• თბილისი
  • 11°C
  • 21 თებერვალი, 2019
article

TDI: მიხეილ სააკაშვილის განცხადებები ქსენოფობიურია

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებებს ქსენოფობიურს უწოდებს.

TDI მიიჩნევს, რომ სააკაშვილის განცხადებები შეიცავს დაუზუსტებელ ინფორმაციას და ახდენს კონკრეტული ქვეყნების წარმომადგენლებისა და ეკონომიკური შესაძლებლობების მქონე ადამიანების სტიგმატიზებას.

ორგანიზაციას ერთ-ერთ მაგალითად საქართველოს მიგრაციულ პოლიტიკაზე საუბრისას სააკაშვილის მიერ გამოყენებული ციტატა მოჰყავს:

"2016 წელს 9 700 მშენებლობის ნებართვა და შესაბამისად, ბინადრობის დროებითი ნებართვაა გაცემული. აქედან 20% დასაქმდა დაბალი კვალიფიკაციის სამშენებლო სამუშაოებზე, 20% ავტოტრანსპორტის შემკეთებლად და მექანიკოსად, 11% მმართველ დირექტორებად და მთავარ აღმასრულებელ თანამდებობებზე, 7% - მძღოლებად. ესე იგი, ეს სტატისტიკა უტყუარად აჩვენებს, რომ ქართველების სამუშაო ადგილები წაიღეს ღარიბმა ირანელებმა, თურქებმა და სხვა უცხოელებმა. მდიდარი ინვესტორების ნაცვლად, რომელთაც ქართველები უნდა დაესაქმებინათ, მივიღეთ გაღლეტილი მიგრანტები, რომლებიც საკუთარ თავს ძლივს ასაქმებენ. მე მართლა ვაძლევდი მოქალაქეობას თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს, ნუ, უფრო ნაკლებად ირანის მოქალაქეებს, მაგრამ ესენი იყვნენ 99% ეთნიკური ქართველები".

TDI-ის ცნობით, განცხადებაში არსებული სტატისტიკური მაჩვენებლები შინაარსობრივად განსხვავდება ერთმანეთისგან, მასში სელექციურად არის შერჩეული მონაცემები და წარმოადგენს მცდარ ინფორმაციას.

"უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვები გაიცემა კონკრეტული კატეგორიების მიხედვით.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, მშენებლობის ნებართვა არ არის დროებითი ბინადრობის ნებართვის მიღების სამართლებრივი საფუძველი. შესაძლოა სამშენებლო საქმიანობა მოიცავდეს საინვესტიციო ბინადრობის მიღების კომპონენტსაც, თუმცა საინვესტიციო ბინადრობის ნებართვისთვის საჭიროა კანონმდებლობით დადგენილი 300 000 - ლარიანი ინვესტიციის შესახებ აუდიტორული დასკვნა. ამასთანავე, საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა ეკუთვნის მუდმივი ბინადრობის ტიპების კატეგორიას და არა დროებითს.

სსიპ "სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს" მიერ TDI-სთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2016 წელს, დროებითი ბინადრობის ნებართვა გაიცა სულ 15 510 განმცხადებელზე, მათ შორის წარმოშობით ირანის ისლამური რესპუბლიკიდან არის 1 584, ხოლო წარმოშობით თურქეთის რესპუბლიკიდან 2 230 დროებითი ბინადრობის ნებართვის მიმღები.

მიხეილ სააკაშვილმა 1 სექტემბერს ასევე აღნიშნა: "მარგველაშვილმა მე ჩამომართვა მოქალაქეობა. სამაგიეროდ, 5 000 ირანელისთვის მიუნიჭებია. გააგრძელე შენი ერის ისტორია…[3]". TDI წერს, რომ ყოფილი პრეზიდენტის მიერ მოწოდებული ეს ინფორმაციაც მცდარია.

IDFI-ის მიერ მომზადებული სტატისტიკური ანალიზის თანახმად, 2005-2013 წლებში მოქალაქეობა მიენიჭა ირანის 425 მოქალაქეს, ხოლო, 2014-2017 წლებში საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭების შესახებ დადებითი რეკომენდაცია გაიცა ირანის 228 მოქალაქეზე, რაც ამ წლებში მოქალაქეობის მიმღებთა მთლიანი რაოდენობის მხოლოდ 1%-ს შეადგენს.

31 აგვისტოს, მიხეილ სააკაშვილმა თავის მორიგ ვიდეომიმართვაში აღნიშნა:

"ტურისტი დღეს საქართველოში შემოდის თავისი საჭმლით, თავისი შპროტით და ძეხვით. მანქანით შემოდის რუსეთიდან, თურქეთიდან ან ირანიდან და საქართველოში პრაქტიკულად არ ტოვებს ფულს."

ორგანიზაციის ცნობით, სინამდვილეში, ტურისტული სექტორის მთლიანი შემოსავალი, 2012 წლის შემდეგ პრაქტიკულად გაორმაგებულია და $2,7 მილიარდს აჭარბებს. გაზრდილია ქვეყნის ეკონომიკაში ტურიზმის წილიც და 6,9%-ს აღწევს.

