• თბილისი
  • 14°C
  • 23 აპრილი, 2019
article

„ვინც კარგად სწავლობდა, იცის, კანონი როგორ წაიკითხოს, რადგან ამას პარლამენტში ვერ ისწავლი“

კონსტიტუციისა და კანონის წაკითხვას იურიდიულ ფაკულტეტზე ასწავლიან და ვინც კარგად სწავლობდა, იცის, კანონი როგორ წაიკითხოს, რადგან ამას პარლამენტში ვერ ისწავლი, საკანონმდებლო ორგანოში უკვე ნასწავლი ადამიანები უნდა მოდიოდნენ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის წევრმა, ეკა ბესელიამ განუცხადა, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტის თაობაზე თანაგუნდელების განცხადებებს გამოეხმაურა.

ბესელიას თქმით, სასამართლო სისტემაში რეფორმები უნდა განხორციელდეს.

„ერთ მშვენიერ დღეს არ უნდა აღმოვაჩინოთ, რომ სასამართლო სისტემა მთლიანად ჩაკეტილია იმ პრაქტიკოსი მოსამართლეეებით, რომლებიც წინა ხელისუფლებიდან მოდიან და სისტემაში ახალი კადრების შედინება არ ხდება. საჭიროა ახალი ცვლილებები”, – განაცხადა ბესელიამ.

დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილსაც გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ  პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფილიალი არ უნდა გახდეს.

„ამის მცდელობა იყო, რის წინააღმდეგაც გამოვედი თავის დროზე. ეს რომ არ მომხდარიყო, ყველაფერი გავაკეთე. ეს მცდელობა გარკვეული პირების მხრიდან იყო, ყველა თავის თავს ამჟღავნებს. კომიტეტს საპარლამენტო საქმიანობაში მნიშვნელოვანი ადგილი და ფუნქცია აქვს, მათ შორის წამყვანი იქნება მოსამართლეთა შერჩევის პროცესში. ეს არის პირველი ეტაპის საკითხი. მინდა ვისურვო და ყველაფერს გავაკეთებ, რომ კომიტეტი იმ სტანდარტების ერთგული დარჩეს, რომელიც სამართლიანობას, კანონის პატივისცემასა და ინსტიტუციურ ნდობას მოემსახურება. ვანო ზარდიაშვილის სახელი და გვარი არ მაინტერესებს”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

შეგახსენებთ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ უვადოდ მოსამართლეთა არჩევის თაობაზე ცხრა დეპუტატის მიერ მომზადებულმა კანონპროექტმა სულ მცირე კონსტიტუციურობის ტესტი უნდა ჩააბაროს. როგორც ჟურნალისტებს ოხანაშვილმა განუცხადა, ინიციატივა კონსტიტუციას უნდა შეესაბამებოდეს.

თეგები :

×