• თბილისი
  • 14°C
  • 21 ნოემბერი, 2018
article

"შემეცოდა წულუკიანი... ეს პატარა გოგო ვერ მოერია მაფიას"

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ახალი შემადგენლობა წარადგინა.

ოპოზიციისა და საზოგადოების ნაწილის მოთხოვნის მიუხედავად, თეა წულუკიანი ისევ დარჩა იუსტიციის მინისტრად. აღნიშნულ საკითხს დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა, თუმცა, დღემდე ვერ სახელდება მიზეზი, თუ რატომ ვერ გაბედა მმართველმა გუნდმა მინისტრის  თანამდებობიდან გადაყენება.

მთავრობაში დაწყებული ცვლილებები, მოსალოდნელი შედეგები და მოახლოებული საპრეზიდეტო არჩევნები -  ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით,"პრესა.ჯი"-ს კითხვებს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე პასუხობს.
 
-პრემიერმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა. როგორ შეაფასებდით მის მიერ  შერჩეული მთავრობის ახალ შემადგენლობას?


-მე სპეციალისტი არ ვარ არც ეკონომიკის და არც იურიდიულ სფეროში, ამიტომ კატეგორიული ვერ ვიქნები, მით უმეტეს, რომ არც პოლიტიკოსი ვარ. ჩემი პოზიცია ასეთია - საჭიროა მინიმუმ 6 თვე, რათა ხალხმა დაინახოს, რა გაკეთდება.

ციფრებით ჟონგლიორობა არ შეიძლება,  ვითომ 8%-იანი ეკონომიკური ზრდა უცებ აღმოაჩინეს და  თურმე ეს 8% იმიტომ არ აისახება ჩვენს მაცივრებზე და ჯიბეებზე, რომ ბანკები - ეს უთოფო ყაჩაღები ყოფილან ყველაფერი.  ეს არის  პოლიტიკა.

თუმცა  ეს ყველაფერი ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისათვის, დამაჯერებელი არ არის,  ამიტომ მთავრობას  მე ვერ შევაფასებ იმით, ვინ როგორ მჭევრმეტყველობს და ვის რა არგუმენტები გააჩნია.

ჩემთვის არგუმენტი არის ის, რომ ძველი რომიდან დაწყებული დღევანდლამდე, უპრეცენდენტო ბრალდება წაუყენეს ზვიად კუპრავას, ერთი თეფშიდან რომ ჭამდა, მერე მეორე თეფშიდან გააგრძელა ჭამაო.  ჩვენი შთამომავლობა ამ დოკუმენტს თუ  ოდესმე  წაიკითხავს, შეიძლება ამაზე ირონიული რომანებიც დაიწეროს და ფილმიც მომზადდეს. ეს არის ჩემთვის არგუმენტი, იგივე მთავრობის მოქმედება ამ სფეროში.
ამიტომ,  დაახლოებით 6 თვის მერე თუ გაიაფდა სურსათი და თუ შეიცვალა მდგომარეობა, მერე დავიწყოთ შეფასებები.

მაგალითად, დაახლოებით 10 წელია ყოველ დღე ჰერკულესს ვყიდულობ და მივეჩვიე,  რომ ერთი შეკვრა  1 ლარი ღირდა,  დღეს უკვე ლარი და 30 ღირს. გამოდის რომ გაძვირდა 30%-ით. ეს უკანასკნელ წელიწადნახევარში  ძალიან დიდი მატებაა. ინგლისსა და საფრანგეთში ნახევარი პროცენტით მატებაზე ხალხი  ქუჩაში გამოდის.
 
ამიტომ მე ამ სიტუაციაში გამოვდივარ, არა როგორც ექსპერტი, არამედ რიგითი მოქალაქე, რომელსაც მაქვს ხელფასი და ვიცი, რაზე მეყოფა.

დღეს მთავრობის ვერც გინებას და კრიტიკას ვერ დავიწყებ და ვერც ვუმღერებ მათ,  უბრალოდ დავიცდი რამდენიმე თვე და მერე გავაკეთებ დასკვნებს, გამოიღო თუ არა ამ ცვლილებებმა შედეგი საზოგადოებისთვის. ასე უნდა იყოს  საზოგადოებაც აპოლიტიზირებული, ვინაიდან ყველაზე დიდი პოლიტიკა რიგითი მოქალაქისათვის არის მაცივარი, ეს მაცივარია ოპოზიციაც, პოზიციაც და ყველა ერთად, ამიტომ მე ცალკეულ მინისტრს ვერ დავახასიათებ, თუმცა რბილად რომ ვთქვა და ვიყო პოლიტკორექტული, გაუგებარი იყო კახი კახიშვილის მარგი ქმედების კოეფიციენტის ასეთი ხელოვნური გაუფასურება. ასეთ მინისტრებს, თუ ჩვენ ევროპისკენ მივდივართ და არა რუსეთისკენ, დღისით სანთლით ეძებენ. როდესაც თვითონ პრემიერი ამბობს, რომ  ყველაზე რეიტინგული მინისტრი იყოო, ამით მან ყველაფერი თქვა, შეიძლება ისიც თქვა, რომ მე არ დამაბრალოთ ამის ჩამოშორება, რადგან ჩემი შეხედულებით ის რეიტინგული მინისტრი არისო.  თოქ-შოუების განსახილველი თემა გახდა ეს საკითხი, ვერ შეთანხმდნენ ინგა გრიგოლია და უმრავლესობის ლიდერი, ეს მოხსნა იყო, გადაყენება თუ დაწინაურება, მაგრამ ყველამ იცის, რომ  დამოუკიდებელ პოლიტიკოსს თუ  ადმინისტრაციის ჩინოვნიკად აქცევ, ეს ვერავითარ შემთხვევაში დაწინაურებად ვერ ჩაითვლება, მით უმეტეს ახალგაზრდა ადამიანის. მოდით პოლიტიკოსებს მივანდოთ მკვეთრი განცხადებები და ჩვენ რიგითმა მოქალაქეებმა დაველოდთ, რა ვქნათ.  უკვე თითქმის 30 წელია მოლოდინის რეჟიმში ვართ, მაგრამ სხვა გზა აღარ დაგვრჩა არც ამჯერად.

