• თბილისი
  • 6°C
  • 13 დეკემბერი, 2019
article

რომან გოცირიძე 20 ივნისის მოვლენებზე: ეს გამოძიება არასდროს იქნება ობიექტური

ოპოზიცია დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების თქმით, ეს ერთადერთი ფორმატია, რომლის ფარგლებშიც სრულყოფილად იქნება შესაძლებელი გამოძიების ჩატარება.

რომან გოცირიძე აცხადებს, რომ გამოძიების გაჭიანურება ერთადერთ რამეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება აღნიშნულ საქმეს ობიექტურად არ გამოიძიებს.

„თითქმის ერთი თვე გავიდა, არაფერი კეთდება, პირიქით, ხელისუფლება ცდილობს, რომ კვლავ ჩაფარცხოს ეს დანაშაული და როგორც არაერთხელ მომხდარა, აჭიანურებენ გამოძიებას და როდესაც ხელისუფლება იწყებს არგუმენტებით, რომ „დაველოდოთ გამოძიებას“, ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებას აქვს ჩადენილი დანაშაული და ეს გამოძიება არასდროს იქნება ობიექტური. ამიტომ, უკვე ერთადერთი გამოსავალი დაგვრჩა ის, რომ მოვითხოვოთ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა,“ - ამბობს გოცირიძე.

დეპუტატი იმედოვნებს, რომ საქმის რეზონანსულობიდან გამომდინარე დროებითი საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად საჭირო 50 ხმა შეგროვდება.

„იმდენად რეზონანსული საქმეა,  გვაქვს იმედი, რომ 50 ხმა შეგროვდება ამ პარლამენტში და 50 წესიერი ადამიანი გამოჩნდება, ასევე, უმრავლესობიდან, ექნება იმ ადამიანებს შანსი, რომ გამოასწორონ თავიანთი შეცდომა და ჩამოირეცხონ ის სირცხვილი, რაც მათ ჩაიდინეს ნიკა მელიასადმი იმუნიტეტის გაუქმების სახით. უამრავი სხვადასხვა, ასე ვთქვათ, გარემოებები იკვეთება და ეს არ არის მხოლოდ ის შემთხვევა, როდესაც ქუჩაში მოხდა ადამიანების უკანონოდ დარბევა. ვინ გასცა ბრძანება, საერთოდ, რამდენად მოქმედებს ამ შემთხვევაში კანონი და არაფორმალური მართვის მთელი სიბინძურე გამოჩნდა აი, ამ პროცესში. ასე რომ, გამოძიებამ ბევრ რამეს უნდა გასცეს პასუხი,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

აღნიშნულ საკითხს „ნაციონალური მოძრაობა“ რიგგარეშე სხდომაზე დააყენებს.


თეგები :