• თბილისი
  • 17°C
  • 21 ნოემბერი, 2018
article

მუცო – მეორე მაჩუ-პიკჩუ დედამიწაზე

წლების წინ, საქართველოში ტურისტად მყოფი ავსტრიელი მეგობარი პირიქითა ხევსურეთს ესტუმრა. იმ დროისთვის, მე ხევსურეთი არ მქონდა მონახულებული და საქართველოს ამ საოცარი კუთხის შესახებ შთაბეჭდილებები, პირველად უცხოელი სტუმრისაგან მოვისმინე. ავსტრიელი მიყვებოდა საოცარი სამყაროს შესახებ, რომელიც მან საქართველოს მთებში იხილა, მარწმუნებდა, რომ ასეთი ზღაპრული არასოდეს არაფერი უხილავს, არც ევროპასა და არც აზია-აფრიკაში, სადაც ის, როგორც თავგადასავლების და ეგზოტიკურის უდიდესი მოყვარული, ხშირად მოგზაურობდა.

"ეს არის ირეალური, არამიწიერი სამყარო, სადაც ადამიანი თავს დედამიწაზე ვერ აღიქვამს, იქ ყველაფერი რაღაც ზეციური, განუმეორებელი და გასხვავებულია" – მარწმუნებდა ის. თუმცა, როგორც პრაგმატი ევროპელების უმრავლესობა, მხოლოდ შთაბეჭდილებების გაზიარებით არ შემოიფარგლა და იქვე აღნიშნა, რომ საქართველოს ამ კუთხეს განსაკუთრებული ტურისტული პოტენციალი აქვს, რომელსაც ქვეყანა, თუ სწორად გამოიყენებს, დიდი ფინანსური მოგების მოტანა შეუძლია.

ჩემდა სამარცხვინოდ, მაშინ ტურისტის ეს მოსაზრება გადაჭარბებად მივიჩნიე და უცხოელის მიერ უბრალო ზრდილობის გამოვლინებად ჩავთვალე. ასევე ეჭვი შევიტანე მოსაზრებაში, რომ ხევსურეთის არაჩვეულებრივი ისტორიული ძეგლი – მუცო არაფრით ჩამოუვარდებოდა ჩემთვის საოცნებო ადგილს, პერუში მდებარე ინკების უძველეს ქალაქს, საიდუმლოებით მოცულ მაჩუ პიკჩუს, რომელსაც ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი სტუმრობს. უცხოელი მარწმუნებდა, რომ ხარისხიანი რეკლამა, პიარი, რომელიც მსოფლიოს ჩვენი კულტურის ძეგლს გააცნობს, პროფესიონალური ფოტოები, და არა მოლაშქრეების მიერ შემთხვევით გაბნეული კადრები ინტერნეტში, საკმარისი იქნებოდა საამისოდ.

ხევსურეთი და, შესაბამისად, დიდებული მუცო პირველად წელს ვიხილე და ჩემი სტუმრის მაშინდელი მოსაზრებებიც გამახსენდა. რამდენიმე თვის წინ კი ერთ-ერთ ქართულ ჟურნალში წავიკითხე მშვენიერი სტატია იმის შესახებ, რომ საქართველოს ხელისუფლება, რომელმაც პრიორიტეტად დაისახა ქართული ეკონომიკის აყვავება ტურიზმის საშუალებით, ტურისტული ძეგლების და ადგილების რესტავრაციის თუ გარეკლამებისას და შერჩევისას არასწორ გზას ადგას.

