• თბილისი
  • 7°C
  • 15 დეკემბერი, 2018
article

თბილისი კიდევ ერთი კოლორიტის - „პლეხანოველი მარინას“ გარეშე დარჩა

„ვერის აღმართით ამოასვენეს ბიჭებმა უზარმაზარ ხის საკაცეზე დასვენებული და ყვავილებში ჩაფლული მარგოს სასახლე. კუბო რვა კაცს მოჰქონდა, რვა ეცვლებოდა. კუბოს წინ მანქანა მოუძღოდა, ისიც ყვავილებით იყო გაწყობილი. ისე გაწყობილი, რომ მანქანა არ ჩანდა და გეგონებოდათ, უზარმაზარ ვარდების გვირგვინს ფეხი აუდგამს და თავისით მოდის ვერის სასაფლაოზეო.

მელიქიშვილის ქუჩაზე მოძრაობა გაჩერდა. იდგნენ ტრამვაები, ავტობუსები და მანქანები. პეტრიაშვილის ასახვევთან ბიჭებმა კუბო შეაჩერეს და ხუთი წუთი იდგნენ. უცებ ერთმა მანქანამ მისცა საყვირი, მერე მეორემ, მესამემ და მთელი უბანი მანქანების გულისწამღებმა გაბმულმა გუგუნმა აავსო.
....

ბიჭი მეორე მანქანისკენ წავიდა, რომელიც აგრეთვე საყვირს არ იძლეოდა. ერთ წუთში ის მანქანაც აბღავლდა.

- რა მოხდა, ჟანა დარკია? - იკითხა მეორე მძღოლმა, ბიჭი რომ მოსცილდა.

- გიჟ-მარგოს მარხავენ ვერელი ბიჭები, - უპასუხა პროცესიის მონაწილემ და კუბოს გაჰყვა.

- გიჟს და ეგრე მარხავენ?

- ეგრე მარხავენ!

- ეგრე ვმარხავთ! - უთხრა მის გვერდით მდგომმა ვერელმა მძღოლმა.

- საღოლ, ბიჭებო, ასეთ უბანში კი ღირს სიკვდილი! - აღტაცებით წამოიძახა მძღოლმა და რაც ძალა და ღონე ჰქონდა, საყვირს დააწვა.“ - ნოდარ დუმბაძე, „მარადისობის კანონი“.

ამაზე ლამაზი თუ არა, ამის მიმსგავსებული, ასე ხალხმრავალი და ასეთი საყოველთაო იქნება, ალბათ, პლეხანოველი მარინას დაკრძალვაც. ჩვენთან ხომ გარდაცვლილს მუდამ გამოუჩნდება დამტირებელი, დამფასებელი და უკანასკნელი პატივის მიმგები. თბილისს ნამდვილი კოლორიტი, წლების განმავლობაში თბილისელების რჩეული, თბილისზე და თბილისელებზე შეყვარებული მარინა გელაშვილი, იგივე პლეხანოველი მარინა აღარ ჰყავს...

ბოლო დროს დადიანისა და ლერმონტოვის ქუჩების გადაკვეთაზე იჯდა და გამვლელებსა და მძღოლებს მოწყალებას სთხოვდა. ზოგი იცნობდა და იმიტომ აძლევდა ფულს, ზოგს მის შესახებ ბევრი სმენოდა და იმიტომ იღებდა წყალობას, ზოგი კი რიგით, შემთხვევით მათხოვრად თვლიდა და ამიტომ უმართავდა ხელს.

ბოლო პერიოდში ძალიან დაბეჩავდა და მოტყდა. ძველებური მანერები, ბილწსიტყვაობა, მაღალი, ყურადღების მიმქცევი ტემბრი კი ისევ შემორჩენილი ჰქონდა. საოცარი ქალი იყო - ვერაფრით იტყოდი, რომ ბილწსიტყვაობა არ უხდებოდა. მეტიც - მის მიერ წარმოთქმული, ბილწსიტყვაობით გაჯერებული წინადადებების მოსმენისას სულაც არ ხვდებოდა ყურს უხეშად ჟარგონული და უცენზურო სიტყვები...

რახან გიჟი მარგოთი დავიწყეთ, „მარადისობის კანონიდან“ კიდევ ერთი ფრაგმენტი გავიხსენოთ და მერე ვერელ მარგოზე კი არა, პლეხანოველ მარინაზე გავაგრძელოთ საუბარი. მართლაც, რამდენი ჰქონდათ საერთო ნოდარ დუმბაძის ლიტერატურულ პერსონაჟს, ვერელ მარგოსა და ჩვენს თვალწინ მყოფ პლეხანოველ მარინას...

