• თბილისი
  • 4°C
  • 17 დეკემბერი, 2018
article

ქართველი ინჟინერი ლევილიდან - ლევან ზურაბიშვილი

ლევან ივანეს ძე ზურაბიშვილი, ინჟინერი, ქართული ემიგრაციის თვალსაჩინო წამომადგენელი, პარიზის ქართული სათვისტომოს მერვე თავმჯდომარე, 1906 წლის 19 ივნისს, ქუთაისში დაიბადა.

ლევანი ივანე ზურაბიშვილისა და ნინო ნიკოლაძის უმცროსი ვაჟი, არჩილ ზურაბიშვილის ძმაა.

1921 წლიდან ოჯახთან ერთად ემიგრაციაშია. დაამთავრა სენტ-ბარბის კოლეჯი და სამთამადნო-საინჟინრო ინსტიტუტი.

ლევანი საქართველოს ეროვნულ დემოკრატიული პარტიის, შემდეგ კი „თავისუფალ ქართველთა კავშირის“ დამფუძნებელია. 1928 წელს საფრანგეთში მცხოვრებ ქართველ სტუდენტთა კავშირის თავმჯდომარედ აირჩიეს.

1928-1929 წლებში, ილამაზ დადეშქელიანთან და იოსებ კემულარიასთან ერთად, დააარსა წმინდა ნინოს ქართული მართლმადიდებლური სამრევლო პარიზში.

ლევანი ქართველ უმუშევართა დამხმარე კომიტეტის მდივანი და „ქართველ ახალგაზრდათა წრის“ ხელმძღვანელი იყო. ელისე პატარიძესთან ერთად დააარსა „ქართული ეროვნული ცენტრი“.

ზურაბიშვილი 1947 წლიდან „თავისუფალ ქართველთა კავშირის“ თავმჯდომარე გახლდათ. ლევანი 14 წლის განამვლობაში, 1961-დან 1975 წლამდე, პარიზის ქართული სათვისტომოს მერვე თავმჯდომარე იყო. ამ თანამდებობაზე ელისე პატარიძე შეცვალა. ძმასთან, არჩილ ზურაბიშვილთან ერთად, დიდი როლი ითამაშა 1973 წელს პარიზის წმინა ნინოს ახალი ეკლესიის შეძენაში.

ლევან ზურაბიშვილი 1975 წლის 10 თებერვალს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, პარიზში გარდაიცვალა. დაკრძალულია ლევილში.


თეგები :