• თბილისი
  • 24°C
  • 16 სექტემბერი, 2019
article

"ადამიანმა ტელევიზორის ყიდვის სანაცვლოდ სახლი არ უნდა დაკარგოს... ის 600 ათასი ადამიანი, რომელსაც ჩვენი ვალი გავუნულეთ, სწორედ ამ პოლიტიკის მსხვერპლი იყო"

ჩვენ უნდა გავყოთ ჯანსაღი, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა იმ თაღლითური სისტემისგან, რაც გვქონდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გადაცემა „რეაქციაში“ სტუმრობისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ასევე უნდა განცალკევდეს ერთმანეთისგან ჭარბვალიანობასთან ბრძოლა და სამშენებლო სექტორი.

„სამშენებლო სექტორი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკური ზრდისთვის. მით უმეტეს იმის ფონზე, რომ ძალიან კარგი ტრენდი გვაქვს ბოლო წლების განმავლობაში - პირველად, ახალი ბინების გაყიდვის რაოდენობა უფრო მეტია, ვიდრე ძველი ბინების. ეს ძალიან დადებით და ჯანსაღ დინამიკაზე მეტყველებს. ეროვნული ბანკი ელოდება საბოლოო სტატისტიკას, რომ იმის მიხედვით მიიღოს გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, სამშენებლო სექტორი კრიტიკულად მნიშვნელოვანი სექტორია. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ერთის მხრივ ჯანსაღი წვდომა ფინანსურ რესურსზე ჩვენი მოქალაქეებისთვის და საპროცენტო განაკვეთი კიდევ უფრო უნდა შევამციროთ ჩვენი პოლიტიკის შედეგად. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, როდესაც ეს სტატისტიკა დაიდება, ეროვნული ბანკი მიიღებს ადეკვატურ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა პრემიერმა.

რაც შეეხება სხვა ტიპის სესხებს, მამუკა ბახტაძის შეფასებით, ამ შემთხვევაში ოპონენტები საკითხის არასწორ ინტერპრეტირებას ცდილობენ. მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ ჯარიმებსა და  საპროცენტო განაკვეთების ზედა ზღვრის დაწესება ადეკვატურია, ვინაიდან ადამიანმა ტელევიზორის ყიდვის სანაცვლოდ სახლი არ უნდა დაკარგოს.

„ჩვენ დავაწესეთ ზედა ჭერი ჯარიმებზე, რომ ადამიანს, რომელიც 1000 ლარიდან 800 ლარს გადაიხდიდა და 200 ლარი დარჩებოდა, არ ჰქონოდა გადასახდელი 10 ათასი ლარი. ასეთი შემთხვევა საქართველოში ძალიან ბევრი იყო. ის 600 ათასი ადამიანი, რომელსაც ჩვენი ვალი გავუნულეთ, სწორედ ამ პოლიტიკის მსხვერპლი იყო. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა გავყოთ ჯანსაღი, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა იმისგან, რაც გვქონდა. ის იყო თაღლითობა და ის, რომ შეიძლება  რომელიმე სექტორისთვის ამ პოლიტიკის დაკორექტირება იყოს აუცილებელი, არ უნდა გახდეს იმის თქმის საფუძველი, რომ თითქოს ძველი სისტემა კარგი იყო. ის იყო თაღლითური სისტემა. მე ციფრების გახსენებაც კი არ მინდა, რა პროცენტი, რა საურავები და რა ჯარიმები და რა ადამიანური ტრაგედიები მოიტანა იმ სისტემამ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერის განმარტებით, ეკონომიკა ცოცხალი ორგანიზმია და არ არსებობს ისეთი საკითხები, რომელიც ნებისმიერი დროისთვის უნივერსალური იქნება, შესაბამისად, ეკონომიკური პოლიტიკაც უნდა დაკორექტირდეს იმის მიხედვით, რა სჭირდება ეროვნულ ეკონომიკას იმ მომენტში.

„ეს ყველაფერი პოლიტიკური შეფასები საგანი კი არ უნდა იყოს, ეს უნდა იყოს კონკრეტულ ანალიტიკაზე დაყრდნობილი გადაწყვეტილებები. აქედან გამომდინარე ვამბობ, რომ მას შემდეგ, რაც ეს სტატისტიკა იქნება სრულფასოვანი, ამ საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებენ პროფესიონალი ადამიანები და ისინი მიიღებენ ადეკვატურ გადაწყვეტილებას. მე ამაში დარწმუნებული ვარ. ვერავის დავეთანხმები იმ პოლიტიკურ შეფასებაში, რომელიც უკავშირდება ჭარბვალიანობას, ამ კიბოს ჩვენი ეკონომიკისთვის, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ მოვაშორეთ საზოგადოებას. ეს აღარ დაბრუნდება, ამის იმედს ოპონენტებს ვერ მივცემ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


თეგები :