• თბილისი
  • 14°C
  • 21 ნოემბერი, 2018
article

"პროკურორმა იმედა გუგუშვილმა მითხრა, თუ ბევრს ილაპარაკებთ, ამათაც გარეთ გამოვუშვებთო"

ერთ-ერთ შეხვედრაზე პროკურორმა იმედა გუგუშვილმა მომმართა: თუ თქვენ ბევრს ილაპარაკებთ, ამათაც გარეთ გამოვუშვებთ, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქმის პროკურორები ამტკიცებდნენ, რომ მისი შვილი გ.ჯ-მ მოკლა, ხოლო პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ აღწერა კიდეც დაახლოებით როგორ შეეძლო დაერტყა მას დანა 12-ჯერ.

"მე სიმართლე ვიცოდი და ვიფიქრე, რომ ალბათ, ბავშვებმა არ ითანამშრომლეს. საქმე გამოძიების ეტაპზე იყო და ვფიქრობდი, რომ სიმართლეს დაადგენდნენ. მამაჩემი მწყობრიდან გამოიყვანა სიტყვებმა, რომ ჩემი შვილის მკვლელი მხოლოდ გ.ჯ. იყო. ვსაუბრობდი, რომ მხოლოდ ერთი ადამიანი არ შეიძლება ყოფილიყო ჩემი შვილის მკვლელი. გუგუშვილის მომართვა იყო: - თქვენ თუ ბევრს ილაპარაკებთ, ამათაც გარეთ გამოვუშვებთ! ამაზე ჩემი პასუხი იყო: - გამოუშვით, პრობლემა არ არის. თუკი დანარჩენი მკვლელები გარეთ უნდა იყვნენ, ერთი ან ორი ადამიანის დაკავებას რა აზრი ჰქონდა?! ამ ინფორმაციას მამაჩემიც დაადასტურებს. ამ სიტყვების შემდეგ მივხვდი, რომ რთულად იყო საქმე, არ აპირებდნენ საქმის სრულფასოვნად გამოძიებას ან რაღაც ხდებოდა. ამის მიუხედავად, მაინც იმედი არ დამიკარგავს და მაინც ვენდობოდი პროკურატურას“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

მისივე თქმით, მაისში გამართულ შეხვედრაზე მან პროკურორ გუგუშვილს უთხრა, რომ თუკი სიმართლე არ დადგინდებოდა “მალალეტკების ომი დაიწყებოდა“, რაზეც მისი პასუხი იყო, რომ “დაიწყოს, არ არის პრობლემა“.