- რას შეიძლება ნიშნავდეს იუსტიციის მინისტრის პოსტზე თეა წულუკიანის შენარჩუნება?

-დავიწყოთ ასე - საითკენ მივდივართ ჩვენ? თეა წულუკიანი ჩემი სტუდენტი იყო, თან ძალიან კარგი სტუდენტი, შეიძლება უბრალოდ ეს პატარა გოგო ვერ მოერია მაფიას, იგივე  იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, მე ვისმენდი მათ განცხადებებს და უბრალოდ შემეცოდა წულუკიანი, ეს რა ხალხის ხელშია ჩვენი სასამართლო სისტემა, არასამთავრობო განცხადებას შეფასებას რომ აძლევდნენ.

თითქმის ინკვიზიცია მოითხოვეს მათი, მე რაც წამიკითხავს ესპანეთის  წმინდა ინკვიზიციაზე ის გამახსენდა, იქაც ასე მოითხოვდნენ თავის დროზე ჯორდანო ბრუნოს წასვლას, აქ თვითონ წულუკიანის გადასაწყვეტი იყო, უღირდა თუ არა. ეტყობა უღირს მას მინისტრობა ასეთ გარემოებაში, მაგრამ ჩვენ ხომ ჩაციკლულები ვართ იმაზე, თუ რას  იტყვის ევროპა, ევროპის დემოკრატიულ ქვეყნებში, რომელ მინისტრს ნახავთ, რომელსაც  6 წელი ეკავა  თანამდებობა?  6 წლის შემდეგ დე გოლსაც აუმხედრდნენ  და პირველი გამოსვლები მის წინააღმდეგ დაიწყო სწორედ  მისი 6 წლის პრეზიდენტობის მერე, მით უმეტეს რომ მან მართლაც ფერფლიდან,  ფენიქსივით აღადგინა საფრანგეთი, ბუნებრივია, არ უყვართ დემოკრატიულ ქვეყნებში ერთი ადამიანი სკამს რომ მიეწებება, მაგრამ ეს თვითონ წულუკიანის გადასაწყვეტი იყო.

ეტყობა მზად არის ზიდოს გაერთიანებული ორი სამინისტროს ხელმძღვანელის ტვირთი.

-საპრეზიდენტო კანდიდატების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა , მაგალითად:   ენმ-ის საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე იქნება, ევროპული   საქართველო დავით ბაქრაძეს წარადგენს, ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატები  შესაძლოა   იყვნენ: სუბარი, ზურაბიშვილი, ბაქრაძე (ელჩი ამერიკაში) და ბიძინა  ივანიშვილი, თქვენი აზრით, ვის წარადგენს ჩამოთვლილთაგან  მმართველი გუნდი კანდიდატად?

-მე კატეგორიულად გამოვრიცხავდი ზურაბიშვილს, ვინაიდან ეს ქალბატონი პოლიტიკისათვის საერთოდ არ არის დაბადებული, პირადი ჩვევებით და წარსულით, ვერასოდეს ვაპატიებ იმას, თუ როგორ მოექცა ალექსანდრე ჩიკვაიძეს, ქვეყნის წამყვან დიპლომატს, მან თავის მეექვსე თანაშემწეს დაარეკინა ევროპაში და მოახსნევინა, ჩიკვაიძე ამას არ იმსახურებდა,  ასევე მან შეიწირა გიგა ბურდული თავისი უხეშობითა და არადიპლომატიური საქციელით.  ამიტომ მაგას გამოვრიცხავდი, თუმცა არ გამიკვირდება,  ვინაიდან გამსახურდიადან მოყოლებული დღემდე,  ჩვენთან პირადი ერთგულება უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე პროფესიონალიზმი.

არცერთი არ არის მაინცადამაინც გამორჩეული,   სოზარ სუბარი წესიერი ბიჭია, მხოლოდ ეს შემიძლია ვთქვა,  პრეზიდენტს  სექტემბრის შემდეგ, დღეს რა უფლებამოსილებაც  აქვს  იმასაც უნახევრებენ, უბრალოდ ეს  იქნება საპატიო პენსია და  ხელფასი, პენსიაზე გასვლის შემდეგ გარანტირებული კეთილდღეობით. საპარლამენტო რესპუბლიკებში  არცერთი პრეზიდენტი არ არის 70 წელზე ახალგაზრდა, ეს არაფერზე მეტყველებს? ეს იმაზე მეტყველებს,  რომ ყველა საპარლამენტო რესუბლიკაში, პრეზიდენტი ეს არის საპატიო მოვალეობა, რომელმაც თვეში ერთხელ უნდა ჩაიცვას ფრაკი, გაალამაზონ კოსმეტიკით,  გააახალგაზრდაონ,  ვიტამინებით გატენონ, რომ ნახევარი საათი ფეხზე დგომა დახმარების გარეშე შეძლოს და წითელ ხალიჩაზე სიარულის დროს არ წაიქცეს...

თეგები :