გამახსენდა ისიც, რომ გასულ ზაფხულს, სიღნაღში გასეირნებისას ადგილობრივი მაღაზიის გამყიდველი ქალბატონი ძალიან განიცდიდა უკანასკნელ ხანს ტურისტების რაოდენობის შემცირებას მათ კოპწია ქალაქში. თუმცა, დასაწყისიდანვე ჩანდა, რომ რაღაც პერიოდის გასვლის შემდეგ ლოგიკურად ეს ასეც იქნებოდა. მშვენიერი ქალაქია სიღნაღი, მაგრამ როგორ უნდა მოეზიდა ამ პატარა ქალაქს ევროპელი თუ აზიელი ტურისტები და რით გაეოცებინა ორიგინალურობის და განსხვავებულობის მოყვარული ტურისტები ერთ ჩვეულებრივ, აზიურ-ევროპული მიქსის, მაგრამ მცირე მასშტაბის არქიტექტურით გაფორმებულ ევროპული სოფლის სტილის დასახლებას, რომლის მსგავსიც დედამიწის ორივე ნაწილში უამრავია? ასევე ხშირად, შეიძლება შეგვხვდეს ინტერნეტში ტურისტების შთაბეჭდილებები, რომლებიც აღნიშნავენ, რომ ბათუმში მოგზაურობისას მხოლოდ ბოტანიკური ბაღი მოეწონათ და ქალაქით დიდად არ აღფრთოვანებულან, რომ თურქეთის ზღვისპირა ქალაქები ურჩევნიათ და ასე შემდეგ.

ნებისმიერ მოგზაურს, რომელიც ინტერესდება ყველაფრით, რომელიც დაკავშირებულია წარსულის ლეგენდარულ ძეგლებთან, აუცილებლად დააინტერესებს ყველასაგან გასხვავებული და გამორჩეული ადგილი, ასეთები კი საქართველოში, ვინც საქართველოს კარგად იცნობს და მოგზაურობაც უყვარს, იცის რომ, პირველ რიგში, სწორედ ხევსურეთი და ასევე, თუშეთია. შატილი, მუცო, ან თუნდაც ანატორი, ეს იდუმალების ბურუსით მოცული სოფელი-აკლდამა, სრულიად საკმარისი იქნებოდა, აქ დიდი რაოდენობით ტურისტების მოსაზიდად და შემდგომში მათი აქტივობის შესანარჩუნებლად.   

გადავხედოთ, როგორ რეკლამდება ინკების უძველესი ცივილიზაციის მითიური ქალაქი – მაჩუ-პიკჩუ, რომელიც ცნობილია "დაკარგული ქალაქის" სახელწოდებით. გასაკვირი არ არის, რომ მაჩუ-პიკჩუს საიდუმლოებით მოცული ნანგრევები ყოველგვარი გასაოცარის მოყვარულთათვის ფრიად მიმზიდველი და საინტერესოა. ყოველი ტურისტული კომპანია, საითი თუ ბუკლეტი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ აქ პრაქტიკულად, ყოველი ქვა ინახავს საიდუმლოების ანაბეჭდს.

დამაინტრიგებელია ის ინფორმაციაც, რომ ქალაქის ნამდვილი სახელიც კი არ არის ცნობილი არავისთვის დღემდე, არქეოლოგებს, რომლებიც საუკენეთა სიღრმეში იხედებიან, სხვა არაფერი დარჩენოდათ, რომ ამ ქალაქისათვის ეწოდებინათ იმ მთის სახელი, რომელიც იქვე ახლოს მდებარეობს. მაჩუ-პიკჩუ ნებისმიერ თავგადასავლების მოყვარულს დააინტერესებს, განსაკუთრებით კი იმათ, ვისთვისაც ახლოა ძველი არქიტექტურა, ჩვენი გამოუცნობი წინაპრების მიერ შექმნილი.

ამ ყველაფერს ერთვის ადგილობრივი პეიზაჟების განსაკუთრებული სილამაზე და მომნუსხველობა, მთა, რომელზეც მდებარეობს "ქალაქი მოჩვენება," ულამაზესი გადასახედით და ქვემოთ კი მდინარე უგუბამა. კაცობრიობა მრავალი საუკუნეა სუფევს, ეს წლები უამრავი ბრწყინვალე ძეგლი აგებულა, უძველესი არქიტექტურის და ხელოვნების ნიმუშები, ზოგი ბუნებრივი კატაკლიზმების შედეგად დანგრეულა და ზოგიც ადამიანური ბარბაროსობის, მაგრამ ინკების ეს ნამოსახლარი მათ შორისაც გამოირჩევა. 