„ღვინომ დააბერა მარგო, ლამაზი თვალები ჩაუქრო, სახე დაუჭმუჭნა და დააძონძროხა, მაგრამ რომ დათვრებოდა და მელიქიშვილზე ხელებგაშლილი ჩამოივლიდა ხოლმე, იმ ჩამქრალ თვალებში ძველებური ეშხი გაუელვებდა ხოლმე, მხოლოდ ერთი წამით და იმ ეშხის დაჭერა მხოლოდ იმათ შეეძლოთ,ვისაც მარგო ახალგაზრდობაში გაგიჟებამდე და გალოთებამდე ენახათ. ვიდრე ხალხი მარგოს ასეთ მდგომარეობას შეეჩვეოდა, ზოგი უხეშად ექცეოდა და ცუდ სიტყვასაც აკადრებდა ხოლმე. სწორედ მაშინ ისწავლა მარგომ ენით აუწერელი უწმაწური გინება. დადგებოდა შუა ქუჩაში და იმ თავის შეურაცხმყოფელს დედ-მამის სულს ამოუტრიალებდა საფლავში. ერთი საოცარი თვისება ჰქონდა მარგოს: ბავშვებს დაინახავდა თუ არა, იმ წუთში შესწყვეტდა გინებას და სახლში მიდიოდა.
ანგელოზის ყურის გასვრის უფლება ღმერთის გარდა, არავის არა აქვსო, ასე ამბობდა.
და კიდევ ერთი, მთელი ამ ხნის განმავლობაში მარგო ქუჩის ქალი და მეძავი არ გამხდარა. ყველა ვერელი, ვინც მარგოს იცნობდა, ხატზე დაიფიცებდა, რომ მარგო ანგელოზივით სუფთა და უმანკო იყო.“ - ნოდარ დუმბაძე, „მარადისობის კანონი“.

ქუჩის ქალი არც პლეხანოველი მარინა გამხდარა, თუმცა, ზოგი ბოზს, ზოგი ლოთს, ზოგიც გიჟს ეძახდა. არ მალავდა, რომ კაცები ჰყოლია, მაგრამ კაცებთან დაკავშირებულ ისტორიებსაც ხალისით იგონებდა:

„თუ კაცი არ მომეწონებოდა და ღამის ერთად გატარებას შემომთავაზებდა. მივყვებოდი, ვეუბნებოდი, უცებ ხომ არ მებრდღვნები, მოდი, ჯერ რესტორანში შევიდეთ-მეთქი. შევიდოდით, კარგად დავნაყრდებოდი, დავლევდი, იმ კაცს ფულსაც ავახევდი და „გადავაგდებდი“, გავეპარებოდი ხოლმე და ვტოვებდი ასე, ...ამოგდებულს“, - სიცილით ამბობდა მარინა, - „მერე, ის კაცი სადმე თუ გადამეყრებოდა და მისაყვედურებდა, ვეუბნებოდი, შენ შიგ ხომ არა გაქვს, ეგ მე არ ვყოფილვარ, ჩემი ტყუპისცალი იყო-მეთქი. რას გამიბედავდა, მთელი თბილისის ბიჭები პატივს მცემდნენ...“

თავის თავს ბოზად არ თვლიდა. ასე ამბობდა, ბოზი ის არის, ვინც საქართველოს ღალატობს, ვისაც ქმარი ჰყავს და სხვა კაცებს დასდევსო...

გასულ წელს მარინას სახელის გამოყენება პოლიტიკურ მოვლენებშიც სცადეს, მაგრამ, როგორც საქმეში ჩახედული პირები ამბობენ, საკუთარ ქალაქში საკუთარი თავის გაშარჟებაზე (ზოგიერთები კანდიდატად უპირებდნენ დასახელებას) სასტიკი უარი განაცხადა - ისევ ისეთ, აპოლიტიკურ მარინად დარჩა, როგორც მთელი თბილისი იცნობდა.

სტადიონზე სიარული უყვარდა, ფეხბურთის ყურება და ქართველი ფეხბურთელების გულშემატკივრობა. კარგად მახსოვს, 80-იან წლებში, როცა სსრკ-ს ჩემპიონატის მატჩები იმართებოდა, დასავლეთ ტრიბუნაზე მოიკალათებდა, გვერდით სამლიტრიანი ქილით ლუდს მოიდგამდა და ირგვლივ მისი შეძახილი ისმოდა: „მიდით, ბიჭებო, მიდით, თქვენ გენაცვალეთ ყვ...ში!“

მაშინდელ კოლმეურნეობის მოედანზე იყო ძალიან ხშირად. ღვინით სავსე ჭიქას ორ თითზე დაიდებდა, ხან მაღლა აწევდა, ხან დაბლა - ისე რომ წვეთი არ იღვრებოდა და საოცარ სადღეგრძელოებს ამბობდა ხოლმე. ჭიქას მკერდზეც იდებდა და იქედან სვამდა. ჩამოვლილი ადამიანების უცნაური ათვალწუნება იცოდა, შორიდანვე არჩევდა მსხვერპლს.

