• თბილისი
  • 32°C
  • 16 ივნისი, 2019
article

„არამარტო კობახიძე, ის „მკვდარზე ვენოკებიც“ მიიღებენ პასუხს, რომლებიც ნამძინარევები მოვიდნენ“

„კობახიძე მიიღებს პასუხს იმ უსახური განცხადებებისთვის, რომელიც ჩემს მიმართ გააკეთა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილმა წევრმა, ზვიად კვაჭანტირაძემ, გადაცემა „არჩევანში“ საუბრისას განაცხადა.

კვაჭანტირაძე დეტალურად საუბრობს, როგორ ვითარდებოდა მოვლენები გუშინ, უმრავლესობის სხდომიდან დღეს, მის გადადგომამდე.

„მქონდა გადაწყვეტილი, რომ ჩემი კოლეგები არ ჩამეყენებინა პრესის ქვეშ და კენჭისყრის წინ მომეხსნა ჩემი საკითხი. მას შემდეგ, რაც მე მოვისმინე ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი შეფასებები, რომელიც კობახიძემ გააკეთა, მე მივიღე გადაწყვეტილება, მებრძოლა ბოლომდე. ამაზე იგი მიიღებს პასუხს და ძალიან სერიოზულ პასუხს. ეს გამოჩნდება და თქვენ არ იქნებით ბოლო, ვინც ამას გაიგებს.

მას შემდეგ, რაც მან გააკეთა ასეთი უსახური განცხადება და დამაბრალა ის, რისი დაბრალებაც არ შეიძლებოდა, ამაზე ის აუცილებლად მიიღებს პასუხს. არამარტო ის, დანარჩენებიც, „მკვდარზე ვენოკები“, რომლებიც ნამძინარევები მოვიდნენ და გამოძინებულებმა აბსოლუტურად სამარცხვინო განცხადებები აკეთეს. მერე მე მივიღე გადაწყვეტილება, მებრძოლა ბოლომდე,“ - განაცხადა კვაჭანტირაძემ.

მისი თქმით, მან ზუსტად იცის, რა წნეხის ქვეშ გაატარა კობახიძემ უმრავლესობის ის დეპუტატები, რომლებმაც კვაჭანტირაძის გადაყენებას მხარი არ დაუჭირეს.

„მე გადავწყვიტე, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებისთვისაც მეჩვენებინა, რომ „ქართულ ოცნებას“ აღარა აქვს მყარი უმრავლესობა საქართველოს პარლამენტში, რაც სწორედ იმ მმართველი გუნდის დამსახურებაა, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში ასე კულუარულად მართავს უმრავლესობას და ქართულ ოცნებას.

ქვეყანაში პრაქტიკულად ძალიან ვიწრო ადამიანების ჯგუფმა ჩაიგდო ძალაუფლება ხელში, რომლებსაც ქვეყანა მიჰყავს უფსკრულისკენ. ჩვენთვის მთავარი ამოცანაა, არ დავუშვათ იმ დანაშაულებრივი სქემის განხორციელება, რომელსაც კობახიძის გუნდი, სამწუხაროდ, ბატონი ბიძინა ივანიშვილის თანხმობით ახორციელებს მართლმსაჯულების სისტემაში,“ - აცხადებს კვაჭანტირაძე.