• თბილისი
  • 7°C
  • 15 დეკემბერი, 2018
article

ოტია იოსელიანი გარდაიცვალა

ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, ცნობილი ქართველი მწერალი ოტია იოსელიანი გარდაიცვალა. მწერალს, დრამატურგს, კინოსცენარისტსა და საზოგადო მოღვაწეს 81 წელი ერთი თვის წინ, 16 ივნისს შეუსრულდა.  

ოტია იოსელიანი 1930 წლის 16 ივნისს წყალტუბოში, სოფელ გვიშტიბში დაიბადა.

სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა განაგრძო ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე. ინსტიტუტს მალე დაანება თავი და ჩაირიცხა თბილისის სამხატვრო აკადემიის მოსამზადებელ კურსებზე. 1961 წელს დაამთავრა სსრკ მწერალთა კავშირთან არსებული უმაღლესი ლიტერატურის კურსები. 

მისი პირველი თხზულება 1954 წელს დაიბეჭდა. მოთხრობების პირველი კრებული ,,კარის მეზობლები“  1957 წელს გამოიცა. მუშაობდა როგორც ნოველისტიკაში, ისე რომანის ჟანრში, წერდა პიესებს და კინოსცენარებს. იოსელიანი ინტენსიურად მუშაობდა საბავშვო მწერლობის დარგში (კრებულები ,,ცხრა მთას იქით“, ,,დაჩის ზრაპრები“, ,,ცა გამთენია“ და სხვ). 

ოტია იოსელიანი წერდა რომანებსაც, რომელიც ეხებოდა, როგორც ომის თემას, ასევე ზნეობრივ–ეთიკურ პრობლემატიკას (რომანები: ,,ვარსკვლავთცვენა,“ ,,იყო ერთი ქალი,“ ,,ტყვეთა ტყვე,“ ,,შავი და ცისფერი მდინარე“ და ა.შ). ის არის ავტორი ათამდე პიესისა (,,ადამიანი იბადება ერთხელ,“ ,,როცა სიყვარული მოვა,“ ,,სანამ ურემი გადაბრუნდება,“ ,,ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი“ და სხვ). 

ოტია იოსელიანის თხზულებები ნათარგმნია უცხოურ ენებზე. ის დაჯილდოებულია ,,საპატიო ნიშნის“ ორდენით. ოტია იოსელიანი წყალტუბოში, საკუთარი ხელით აგებულ ლამაზ ოდა სახლში ცხოვრობდა. ამ სახლს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან სტუმრობენ მწერლები, ხელოვნების მუშაკები და ატარებენ ლიტერატურულ საღამოებს. 

ოტია იოსელიანს ჰყავს სამი შვილი – ბაჩო, მანო და დაჩი, რომელთა სახელები კარგადაა ნაცნობი მისი ნაწარმოების მკითხველისათვის. 

ბოლოს, შეგახსენებთ ამ დიდი მწერლის რამდენიმე ცნობილ გამონათქვამს:

,,არავინ იცის, ადამიანები გულწრფელად როდის ტირიან ან იცინიან, მაგრამ ვინც დარდისგან გასიებული ცრემლებს ჩუმად ყლაპავს, გწამდეთ, მეგობრებო!!! ის მართლა ტირის“.... 

,,ბევრი ვაკეთე და ვაშენე, მეყოფა, აწი სხვებმა აშენონ და აკეთონო,-- რომ იტყვი და ხელებს დაიბან -- იცოდე, იმ დღიდან ანგრევ, თუ რამე აგიშენებია“. 

,,გაზაფხული უმერცხლოდაც მოვა, მერცხალი არ მოვა უგაზაფხულოდ“.

,,გამოცდილებით, თავგადასულობით რომ ჭკუის სწავლა შეიძლებოდეს, რაც ჩვენს ქვეყანას თავს გადახდენია, ჩვენში, ბრძენი კი არა, სულელი იქნებოდა სანთლით საძებარი“. 

,,ყოველ ადამიანს აქვს ამ ქვეყნად კუნჭული, სადაც ის თავისი ცხოვრებით ცხოვრობს.“ 

,,დედისათვის ყვავის ბახალაც შვილია და არწივის მართვეც, მაგრამ ქვეყნისთვისაა სხვადასხვა.“

,,ადამიანებს ერთმანეთის დანდობა და სიყვარული იმიტომ გვჭირდება, რომ ცხოვრებაა დაუნდობელი და კაცთმოძულე.“


თეგები :