• თბილისი
  • 32°C
  • 16 ივნისი, 2019
article

"სასამართლოსადმი ნდობა ქვეყნის დემოკრატიის და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ქვაკუთხედია"

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სადავო კანდიდატების შესახებ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა. პრეზიდენტის განცხადებით, სასამართლოსადმი ნდობა ქვეყნის დემოკრატიის და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ქვაკუთხედია.

მისი თქმით, სასამართლოს არა მხოლოდ საზოგადოება, არამედ საქართველოს პარტნიორებიც უნდა ენდობოდნენ. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ის დღეს აღარ არის პოლიტიკური პერსონა, შესაბამისად ის ამბობს, რომ მისგან მიუღებელი იქნება რომელიმე მოსამართლეზე საკუთარი პოზიციის გამოთქმა. 

"როგორც პრეზიდენტს, მე რომელიმე მოსამართლის მიმართ პოზიცია არ მაქვს. არც იმის მიმართ მაქვს პოზიცია თუ როგორ უნდა შეიქმნას უზენაესი მოსამართლეების კანდიდატთა სია. ერთადერთ რამ შემიძლია ვთქვა: რაც უზენაეს სასამართლოს ეხება, ეს ეხება სასამართლოს მიმართ ნდობას და ნდობის ყველაზე მაღალ ხარისხს. ამდენად, ეს მოითხოვს ყველაზე ფრთხილ პროცედურებს. მე შემიძლია მხოლოდ მივესალმო იმას, რომ რაც საზოგადოების აჩქარებული პროცედურა აღმოჩნდა, ახლა ეს პროცესი შეჩერებულია და გადატანილია სხვა ფორმატში. ვიმედოვნებ, რომ ეს ამ პროცესში ჩართულ ყველა მხარეს მისცემს დროს იმისთვის, ,რომ გაიაზრონ კრიტერიუმები და ეს ყველაფერი ისე იყოს ჩატარებული, რომ შედეგად საზოგადოებაში გაჩნდეს უფრო მაღალი ნდობა", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

ზურაბიშვილის თქმით, ის ხელისუფლებას ამ საკითხზე არაფერს ურჩევს, რადგან პრეზიდენტია და არ აქვს კომპეტენცია და უფლება, რომ ხელისუფლებას რჩევა ან რეკომენდაცია მისცეს.

"ეს უნდა გადაწყვიტონ მათ, ხელისუფლების იმ შტოებმა, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობენ. ამ შემთხვევაში საუბარია სასამართლოზე და საკანონმდებლო ხელისუფლებაზე, რადგან პროცედურაში პარლამენტი არის გათვალისწინებული. პრეზიდენტი ამ პროცედურაში არ არის გათვალისწინებული და მე შემიძლია ვიყო მხოლოდ საზოგადოების მხარეს და ვთქვა ის, თუ როგორია საზოგადოების მოლოდინი", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

თეგები :