• თბილისი
  • 17°C
  • 21 ნოემბერი, 2018
article

"კლასი" - ახალი ონლაინ ექსპერიმენტი, სადაც ტაბუირებულ თემებზე საუბრობენ

“კლასი ახალი ონლაინ ექსპერიმენტია. ეს არის პროზაული სერიალი სკოლის მოსწავლეების შესახებ. პროექტი ცდილობს აღწეროს “ბავშვების” რეალური ყოველდღიურობა, მათი პიროვნებად ჩამოყალიბების ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპის განმავლობაში.”- ასეთი აღწერა აქვს პროექტს, რომელიც ქართულ ინტერნეტ სივრცეში ერთი თვეა რაც გამოჩნდა და უკვე ბევრი ადამიანის მოწონება დაიმსახურა.

„კლასი“, ეს არის პროექტი, სადაც მოსწავლეების ენით, მათი დამახასიათებელი ლექსიკითაა გადმოცემული თანამედროვე სკოლის, მოზარდების და ზოგადად საზოგადოების პრობლემები.

ფიზიკური და ფსიქოლოგიური ბულინგი, განსხვავებული ეკონომიკური მდგომარეობა, კონფლიქტი მშობლებთან და მასწავლებლებთან, სექსუალური ძალადობა, პრობლემები, რომლებიც მოზარდების ცხოვრებას ახლავს თან - ეს ის თემებია, რომელზეც გამოგონილი პერსონაჟები გვიყვებიან.

პროექტის ავტორები საკუთარი ვინაობის იდენტიფიცირებას არ ახდენენ, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მათთვის ძალიან ბევრ ადამიანამდე მიეტანათ საკუთარი სათქმელი.

ხშირია გამოხმაურება სოციალურ ქსელშიც, „კლასის“ ისტორიების წაკითხვის შემდეგ ადამიანები საკუთარი სკოლის პერიოდსა და მასთან დაკავშირებულ პრობლემებს იხსენებენ.

თხრობა ორი პერსონაჟის თორნიკე ბერიძისა და გუგა ბუკიას ურთიერთობით იწყება, როგორ „აჩმორებენ“ კლასელები გუგას, როგორ არ იცავს მას ვითომ „საუკეთესო მეგობარი“ და რა მოჰყვება ამას.

ნაწერი საკმაოდ მძიმეა, ხშირად გამოყენებულია უცენზურო ლექსიკაც, თუმცა, ასეთი სტილი მკითხველს უფრო უადვილებს დაინახოს ბავშვების რეალური ყოფა. 

„კლასი“ არ არის მხოლოდ სკოლის ცხოვრებაზე. ბავშვების თვალით დანახული მათი მშობლები, მასწავლებლები და გარშემომყოფები ქართული საზოგადოების რეალურ სურათს წარმოგვიდგენს.

მასწავლებლები, რომლებიც ჩაგვრაზე თვალს ხუჭავენ, იმიტომ რომ, „საკუთარ სადამრიგებლოში პრობლემები არ სჭირდებათ“, მშობლები, რომლებიც საკუთარ გავლენასა და თანამდებობას იყენებენ შვილების განსაცდელიდან „დასაძვრენად“, უყურადღებობა, ჭორი, ქუჩური გარჩევები, „კლასში“ ყველა თემაა განხილული.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროექტის ავტორები ისეთ სენსიტიურ თემებსაც უთმობენ ყურადღებას, როგორიც მაგალითად არასრულწლოვანი გოგონების იძულებით გათხოვებაა.
 
"წუხელ გავიგონეთ, თურმე სკოლასთან მოუტაცია ბიძაჩემს. მანქანაში ჩასვეს და წამოიყვანა, ცოლად უნდა მოიყვანოს. ალბათ, შეყვარებულები არიან. კიდევ ქორწილის ამბებზე ლაპარაკობდნენ, ვინ უნდა დაპატიჟონ და ვინ არა. მერე ანიმ ტირილი დაიწყო და ყველა გაჩუმდა. დედაჩემი მივიდა და შეეკითხა: “ანი, შენ გინდა დარჩენა?” მე ვერ გავიგე, სად უნდა დარჩენილიყო. ანი ტიროდა და ტიროდა. მერე დედამ უთხრა: თქვი, თუ არ გინდა და შენს მშობლებს გაჰყევი სახლშიო. ანიმ თქვა, არ მინდა სახლშიო. ანუ რჩებიო? კიო, დააქნია თავი და მაინც გააგრძელა ტირილი".

მოტაცებული ქალის სტიგმა, ოჯახში დაბრუნებაზე უარის თქმა იმის შიშით, რომ ხალხი შენს პატიოსნებაში დაეჭვდება - ეს ყველაფერი 13 წლის მოსწავლე გოგონას თვალით დანახული, საკმაოდ მძაფრი და საინტერესოა.

წინაა წამოწეული ბევრი ყოფითი პრობლემა, ერთი კლასელი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს, მეორეს მშობლები ძვირფას საჩუქრებს ჩუქნიან:

ძაან ნაწყენი ვარ ჩემს მშობლებზე. ფეისბუქზეც დავწერე, დავუჰაიდე ჩემებს, მაგრამ დედაჩემის დაქალს უნახავს და მიუტანა ენა დედაჩემს, ის გაბრაზდა ძალიან და მეჩხუბა, ჩვენ შენი გახარება გვინდოდა და შენ კიდევ რა უმადური შვილი ხარო. ვერ გავიგე მე მინდოდა თეთრი აიფონი და ამათმა მაჩუქეს შავი!“

წონის პრობლემები, კომპლექსები, პირველი სექსუალური გამოცდილება, პირველი მარცხი და დაძაბულობა ურთიერთობაში-საკითხები, რომლებიც 13 წლის მოზარდებს აწუხებთ, რადგან სწორედ 13 წელია ის ასაკი, როცა ადამიანების საკუთარი თავის, ადგილის ძიებას იწყებენ, აცნობიერებენ იმ გარემოს პრობლემებს, რომელშიც ცხოვრობენ და ყველაფრისადმი საოცარი პროტესტი აქვთ. სწორედ ეს პროტესტია გადმოცემული პროექტში „კლასი“.

კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც „კლასი“ ასე საინტერესო და ჩამთრევია არის ის, რომ თითოეული ისტორია, რომელსაც „ბავშვები“ ყვებიან, ნამდვილია, შეიძლება მხატვრული ენით შელამაზებული, მაგრამ ნამდვილი, ისტორიები, რომლებიც ყველა ჩვენგანს გადახდენია სკოლაში და ბევრს შეიძლება მათი გახსენებაც არ სურს.

ვფიქრობ, ეს პროექტი ძალიან კარგი ნაბიჯია საზოგადოების გახსნილობისაკენ და ასე ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენც ვისწავლით ტაბუდადებულ თემებზე ხმამაღლა ლაპარაკს.

პროექტს შეგიძლიათ გაეცნოთ ლინკზე.


თეგები :