• თბილისი
  • 30°C
  • 19 ივნისი, 2019
article

ნიკა გვარამია: გიორგი კაპანაძე აიყვანეს მუხთარლისავით ქუჩიდან და გააქრეს

„გიორგი კაპანაძე აიყვანეს მუხთარლისავით ქუჩიდან და გააქრეს“ - ასე აფასებს „ინტერნეტ მედია ჯგუფის“ დირექტორის, გიორგი კაპანაძის დაკავებას „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი. 

როგორც ცნობილია, კაპანაძე ზუგდიდიდან ფოთის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. 

ნიკა გვარამია ამბობს, რომ კაპანაძის დაკავება ერთ-ერთი მაგალითია იმისა, რომ ხელისფულება კრიტიკული მედიის გაჩუმებას ცდილობს. რაც შეეხება მის ფოთში გადაყვანას, გვარამიას თქმით, ამას ერთადერთი მიზანი აქვს, რომ ზუგდიდან ოპოზიცია ფოთში გადავიდეს. 

„ეს არის კლასიკა სხვაგვარად მოაზროვნე ადამიანის ნეიტრალიზაციის. მუხლები, რომელიც დაასახელეთ, ეს არის კლასიკა დისიდენტების დაკავების საბჭოთა კავშირის დროიდან ესენი მე მგონი მალე აღადგენენ ფსიქიატრიულ ექსპერტიზას და ამ ნიადაგზე ჩაკეტავენ ადამიანებს, არ გაუჭირდებათ, ციხეებში თუ ფსიქიატრიულში. ეს მუხლი არის კლასიკა არასასურველი ადამიანების დაკავების. ჩვენ ვნახეთ ვიდეო დაკავების, მას არც მუხლი განმარტებია, არც უფლებები განმარტებია. ამას არ ჰქვია დაკავება, ამას ჰქვია გატაცება. თუ მართლაც ფოთში მიჰყავთ, რატომ მიჰყავთ ფოთში? - ზუგდიდში არ არის იზოლატორები? ფოთში მიჰყავთ იმისთვის, რომ გაიწოვოს ოპოზიცია ზუგდიდიდან და გადავიდეს ოპოზიცია ფოთში.

ეს ყველაფერი მოჰყვა რუსი შს მინისტრის აქ ჩამოსვლას, სუბარის ანტისახელმწიფოებრივ განცხადებას, რომ მედიის მუშაობა თურმე არჩევნების გამწვავებას ნიშნავს, აი ეს არის სიგნალები, რომ მედიას გაუსწორდნენ და დაიწყეს კიდეც მედიასთან გასწორება. აი, ეს არის ყველაფერი ,რასაც დღევანდელი ხელისუფლება აკეთებს, მიზანი და ამოცანა იყო კაპანაძის ტელეფონის ჩამორთმევა, რაც არ გამოუვიდათ.

გიორგი არის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ჟურნალისტი საქართველოში, განხორციელდა მისი მოტაცება პოლიციური გზით, მუხთარლისავით აიყვანეს ქუჩიდან და ყოველგვარი განმარტების გარეშე გააქრეს,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

გიორგი კაპანაძეს ადმინისტრაციულ დანაშაულს ედავებიან, ის პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ზუგდიდში, სოხუმის ქუჩაზე, წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის გიორგი კაპანაძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს.


თეგები :