TDI მიიჩნევს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ერთ-ერთი ძლიერი ოპოზიციური კოალიციის ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის ბოლოდროინდელი რიტორიკა შეიცავს მიზანმიმართულ ქსენოფობიას, აღვივებს საქართველოში სხვადასხვა მიზნით ჩამოსული ადამიანების წინააღმდეგ შეუწყნარებლობას. ორგანიზაცია, წერს, რომ ეს ტენდენცია განსაკუთრებით საგანგაშოა ბოლო წლების განმავლობაში სხვადასხვა რადიკალური, ფაშისტური და რასისტული ჯგუფის გამრავლებისა და არატოლერანტული განწყობების გაძლიერების ფონზე."

ორგანიზაციის ამ განცხადებას ყოფილი პრეზიდენტი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა.

"ეს ორგანიზაცია თავად არის ივანიშვილის ერთ-ერთი ინსტრუმენტი,რომელსაც ერთხელ არ ამოუღია ხმა ქართული სახელმწიფოს შემქმნელის პოლიტიკურ დევნაზე და იმაზე,რომ მე საქართველოში არ მიშვებენ...

რას ნიშნავს "სელექციურად არის მონაცემები?".ესე იგი,მონაცემების სისწორეში ეჭვი ვერ შეაქვთ..ეს განცხადება ყალბია თავიდან ბოლომდე.თუ ირანელი,თურქი,ან ჰოლანდიელი ქართველებს დაასაქმებს მაღალანაზღაურებად სამუშაოზე,რა თქმა უნდა,ღირს ბინადრობის მოწმობის მიცემის განხილვა და თუ შემოვა და მაღაზიის გამყიდვლად,ან ელექტრიკოსად დაიწყებს მუშაობას და ამით ადგილობრივის სამუშაო ადგილს წაიღებს,ნაშოვნ ფულს მთლიანად უცხო ქვეყანაში გადარიცხავს-დიახაც,არ მიმაჩნია მიზანშეწონილად ასეთი მიგრანტების შემოყვანა.დიახაც,არასწორია,რომ მათ უშვებენ და მე არ მიშვებენ ჩემს ქვეყანაში.

თუ თქვენ სხვანაირად ფიქრობთ?

პ.ს-დამისახელეთ დემოკრატიული ქვეყანა,სადაც საქართველოს მსგავსად არის გამარტივებული მოქალაქეობის მიღება..." - დაწერა სააკაშვილმა სოციალურ ქსელში.

სააკაშვილის ამ განცხადებას სოციალური ქსელის მომხმარებლებში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. ერთ-ერთმა მომხმარებელმა ლევან ტონაგანიანმა მიხეილ სააკაშვილს ასეთი კომენტარი დაუწერა:

"და ამ პოპულიზმით და ტყუილებით აპირებთ საქართველოში დაბრუნებას ბატონო მიშა? ძალიან სასაცილოა, როცა ამბობთ, რომ თითქოს ეს ორგანიზაცია ივანიშვილის ინსტრუმენტიაო. ეს ახლა იგივე გამოვა ვინმემ, რომ თქვას - გაეროც ივანიშვილის ინსტრუმენტია, TDI არის ამ ქვეყნის რელიგიის თავისუფლების უმთავრესი ქომაგი, რომელსაც ციტირებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და რომელმაც ფასდაუდებელი წინააღმდეგობა გაუწია ქართული ოცნების მრავალ ბოროტებას. ბუნებრივია, პრეზიდენტმა სააკაშვილმა შეუძლებელია იცოდეს რა უჯდებოდათ უმცირესობათა უფლებებისთვის მებრძოლებს პრინციპების ერთგულება, რადგან მას ეს პრინციპები და ღირებულებები წიხლზე ჰკიდია, იმიტომ, რომ უმცირესობები ჰკიდია ფეხზე. სამარცხვინო ქსენოფობია რომ არ შეარჩინეს, დგას ახლა და გაბრაზებული არიგებს იარლიყებს. კარგი ის არის, რომ ენმ-ის ამომრჩევლისა და წევრების ნაწილისთვის ანგარიშის გაწევა უწევს და იმის მტკიცება, რომ ქსენოფობია ქსენოფობია არ არის." - დაწერა ტონაგანიანმა.

სოციალური ქსელის მომხმარებელს სააკაშვილმა პასუხი კომენტარებშივე გასცა: " საქართველოში რით დავბრუნდები.ეგღა მაკლია ვინმე ტონაგანიანი მადანაშაულებდეს მე უმცირესობების შევიწროებაში.კიდევ კარგი,ყველა ეთნიკურმა უმცირესობამ კარგად უწყის თუ რა მაქვს მე გაკეთებული მათთვის.და,ახლა თურმე თქვენნაირებს უნდა უთანხმებდეს სააკაშვილი დაბრუნება-არდაბრუნების საკითხს..მართლა ყველაფერი თავდაყირა დადგა ჩვენს ქვეყანაში,მაგრამ არაუშავს,მალე ყველაფერი თავის ადგილზე დადგება..." -უპასუხა სააკაშვილმა სოციალური ქსელის მომხამრებელს.

თეგები :