ტურისტებს განსაკუთრებით აინტრიგებთ ინფორმაციაც იმის შესახებ, რომ მაჩუ-პიკჩუში მცხოვრები ხალხი პერუში ევროპელი დამპყრობლების შემოსვლის შემდეგ საიდუმლო ვითარებაში გაუჩინარდა. შეიქმნა ლეგენდა ამ ტერიტორიაზე ე.წ. შავი ხვრელის არსებობის შესახებ, რომელიც პარალელურ სამყაროს უკავშირდება. მსგავსი მითები ადგილობრივ მოსახლეობას არ ჰქონია, სავარაუდოდ, მარკეტინიგის კარგმა მციდნე ევროპელებმა თავად შექმნეს და იდუმალების ბურუსში გახვიეს, რათა ადგილისათვის კიდევ უფრო მეტი ინტიგა მიენიჭებინათ და ტურიზმის მოყვარული დედამიწა დაეინტერესებინათ.

ეს ყველაფერი რომ შევადაროთ ხევსურეთის საოცრებას, მუცოს, დიდად განსხვავებულ სურათს არ მივიღებთ. მუცოც უძველესი და ულამაზესი ნასახლარია არაჩვეულებრივი არქიტექტურით, გარშემო ულამაზესი და ორიგინალური მთის პეიზაჟით და ქვემოთ მჩქეფარე მდინარე არღუნით. მასაც უკავშირდება უამრავი მისტიური ლეგენდა, მათ შორის ისეთი, რომელიც ასევე დააინტერესებს საიდუმლოებების მოყვარულებს. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, გარკვეულ თარიღებში, შუაღამის დადგომისას მუცოდან ქვემოთ მყოფებმა შეიძლება გარდაცვლილი ადამიანების ხმაური გაიგონონ და სხვა მსგავსი ტიპის ლეგენდები. ამას ერთვის ასევე საიდუმლოებით მოცული ხევსურული  წარწერები, (რომელიც შატილშიცაა შემონახული და მეცნიერებმა დღემდე ვერ გაშიფრეს) და აქ მცხოვრები ხევსურების უძველესი წინაპრების იდუმალება. მუცოზე უსასრულოდ შეიძლება წერა, თუმცა ამჯერად ამით შემოვიფარგლოთ.

ქართველებს, იგივე ევროპელებისაგან განსხვავებით, "არაკომფორტული" ლაშქრობა და მოგზაურობა დიდად რომ არ უყვართ, ცნობილია. ამიტომ, რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ქართველთა დიდ ნაწილს თურქეთის კურორტები უფრო დიდი რაოდენობით უხილავს, ვიდრე ხევსურეთი და მუცო. ინფორმაციას, ძირითადად, ინტერნეტიდან და სხვათა მონაყოლიდან იცნობს და, შესაბამისად, ნაკლებად არის ინფორმირებული მსგავსი ადგილების უდიდესი ტურისტული პოტენციალის შესახებ. არ ვიცით, ამ კუთხით რა მდგომარეობაა საქართველოს ხელისუფლებაში, თუმცა აშკარაა, რომ როგორც ქართველების უმრავლესობა, ხელისუფლებაც კომფორტული მოგზაურობის მოყვარულია და მთიანეთის ლაშქრობებში ნაკლებად დადის.

მათ შორისაა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც, რომელიც ვიზიტად გრენლანდიაშიც კი ყოფილა ესკიმოსებთან და საქართველოს ერთ-ერთი ცნობილი ხეობა კი სულ ახლახანს იხილა. ამიტომ გასაკვირი არაა, თუ საქართველოს ამ რეგიონების ტურისტული პოტენციალის შესახებ არც ხელისუფლებას და არც საზოგადოებას გაცნობიერებული არ აქვს.

ოპონენტები ფიქრობენ, რომ საქართველოში არც არაფერია სანახავი და რისთვის ხდება ტურიზმზე ორიენტირება, გაუგებარია, ხოლო ხელისუფლება და მისი მომხრეები, ასევე ბიზნესმენები, კვლავ ბათუმის, სიღნაღის და ანაკლიის გარეკლამების იმედით არიან შეპყრობილები. შესაბამისად, საქართველოს ეს უმდიდრესი რესურსი აუთვისებელი რჩება, გზები მოუწყობელი, ინფრასტრუქტურა განუვითარებელი და მეტიც, დიდებული, მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლი მუცო, სამწუხაროდ, უკვე დანგრევის და განადგურების პირასაა მისული.


თეგები :