ერთხელ, კოლმეურნეობის მოედანზე, მის ირგვლივ ვიყავით ბიჭები შეკრებილნი და ვუსმენდით. ძველებურად, ჭიქას ატრიალებდა. შემოდგომიდან ზამთარში გადასვლის, არეული ჩაცმულობის დრო იყო. მარიმას ყოველთვის კოხტად და სუფთად ეცვა და იმ დღესაც ჯერ კიდევ საშემოდგომოდ იყო გამოწყობილი, ხალვათად. ჩვენთან საუბარი შეწყვიტა და „პირიმზის“ მხარეს გაიხედა. მაშინვე შევატყვეთ სახეზე, რომ „მსხვერპლი“ იპოვა.

„მსხვერპლის“ სახით „პირიმზის“ მხრიდან გრძელ ლაბადაში ჩაცმული ქალი გამოჩნდა, ღირსეული ნაბიჯებით, ამაყად თავაწეული მოდიოდა და „რა იცოდა, თუ რა ელოდა“... როცა გაგვისწორდა და ჩაგვიარა, მარინამ მზერა გააყოლა და მის გასაგონად, არცთუ ხმადაბლა თქვა: „ჰმ! ზამთარი არ მოიყვანა ამ დედამ....მა?!“

„კარგად ვიცნობდი მარინას... ახლა დაბერდა, თორემ ახალგაზრდობაში მართლა ლამაზი ქალი იყო. მერე ვიღაც კაცმა შეაცდინა და ტყუპი ბიჭებიც ეყოლა მისგან. ამის მერე ფსიქიკა ცოტა შეელახა, თორემ ისე, საღი აზროვნება აქვს, ბევრს „გადაუჯოკრავს“. მერე დაიწყო დალევა და ბოჰემური ცხოვრება.

გამგები და კაი გულის ქალია, საწყალი. ერთი ამბავი მინდა გავიხსენო. ცოლი ახალი მოყვანილი მყავს და მივსეირნობთ კინოში. ამ დროს მარინა „გამეჩითა“. შორიდანვე მომაძახა, „ვა, კობა-ჯან, საღოლ, რა კარგი გოგო დაგითრევია“. კარგად მომისმინე, რასაც გეტყვი, პირველი შვილი ბიჭი გეყოლება და გიორგი დაარქვიო. გავიდა რამდენიმე თვე და მართლა არ ახდა მარინას წინასწარმეტყველება?! ბიჭი მეყოლა და გიორგი დავარქვი.

ახლა მარინა დადიანის ქუჩაზე ზის და მოწყალებას ითხოვს. არ არსებობს, ქალაქელმა კაცმა გაიაროს იქ მანქანით და თუ მართლა ჯიბეში ფული აქვს, მარინას არ უწილადოს. მარინა იმ ფულით ბევრ კარგ საქმეს აკეთებს – უპატრონო ბავშვთა სახლს ეხმარება. მიდის იქ და ბოლო კაპიკამდე ასეთ ბავშვებს აძლევს ფულს. მან რამდენიმე ოჯახი გადაარჩინა შიმშილს. მოკლედ, ჯიგარი ქალაქელი ქალია.“ - კობა ამირხანაშვილი, „თბილისელები“.

„მაშინ სტუდენტი ვიყავი და კამოს 103-ში, ქალაქის მეორე საავადმყოფოს მიმღებში ექთნად ვიყავი გაფორმებული და, ფაქტობრივად, ექიმად ვმუშაობდი.

ჰოდა, ერთ დღეს, შემოვიდა მთვრალი და მუხლებგადატყავებული მარინა. მორიგე ექიმმა, ნოდარ კარაპეტიანმა (შესანიშნავმა ექიმმა და ადამიანმა), იცნობდა რა მარინას, მისი ჩივილები სიმთვრალეს მიაწერა, მიატოვა და თავად ქირურგიაში - მეორე სართულზე ავიდა.

