებული მხოლოდ ერთი - 170 კვ/მ ბინა ირიცხებოდა ქ ვალეში. 

2004 წელს, ნარიმანიშვილის ოჯახი ფლობდა მიკროავტობუსსა და რუსულ ავტომობილ ვაზ 21.09-ს, რომელიც 2004 წელსვე 2000 ლარად გაყიდა. 

ნარიმანიშვილი ფლობდა მეორე ავტომობილსაც (ფოლცვაგენს) რომელიც ასევე გაასხვისა 2004 წელს - 7000 ლარად. 

თუმცა, 2018 წლის ბოლოს შევსებულ დეკლარაციაში სიტუაცია მნიშვნელოვნად იცვლება. ის უკვე მილიონერია...

მაგალითად: 2018 წლის დეკლარაციის მიხედვით, დავით ნარიმანიშვილის საკუთრებაშია:

1. კერძო საცხოვრებელი სახლი ორთაჭალაში, მილიონერების უბანში - მარჯორი უორდროპის პირველ ჩიხში. ფართი - 325 კვ/მ.

2.  კომერციული ფართი ქ ახალციხეში - 470 კვ/მ.

3. კერძო სახლი ქ ახალციხეში - 142 კვ/მ, 400 კვ/მ მიწის ნაკვეთით. 

4. მიწის ნაკვეთი ახალციხეში - 300 კვ/მ. 

5. მიწის ნაკვეთი ქ თბილისი, ჩოლოყაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე - 582 კვ/მ.

6. მიწის ნაკვეთი თბილისში, დიდი ლილოს დასახლებაში - 4500 კვ/მ. 

ამავე დროს, 2016 წელს, მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა 10 წლის ვადით აიღო სესი 50 000 დოლარის ოდენობით, რომელიც ვადაზე ადრე - 2018 წელს დაფარა. 

აღსანიშნავია რომ მთელი ამ წლების განმავლობაში, მოსამართლე ნარიმანიშვილი ოჯახში თითქმის ერთადერთია, რომელიც დასაქმებულია და ისიც არა ბიზნესში, არამედ, სახელმწიფო სამსახურში, სადაც მილიონებს ვერ იშოვი თუ...

სავარაუდოდ ამიტომ, მოსამართლე ნარიმანიშვილს მრავალმილიონიანი ქონების წარმოშობისა და მათი შეძენის თარიღების დასაბუთებაც კი უჭირს და ქონებრივ დეკლარაციაში სხვადასხვა მონაცემებს წერს... 

კერძოდ, მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა, ერთ შემთხვევაში, კომერციული ფართი 2013 წელს შეიძინა და ის 470 კვ/მ-ია, მეორე შემთხვევაში კი - 525 კვ/მ. 

დღევანდელი საბაზრო ფასებით, დავით ნარიმანიშვილის მთელი ეს ქონება (სახლები, კომერციული ფართი, მიწის ნაკვეთები) 3 მილიონს უახლოვდება.

რა სახის ჯადოქრობით იშოვა გურჯაანის სასამართლოს ერთ დროს ღარიბმა თავმჯდომარემ მილიონები მოსამართლის მანტიის დახმარებით? 

3 მილიონის ქონების შესაძენად, მისი ხელფასი თვეში რომ 5 ათასი იყოს, 600 თვე ანუ 50 წელია საჭირო. 

თუმცა, დავით ნარიმანიშვილმა, 3 მილიონის ოდენობის ქონების დაგროვება სულ რაღაც 6 წელში ანუ 72 თვეში შეძლო - არა ბიზნესით, არამედ, მოსამართლეობით.

როგორ?

×