• თბილისი
  • 14°C
  • 21 ნოემბერი, 2018
article

პრემიერ-მინისტრმა მთავრობის განახლებული შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ახალი შემადგენლობა წარადგინა. როგორც ბახტაძემ განაცხადა, განათლების, მეცნიერებისა და სპორტის მინისტრის პოსტს დაიკავებს მიხეილ ბატიაშვილი.

ფინანსთა მინისტრის პოსტზე წარდგენილია ივანე მაჭავარიანი, რომელიც წლების განმავლობაში კომპანია "ჯეოსელში" მუშაობდა.

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტს დაიკავეს გიორგი ქობულია. საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს იბარებს დავით ზალკალიანი. ზალკალიანი აქამდე საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის მოადგილე იყო.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელი კი კახა კახიშვილია, რომელიც მანამდე სასჯელაღსრულებას ხელმძღვანელობდა. მამუკა ბახტაძის განცხადებით, კახიშვილი მინისტრთა კაბინეტის ყველაზე წარმატებული მინისტრი იყო, რომელმაც ფუნდამენტური რეფორმები გაატარა სასჯელაღსრულების სისტემაში.

დანარჩენი 7 უწყების ხელმძღვანელი უცვლელი რჩება:

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – მაია ცქიტიშვილი;

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ლევან დავითაშვილი;

შინაგან საქმეთა მინისტრი – გიორგი გახარია;

იუსტიციის მინისტრი – თეა წულუკიანი;

თავდაცვის მინისტრი – ლევან იზორია;

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – დავით სერგეენკო;

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – ქეთევან ციხელაშვილი.

მინისტრობის კანდიდატებს და პრემიერმინისტრს დეპუტატები 13 ივლისიდან მოუსმენენ. მთავრობას ნდობის მისაღებად 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება.

პარლამენტმა მთავრობის სტრუქტურული ცვლილებები მესამე მოსმენით 5 ივლისს დაამტკიცა, რომლის თანახმადაც, 14 სამინისტრო 11-მდე შემცირდა.

მამუკა ბახტაძე 14 ივნისს ქართულმა ოცნებამ პრემიერმინისტრობის კანდიდატად დაასახელა. გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერმინისტრის თანამდებობა 12 ივნისს დატოვა.

თეგები :