• თბილისი
  • 6°C
  • 13 დეკემბერი, 2019
article

ირაკლი ოქრუაშვილი „რუსთავი 2“-ზე ყადაღის დადებას მოითხოვს

პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი ქიბარ ხალვაშის მიერ, საჯარო რეესტრში „რუსთავი 2“-ის დარეგისტრირებულ წილებზე ყადაღის დადებას ითხოვს.

აღნიშნული მოთხოვნით პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ანა რეხვიაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

როგორც ანა რეხვიაშვილი განმარტავს,  იგეგმება ასევე ირაკლი ოქრუაშვილისადმი „რუსთავი 2“-ის გადაცემის მოთხოვნით შევიდეს სასამართლოში სარჩელი.

„ჩვენ, ირაკლი ოქრუაშვილის მოთხოვნა შეგვაქვს გუშინ, ქიბარ ხალვაშის მიერ, საჯარო რეესტრში „რუსთავი 2“-ის დარეგისტრირებულ წილებზე ყადაღის დადების თაობაზე. ეს არის მოთხოვნა ყადაღის შესახებ. რაც შეეხება სარჩელს, ჩვენ სარჩელს მომავალ კვირაში შევიტანთ და ეს უკვე იქნება ირაკლი ოქრუაშვილისადმი „რუსთავი 2“-ის გადაცემის მოთხოვნა.

ჩვენ ქიბარ ხალვაშის მიერ გუშინ გადაფორმებული წილების დაყადაღებას ვითხოვთ. სარჩელის შეტანის საფუძველი არის შეთანხმება ქიბარ ხალვაშსა და ირაკლი ოქრუაშვილს შორის, რომელიც 2010 წელს ქალაქ ბერლინში დაიდო. ეს არის ყველაფრის საფუძველი, რომ ჩვენ არა მარტო ყადაღა დავადოთ წილებს, არამედ ეს ქონება დავიბრუნოთ“, – განაცხადა ანა რეხვიაშვილმა.

ამასთან რეხვიაშვილმა იმ პერიოდზე ისაუბრა, როდესაც მისი თქმით მოხდა ტელეკომპანიის შეძენა და არხის გადაფორმება ქიბარ ხალვაშისთვის.

„2004 წელს ირაკლი ოქრუაშვილმა შეიძინა „რუსთავი 2“-ის 100-პროცენტიანი წილი. მაშინ ქიბარ ხალვაში იყო მასთან აფილირებული და მისი მხარდაჭერილი პირი. ამიტომ ბუნებრივია ირაკლი ოქრუაშვილმა თანხის მიღების გარეშე წილები ქიბარ ხალვაშს გადაუფორმა. ქიბარ ხალვაში არა მარტო „რუსთავი 2“-ის ნაწილში, არამედ ძალიან ბევრ სხვა ბიზნესში ირაკლი ოქრუაშვილის ინტერესებს წარმოადგენდა.

დღეს ბევრს საუბრობენ, რომ ბერლინში შედგენილი დოკუმენტი ყალბია. პაატა სალია რა თქმა უნდა ტყუის. არსებობს დადასტურებული მტკიცებულება, 3 ექსპერტიზა, მათშორის პარიზის სააპელაციო სასამართლოს ექსპერტიზა, რომ ეს ნამდვილია. ასევე სამხარაულში ჩანიშნულია დამატებითი ექსპერტიზა, თუმცა ბატონ ხალვაშს რატომღაც დრო ხელოვნურად გაგყავს და იგი სამხარაულში არ ცხადდება, რომ ხელმოწერის შესადარებელი ნიმუშები დატოვოს. მაგრამ მას ეს ძალინ მალე მოუწევს“, – განაცხადა ანა რეხვიაშვილმა.


თეგები :