• თბილისი
  • 6°C
  • 13 დეკემბერი, 2019
article

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ ძმა დაცვაში, ნათლული კი, პირად მდივნად დაასაქმა - ახალი სკანდალი ლევან ონიანის გარშემო

ნეპოტიზმი რუსთავში. საკრებულოს თავმჯდომარემ, ლევან ონიანმა, რომელიც ყურადღების ცენტრში ამჟამად ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას შეურაცხყოფის გამო მოექცა, თავისი თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით, ძმა, ლაშა ონიანი რუსთავის პარკის დაცვის უფროსის მოადგილედ, ხოლო ნათლული, მარიამ სილაგაძე საკუთარ მდივნად დაასაქმა

"ინგა ჩივის უკონტაქტო გაუპატიურებისთვის" - დაწერა რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ, ლევან ონიანმა გადაცემა „რეაქციაში“ სისხლიან ჯალათად წოდებული გიორგი გახარიას სტუმრობის შემდეგ იმის საილუსტრაციოდ, თითქოს შს მინისტრმა, რომელმაც 20 ივნისს ახალგაზრდებს თვალები დათხარა, დებატები მოიგო. 

მოგვიანებით, ლევან ონიანმა ჯერ უარყო ის რომ კომენტარი ინგა გრიგოლიას შესახებ დადო (სხვა ინგააო, თითქოს მისი კომენტარი „სხვა ინგას“ შეურაცხყოფა არ იქნებოდა), შემდეგ კი, ბოდიში მოიხადა, რადგან ქართული ოცნება იძულებული გახდა მისთვის ყური აეწია.

ნეპოტიზმი და ინციდენტი აეროპორტში

ლევან ონიანმა რუსთაველების ყურადღება ერთი წლის წინაც მიიქცია, როდესაც რუსთავის დელეგაცია პოლონეთში მიფრინავდა, საკრებულოს თავმჯდომარე კი, თვითმფრინავიდან იმის გამო მოხსნეს რომ ტრაპზე მთვრალი ავიდა და ხმაურობდა.

ამავე დროს, გაირკვა რომ რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე, უმუშევარი ადამიანებით სავსე ქვეყანაში, თანამდებობრივ მდგომარეობას იყენებს და თავისი ოჯახის წევრებს, ნათესავებს ასაქმებს. 

მაგალითად: ლევან ონიანმა ძმა, ლაშა ონიანი რუსთავის პარკის უფროსის მოადგილედ დაასაქმა. ის 4 მოადგილიდან ერთერთია.

მეტიც, მაშინ, როდესაც ათობით ათასი ადამიანი კვალიფიკაციის მიუხედავად სამსახურს ამაოდ ეძებს, რუსთავის საკრაბულოს თავმჯდომარემ რატომღაც საკუთარი ნათლული გამოარჩია და მარიამ სილაგაძე პირადი მდივნის/თანაშემწის თანამდებობაზე დანიშნა.

პრესა.ჯი ლევან ონიანს დაუკავშირდა, თუმცა, ონიანის პირად ნომერზე მისივე ნათლული, მარიამ სილაგაძე პასუხობს, რომელიც იქ სწორედ ნეპოტიზმის წყალობით მოხვდა. 

- მარიამ, თქვენ ლევან ონიანის ნათლული ხართ?

- ეს უადგილო კითხვაა.

- მარიამ, უადგილო არა, მარტივი კითხვაა: ხართ თუ არა, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის, ლევან ონიანის ნათლული?

- ამ საკითხზე მიმართეთ პრესსამსახურს.

- ონიანი სად იმყოფება ახლა?

- თათბირზეა და არ სცალია.

მარიამ სილაგაძემ, იმის გასარკვევად, არის თუ არა, ის ლევან ონიანის ნათლული, პრესსამსახურთან გადაგვამისამართა. მან ჩვენს უწყინარ კითხვას არ უპასუხა სწორედ იმიტომ რომ რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწედ არა კვალიფიკაციის, არამედ, ნეპოტიზმის, ნათლულობის გამო დაინიშნა.

ჩვენ რუსთავის საკრებულოს პრესსამსახურსაც დავუკავშირდით...

პრესა.ჯი: რატომ დაასაქმა ლევან ონიანმა საკუთარი ნათლული, მარიამ სილაგაძე პირად მდივნად/თანაშემწედ?

ირინა სიუკაევი: რა, ამას კანონი კრძალავს?

- ჩვენ კითხვა დაგისვით, თქვენი პასუხი გვაინტერესებს...

- ცოტა ხანში მეცოდინება პასუხი.

- მისი ძმა, ლაშა ონიანი სად მუშაობს?

- ცოტა ხანში დამირეკეთ და გეტყვით.

როგორც ჩანს, მას ფიქრი და მსჯელობა სჭირდებოდა იმისათვის რომ ორი უწყინარი კითხვისათვის ეპასუხა, რისი შესაძლებლობაც მივეცით და დაპირებისამებრ, მოგვიანებით შევეხმიანეთ, რის შემდეგაც რუსთავის საკრებულოს პრესსამსახურმა ჩვენი ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა.

- ხომ არ გაგირკვევიათ რატომ დანიშნა ლევან ონიანმა ნათლული პირად მდივნად/თანაშემწედ?

- დიახ, როგორც ვიცი, ამას კანონი არ კრძალავს.

- ლევან ონიანის ძმა, ლაშა ონიანი სად მუშაობს?

- დაცვაში მუშაობს.

სიღარიბით და უმუშევრობით სავსე ქვეყანაში ასე იყენებენ პრივილეგიებს ქართული ოცნების ჩინოვნიკები, რომლებმაც საბიუჯეტო სახსრები საკუთარი ოჯახის წევრებისა თუ ნათესავების შენახვის წყაროდ აქციეს.

რუსთავში, სადაც სიღარიბე ყვავის, ხალხს კი, უკიდურესად უჭირს, საკრებულოს თავმჯდომარე ონიანი ნეპოტიზმით არის დაკავებული და ოჯახის წევრებისა თუ ნათლულების დასაქმებაზე ზრუნავს - ჩვენი ფულით.