• თბილისი
  • 32°C
  • 16 ივნისი, 2019
article

გიგა ბოკერია ანრი ოხანაშვილს: არ გემორჩილებით. ამბოხებას აქვს ადგილი

პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ხმაურით მიმდინარეობდა. დაპირისპირება მმართველი  გუნდის სურვილს მოჰყვა, რომ დღესვე მეორე მოსმენით დაწყებულიყო იმ სადავო კანონპროექტის განხილვა, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევას შეეხება.

კენჭისყრა რამდენიმე წუთის წინ გაიმართა და საპარლამენტო უმრავლესობას ეყო საჭირო ხმები, რათა კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა დაიწყოს. ოპოზიციაც და სამოქალაქო სექტორიც დღევანდელი სხდომის გადადებას ითხოვდა, იქამდე ვიდრე ვენეციის კომისიის სხდომის დასკვნა არ გახდება ცნობილი.

„მე მინდა შემოგთავაზოთ „ქართული ოცნებისთვის“ აქამდე გაუგონარი რამ, აქ არიან თქვენი ოპონენტები, გთავაზობთ, რომ ეს პრობლემა ჩვენ დაგვაბრალოთ,“- აღნიშნა ბოკერიამ, რაზეც ოხანაშვილმა უარით უპასუხა.

მმართველი გუნდი ევროპელი ექსპერტების დასკვნას არ ელოდება და ჩქარობს.

„იმდენად მძიმე ტვირთი გაქვთ თქვენს პოლიტიკურ გუნდს, არ მგონია, კიდევ ეს უნდა დაგიმატოთ,“- აღნიშნა ოხანაშვილმა.  

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ „ევროპული საქართველოს“ წევრს შეძახილებისგან თავიდ შეკავებისა და მიკროფონის გათიშვისკენ მოუწოდა.

„რა შეძახილები. ცოტა თავი გააკონტროლეთ, გააცნობიერეთ, სად იმყოფებით. გათიშეთ მიკროფონი,“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა, რაზეც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა უარით უპასუხა.

„არ გემორჩილებით. ამბოხებას აქვს ადგილი,“ - მიმართა გიგა ბოკერიამ ანრი ოხანაშვილს.

„ქართული ოცნებიდან“ დემარშით წასულმა დეპუტატებმა, ეკა ბესელიამ და გედევან ფოფხაძემ კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.