ჩემს გვერდზე მუშაობდა შესანიშნავი გოგონა, ჩემი მეგობარი და რეანიმაციის ექთანი (დღეს უკვე ექიმი ბაქოში) მანანა ბაირამოვა. ჰოდა, იმას ვთხოვე, მაინც გაუზომე წნევა-მეთქი. გაუზომა და 240/180-ზე ჰქონდა. დავაწვინე მარინა თერაპიაში, სადაც რამდენიმე დღე იწვა, მოკეთდა და გაეწერა.

გავიდა ხანი და ცოლთან ერთად კინოთეატრ ”სპარტაკში” შევედი. გამეჩითა მარინა, დამინახა და ხმამაღლა, მთელი კინოს გასაგონად, გურამი ექიმო, შენი ყვე....ის ჭირიმე და ნოდარა კარაპეტიანის დედა მ.....ნო, იკივლა. მართალი გითხრა, თან შემრცხვა, თან მესიამოვნა! მას მერე, რაც სოლოლაკზე დასახლდა და ”დაჯდა”, დღეში რამდენჯერმე (სახლიდან ისე ვერსად გავიდოდი, მარინასთვის რომ არ ჩამევლო) მაგინებდა, ფული მომეცი, შე ჩათლახო, შენაო. გაბრაზებული რომ ვუსაყვედურებდი, რატომ მაგინებ, დღეში რამდენჯერ უნდა მოგაშავო ფული-მეთქი, მეუბნებოდა, ნუ გწყინს, გურამჯან, მე ყველას ვაგინებ, ფულს ვინც არ მაძლევსო და შენ დილით მომეცი აბაზი, მერე საღამოსაც მომეცი აბაზი და რაც მაგ შუალედში შეგაგინებ, ყველას გაგიუქმებო! :-)“ - გურამ შამანიდი, ექიმი.

მარინა გელაშვილს ბოლოს ვრცელი ინტერვიუ თსუ ჟურნალისტიკის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტმა, ეკა მაზიაშვილმა ჩამოართვა. აი, პლეხანოველი მარინას ციტატები ამ ინტერვიუდან:

- დადიანის ქუჩაზე რამდენია ხანია, ზიხართ?

- 17 წელზე მეტი. ფული არ მქონდა და დავჯექი, აქ ჯდომა და მათხოვრობა არ სჯობს? მე ყველა მიყვარს, მთავრობაც და ხალხიც, ხალხი მაჭმევს, ხალხი რომ არა, მშიერი მოვკვდებოდი. ისე მტკივა ფეხები მთელი ღამე არ მძინავს. ქურდობა მე არ შემიძლია და ბოზობა ვიღას ვუნდივარ (იცინის) და თან, აღარც შემიძლია... მიაწვდინეთ ხმა უგულავას, ფეხზე წამომაყენოს, მომცეს ერთი-ორი კაპიკი, რომ ანალიზები გავიკეთო და ვიმკურნალო (ტირის) ... ცირკთან დგომას მართლა ჯობია მათხოვრობა...“

„ერთი შვილი მყავდა, ლიანა დავარქვი, 2 წლის ასაკში ბაღიდან მომპარეს, ჩემ გოგოსთან ერთად კიდევ ერთი ბიჭი მოიპარეს, იმის მერე ვეძებდი და ვერ ვიპოვე. ადრე ერთმა ქალმა მითხრა, მაჩუქეო, მე ვუთხარი, როგორ უნდა გაჩუქო ჩემი შვილი მეთქი... მანამდე კი ჩემი ქმარი გარდაიცვალა, სურამის „პერევალზე“ გადაიჩეხა. კაი ქმარი მყავდა. ამის შემდეგ გავუბედურდი, ტანჯული ცხოვრება მქონდა, შვილო, ბევრი დარდი ვნახე, ახლა ვეუბნები გოგოებს: ნუ აყვებით ამ უბედურ ცხოვრებას, ბევრი ახალგაზრდისთვის ჭიქა წამირთმევია, არ გინდათ, დაგღუპავთ მეთქი. ახლა კიდე, რა დღეში არიან...“

ლამაზი გოგო ვიყავი. კაი გრძელი კაბა, კაი ფრანცუსკები მიყვარდა და მეცვა კიდეც. ქუჩაში ყველა მე მიყურებდა, ქალებიც კი მომაჩერდებოდნენ ხოლმე. პურის „ოჩერედი“ რომ იყო, კაცებს გავყრიდი ხოლმე და მოხუც ქალებს ვუშვებდი, აიღეთ პური მეთქი. „შვილო, კაი გოგო ხარო“, მეფერებოდნენ გახარებულები.“

- მარინას გაგებით, ვინ არის ბოზი?

