• თბილისი
  • 34°C
  • 20 აგვისტო, 2019
article

გრიგოლ ვაშაძე: ირაკლი ოქრუაშვილს აუცილებლად გამოვიყვანთ ციხიდან

„საქართველოში დაიწყო პოლიტიკური რეპრესიები, სულ უფრო და უფრო მატულობს პოლიტიკური პატიმრების რიცხვი და ერთ-ერთი მათგანი გუშინ გახდა „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა „გამარჯვებული საქართველოს“ ოფისში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლებმა ირაკლი ოქრუაშვილის დაკავება შეაფასეს.

გრიგოლ ვაშაძის თქმით, ის 20-21 ივნისს მთელი ღამე იყო რუსთაველის გამზირზე და ირაკლი ოქრიაშვილს არავითარი ძალადობა არ დაუგეგმავს. მისი შეფასებით, ოქრუაშვილი რუსთაველის გამზირზე მოქალაქეების კონსტიტუციურ უფლებებს და სახელმწიფოს ღირსებას იცავდა.

„საღამოს 7 საათიდან დილის 7-ის ნახევრამდე ვიყავი რუსთაველის გამზირზე და სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ არავითარი ძალადობა არ დაუგეგმავს, არავითარი კონსულტაციები სახელმწიფო გადატრიალების მიზნით არ დაუგეგმავს და მონაწილეობა მასში არ მიუღია, არავითარი ჯგუფი არ შეუქმნია, რომლის მიზანიც ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო. იცავდა რუსთაველის გამზირზე მოქალაქეების კონსტიტუციურ უფლებებს და ჩვენი სახელმწიფოს ღირსებას. აუცილებლად გამოვიყვანთ ციხიდან და არ მივცემთ საშუალებას ხელისუფლებას, დაატეროროს ოპოზიცია, ასე სათითაოდ ამოაძროს ოპოზიციიდან ის ხმები, რომლებიც ჩვენი სახელმწიფოს ნორმალური განვითარების გზას იცავენ“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ ბრიფინგზე.

ირაკლი ოქრუაშვილი 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს. ამასთან, შსს-მ კიდევ ოთხი პირი დააკავა.


თეგები :