• თბილისი
  • 34°C
  • 21 აგვისტო, 2019
article

ქიბარ ხალვაში: ოქრუაშვილი არის ბოლო კაცი, ნაძირალა, უბრალოდ, გაუმაძღარი ადამიანი

„ირაკლი ოქრუაშვილი არის რეგვენი, ეს არის ჩემი კომენტარი“, – ამის შესახებ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელმა, ქიბარ ხალვაშმა სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სადაც ექსპერტიზისთვის ხელმოწერის ნიმუში ჩააბარა.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რატომ არ ცხადდებოდა რვა თვის განმავლობაში ხელმოწერის ნიმუშის ჩასაბარებლად. ხალვაშმა აღნიშნა, რომ როდესაც უთხრეს, მაშინ გამოცხადდა.

„გერმანიაში ვცხოვრობ, შეზღუდული დროით მივდივარ და მოვდივარ. როცა მითხრეს, რომ უნდა მივიდე, ხან ადვოკატს არ ეცალა. გერმანიაში ხელი მოვაწერე. დავტოვე ჩემი ხელმოწერის ნიმუში ექსპერტიზაზე. რა მითხრეს იცით, ჩვენ გავაკეთებთო და მხოლოდ მაშინ ჩაგბარდებათ, ფულს რომ გადაიხდითო.

ახლა ოქრუაშვილისგან ველოდები რამე ძღვენს, რომ მივიდე და გადავიხადო. დედას გეფიცებით, ოქრუაშვილზე საუბარი არ მინდა. მისი ბავშვის ნათლია ვარ. რასაც ვიტყვი, ძალიან მძიმე იქნება მისთვის, იმ ბავშვს გულს დავწყვეტ. ღმერთის მეშინია, უბრალოდ არის ბოლო კაცი, ნაძირალა, უბრალოდ, გაუმაძღარი ადამიანი, რომელმაც კეთილდღეობისთვის ყველაფერი შეიძლება იკისროს. ოქრუაშვილი არის რეგვენი, ეს არის ჩემი ბოლო კომენტარი“, – განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.

სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს პასუხი კალიგრაფიულ ექსპერტიზაზე, რომელმაც უნდა დაადგინოს, ნამდვილია თუ არა 2010 წელს ბერლინში შემდგარი შეთანხმება ირაკლი ოქრუაშვილსა და ქიბარ ხალვაშს შორის, ერთ თვეში გაირკვევა. ქიბარ ხალვაში და მისი ადვოკატი აცხადებენ, რომ ირაკლი ოქრუაშვილმა გაყალბებული ხელმოწერა წარადგინა.


თეგები :