- ბოზი ისაა, ვინც საქართველოს ტოვებს და მიდის, რატომ უნდა უღალატოს ქალმა საქართველოს, რატომ უნდა წავიდეს ქართველი ქალი შავ კაცებთან, ფუ, შავი კაცები, ერთხელ მეც გამოვიჭირე ერთი უცხოელი, მაგრად ვიქეიფე, დოლარებიც ავახიე და წამოვედი... ერთი ჩემებურად ვეღარ უნდა გავიარო ფეხზე? ნეტა გამატარა და მერე, თუ გინდა მოვკვდე...“

- ჩვენი ქალაქის კოლორიტად თუ თვლით თავს?

- კი, აბა, შენი აზრით, არ ვარ?! მაგრამ ვინ რას მიკეთებს?... 

- რომელიმე კოლორიტს თუ იცნობდით?

- ჯიგარო ოთარა, ნიაზ დიასამიძე, ოთარა მომღერალი (ოთარ რამიშვილი) _ რესტორანში რომ შევიდოდით, ნიაზას ძაღლს თათში ჩანგალს დავაჭერინებდით, თუ ვინმე რამეს გვეტყოდა, ძაღლი უყეფდა...“

- არის თუ არა იმ კაცებიდან დღეს რომელიმე ცოცხალი და თუ გეხმარებიან?

- ზოგი დაჭერილია, ზოგი მკვდარია, ვინღა არის? ვინც არის და ახლა თვითონ მთხოვენ 20-30 თეთრს დასალევად, ჩემსავით მათხოვრებს რომ ვაძლევ ფულს, მერე უფრო მეტს ვშოულობ... მე ხალხი მაჭმევს, მე ხალხს ვაჭმევ, ხალხი მიყვარს, ხალხს მე ვუყვარვარ."ნეტა ობშეჟიტია იყოს, ყველას მოვეფერებოდი, ყველას ჩავეხუტებოდი"

„ - ადრე დავდიოდი არჩევნებზე, აქანა თუ მომიტანენ პოლისს, ორიოდე კაპიკს მომცემენ და ფეხზე დამაყენებენ მე იმათ გვერდში ვიდგები. არჩევნები მაშინ უხარია ხალხს, როცა სიმშვიდე და სიწყნარეა. აი ის დრო ჯობდა, პურ-მარილი რომ იყო გაშლილი რუსთაველზე, ცოლ-ქმარი „პოდრუჩკით“ რომ მოდიოდა კაი შეყვარებულებივით, მეც ვშლიდი სუფრას, რუსთაველის მეტროსთან ვქეიფობდი სულ, მილიციონერი მოდიოდა: რა გინდა, რას ვაშავებ, უნდა ვიქეიფო-მეთქი, ვეუბნებოდი...

- რას იტყვით, ახლანდელ მერი, გიგი უგულავა, როგორი მერია?

- ამბობენ კაი კაციაო, იმას ვენაცვალე. იქნებ შემახვედროს ვინმემ, ჩემი გულის ტკივილს გავანდობდი, ჩევეხუტებოდი... მინდა ავიდე მასთან მერიაში, განცხადება დავწერო, მაგრამ მე იმკიბეებზე ვერ ავალ, ლიფტი არ არისო, მითხრეს. ნეტა აქანე გამოიაროს, გენაცვალოს მარინა ბაბო ჩვენს გუგულს გაუმარჯოს, ჩვენს უგულავას, ასი ჩემი ხნისა მოიყარე-თქო, ვეტყვი.. გადაეცით, დავაყენოთ მარინა ფეხზე, ანალიზრბის ფული არ მაქვს, ჩამტვრეული მაქვს ერთი მუხლი, ვეღარ დავდივარ..(ტირის)“

"ახლა, 25 მაისს 75 წლის ვხდები. ფრანგული "დუხი" მიყვარს ძალიან და გაზეთში რომ დამწერთ, გამააცხადეთ, საჩუქრად ფრანგული დუხი უნდა მარინას და კიდევ, უგულავა მოვიდეს, ან თქვენ უთხარით - ცოტა ფული მინდა და პოლისი, იქნებ ექიმებმა მამხედონ და ფეხზე დამაყენონ..“ - ეკა მაზიაშვილი, „პრესკავკასია.ჯი“.

პლეხანოველ მარინას უკანასკნელი სურვილი არ აუსრულდა: ვერც ფეხზე დადგა და ვერც მერს შეხვდა. თბილისი კიდევ ერთ კოლორიტს აცილებს უკანასკნელ გზაზე...

თეგები :