• თბილისი
  • 4°C
  • 17 დეკემბერი, 2018
article

კოკო გამსახურდია პოლიტიკიდან, გაურკვევლობაში გადავარდა

„პრესა.ჯის“ კოკო გამსახურდია გაუნაწყენდა. როგორც მოგეხსენებათ, ვწერდით, თუ რა ძნელი მოსახელთებელი გახდა პარტია „თავისუფლების” ლიდერი. „ევროპაში ვიყავი და კაბინეტის კარი იმიტომაც იყო დაკეტილი“ _ განგვიცხადა კოკო გამსახურდიამ.

 დეპუტატ კონსტანტინე გამსახურდიას ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირსა და მეტეოროლოგიის მსოფლიო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად, პარლამენტი 24 ივნისს, საგაზაფხულო სესიის დასრულებისას დაამტკიცებს. „პრესა.ჯი-სთან საუბრისას, გამსახურდია აღნიშნავს, რომ იგი ამ ორგანიზაციებში საქმიანობას ივლისში შეუდგება. რაც შეეხება პოლიტიკაში მის დაბრუნებას, დეპუტატს ამ საკითხის პროგნოზირება უჭირს.

თუ გაეცანით უკვე ამ ორგანიზაციის არსს?

– პარტიული პოლიტიკიდან გავდივარ და სახელმწიფო სამსახურში გადავდივარ. საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ანუ, ელჩი ვხდები. ეს ორგანიზაციები გაეროს ჟენევის ოფისის ეგიდით მოქმედებენ. ფართო სპექტრის ორგანიზაციები არიან. ისინი მოიცავენ ეკოლოგიას, კომუნიკაციებს, გამოკვებას, სოფლის მეურნეობასა და განათლებას.  

ელჩის რანგში საქმიანობას როდის შეუდგებით?

– საქმიანობას ივლისის თვეში შევუდგები. ამ ორგანიზაციებში საქმიანობა უფრო რთულია, ვიდრე ნებისმიერ ქვეყანაში ელჩობა.

რატომ?

– ამ ორგანიზაციებში ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხები გადასაჭრელია.

მაგალითად?

– სხვადასხვა კონვენციებსა და საერთაშორისო პროცესებში საქართველოს ჩართვა, რომ მოხდეს. ამაში, იგულისხმება, არა მარტო პოლიტიკური პროცესები, არამედ ეკონომიკისა და სხვა ჩემს მიერ ჩამოთვლილ სფეროებში მიმდინარე პროცესები. ამ ორგანიზაციებში საქმიანობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ფიქრობთ, რომ თქვენი საქმიანობით ქვეყანას შედეგს მოუტანთ?  

– ამ ორგანიზაციებში, საქართველოს წარმომადგენლის პოსტი აქამდე არ არსებობდა. ეს თანამდებობა, ახლა იქმნება და დიფერენცირება ხდება. დიპლომატიის სფეროში ეს ახალი ნაბიჯია. სხვათაშორის, ისეთ ქვეყნებს როგორიცაა: გერმანია და ბრიტანეთი, შვეიცარიაში რამდენიმე წარმომადგენელი ჰყავთ. თუმცა, ეს პროცესი დიდხანს გაგრძელდება, რადგან ამას სოლიდური ბიუჯეტი დასჭირდება. ჩვენი ბიუჯეტი კი,  ლიტვისა და აზერბაიჯანის ბიუჯეტს ბევრად ჩამოუვარდება.

სახელმწიფოებს, რომლებსაც ერთ ქვეყანაში ორი ელჩი ჰყავთ,  დიპლომატების შენახვა საკმაოდ დიდი თანხა უჯდებათ. საქართველოს შვეიცარიაში ორი ელჩი, რომ ჰყავდეს, ეს ერთგვარი ფუფუნებაა. ვინ გადაწყვიტა ამ ორგანიზაციაში თქვენი წარგზავნა?

– ამ გადაწყვეტილებას სახელმწიფო მიიღებს.

გავრცელებული ინფორმაციით, თქვენი ამ ორგანიზაციებში წარგზავნა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეთანხმებულია.  . .

– რა ვქნა, სპეკულაციებს გამოვეხმაურო?

რა ბედი ეწევა თქვენს პარტიას?

– პარტიას თავმჯდომარე არ ეყოლება, იარსებებს ბორდი, რომელსაც თავისი სპიკერი და ვიცე-სპიკერი ეყოლება.

პოლიტიკაში დაბრუნებას აპირებთ თქვენი პარტია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს?

– ამას მომავალი გვიჩვენებს. რაც შეეხება 2012 წლის არჩევნებს, მე მასში მონაწილეობას არ მივიღებ, ხოლო პარტია ამას თავად გადაწყვეტს.


თეგები :