• თბილისი
  • 32°C
  • 19 ივლისი, 2019
article

ნინო ლომჯარია: ლევან ვასაძის განცხადებები წარმოადგენს გამოძიების დაწყების საფუძველს

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებებზე კომენტარისგან თავს იკავებს და აცხადებს, რომ ვასაძესთან კითხვები სამართალდამცავ ორგანოებს უნდა ჰქონდეთ.

მისივე შეფასებით, ვასაძის განცხადებები არაკორექტული და არაეთიკურია.

„ლევან ვასაძის არაკორექტულ და არაეთიკურ განცხადებებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ვფიქრობ, მასთან შეკითხვები სამართალდამცავ ორგანოებს უნდა ჰქონდეს, რადგან რამდენიმე დღის წინ სწორედ მისგან მოვისმინეთ სახელმწიფო წესრიგისთვის და უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი განცხადებები, რომელიც ნამდვილად წარმოადგენს გამოძიების დაწყების საფუძველს და სერიოზული დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ამიტომ, ჩემი რჩევა იქნება, რომ მის მიმართ შეკითხვები დასვას და ამ საკითხებზე იმუშაონ სამართალდამცავმა ორგანოებმა. ეს სახალხო დამცველის კომპეტენცია არ არის, ეს სამართალდამცავი უწყებების კომპეტენციაა ამ ტიპის ადამიანებთან და დაჯგუფებებთან ურთიერთობა“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

კითხვაზე, თუ რატომ არ არის ამ დრომდე გამოკითხული ვასაძე, სახალხო დამცველი ამბობს, რომ ამ კითხვის ადრესატი შინაგან საქმეთა სამინისტროა.

„არ ვიცი, ეს კითხვა შსს-ს უნდა დაუსვათ. მთავარი შეკითხვები სწორედ მის მიმართ უნდა იყოს დასმული. თუმცა ეს გამოძიების ტაქტიკიდან გამომდინარე შესაძლებელია და შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასაწყვეტია“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.


თეგები :