• თბილისი
  • 31°C
  • 20 ივნისი, 2019
article

"აზერბაიჯანი ჩვენი მეგობარი ქვეყანაა... მასთან რაღაც ანტიოკუპაციურ ჭრილში არ უნდა ვლაპარაკობდეთ"

რაღაც ანტიოკუპაციურ ჭრილში აზერბაიჯანთან არ უნდა ვლაპარაკობდეთ. მასთან უნდა ვლაპარაკობდეთ კომისიის ფარგლებში, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ დავით გარეჯის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, საზღვრის დემარკაციასთან დაკავშირებული პრობლემა უკვე დიდი ხანია, რაც არსებობს, თუმცა "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში პრობლემამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია.

"ეს პრობლემა არსებობს დღიდან დამოუკიდებლობისა. ძალიან სამწუხაროა, რომ ასე ვთქვათ, საზღვრის დემარკაცია აქამდე ვერ მოხერხდა, მაგრამ უნდა გვახსოვდეს და განსაკუთრებით ჩვენს ხელისუფლებას უნდა მივმართო, რომ მათი უმოქმედობა შეიძლება რეზულტატი საზღვრის დემარკაციის დღეს და ხვალ არ იყოს. მინდა ასევე საზოგადოებამ იცოდეს, რომ მსგავსი საკითხები ჩვენ სხვა მეზობლებთან გვაქვს. ამ თვალსაზრისით, აზერბაიჯანი გამონაკლისი არ არის. ვფიქრობ, ჩვენი ხელისუფლება მოწოდების სიმაღლეზე რომ იყოს, ვიმეორებ, ეს პრობლემა წინა და წინის წინა ხელისუფლების დროსაც არსებობდა, მაგრამ ასეთ კრიტიკულ ზღვრამდე არასდროს მისულა. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ აზერბაიჯანი არის ჩვენი მოძმე, სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა. ჩვენ ერთად ვიბრძვით ჩვენი თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის.ამიტომ აზერბაიჯანთან ჩვენ,როგორც ერმა, უნდა ვისაუბროთ როგორც მეგობართან და როგორც მეგობართან ასე პარიტეტულ, მეგობრულ საფუძველზე გადავწყვიტოთ მათთან ურთიერთობები. სამწუხაროდ, ამ ხელისუფლებას ამისი რესურსი არ აქვს. იმიტომ, რომ უკანასკნელი 6 წელია ჩვენ ვხედავთ ეროზიას ჩვენს მეგობრებთან ურთიერთობაში. ჩვენ ვხედავთ ბევრ იმედგაცრუებას, ასევე ბიზნესის კუთხით შევიწროებულ ბევრ კომპანიას. ფუნდამენტური პრობლემა აქვს ამ ხელისუფლებას ჩვენს სტრატეგიულ მეგობართან. ამიტომ არის, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და მოვიდეს ისეთი ხელისუფლება, რომელსაც პატივს სცემენ მეგობრები და რომლისაც მტრებს ეშინიათ. აზერბაიჯანი არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა და ეს უნდა ესმოდეს ყველას. რაღაც ანტიოკუპაციურ ჭრილში აზერბაიჯანთან არ უნდა ვლაპარაკობდეთ. აზერბაიჯანთან უნდა ვლაპარაკობდეთ კომისიის ფარგლებში, მაგრამ თუ გვინდა, რომ ეს კომისია ქმედითი იყოს, უნდა ვლაპარაკობდეთ მაღალ დონეზე, უნდა ვმეგობრობდეთ მაღალ დონეზე, ისე, როგორც ეს ადრე იყო და ასეთ საფუძველზე შეიქმნას ასეთი პრობლემების გადაწყვეტის პრეცენდენტი", - განაცხადა გიგი უგულავამ.


თეგები :