• თბილისი
  • 17°C
  • 21 ნოემბერი, 2018
article

ლადო სეიდიშვილი - „მინდა ჩემი "მე" მოვიძიო და სამოსახლო მისი მყოფობის…“

პოეტი და მხატვარი ლადო სეიდიშვილი დაიბადა 1931 წლის 21 იანვარს ბათუმში, მოსამსახურის ოჯახში. მამა - 1937 წლის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლი, დედა - სათნოების და.

1962 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის გრაფიკა-ფერწერის ფაკულტეტი.

სხვადასხვა დროს მუშაობდა: ბათუმის გამომცემლობაში მხატვარ-რედაქტორად, თბილისის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ბათუმის ფილიალის მხატვარ-არქიტექტორად,

1965-71 წლებში აირჩიეს აჭარის მხატვართა კავშირის თავჯდომარედ. ამ წლებში შექმნა ფერწერული ტილოები: „ჭაშნიკი”, „უმამო ოჯახი", „შრომა" („მუშები ბათუმიდან") და სხვა. ეს ნაწარმოები ქალაქ სფრინგვილის ხელოვნების მუზეუმის (ამერიკა, იუტას შტატი) საკუთრებაა. ტილომ დიდი ყურადღება დაიმსახურა და ავტორის თანხმობით შეიტანეს მუზეუმის მიერ გამოცემულ კატალოგში, რომელიც წარმოადგენს უცხო ქვეყნის კულტურის გასაცნობ  სახელმძღვანელოს ამერიკაში არსებულ სამხატვრო კოლეჯების სტუდენტებისათვის. ლონდონის ხელოვნების მუზეუმის გრიფით გამოცემულ, მაღალი პოლიგრაფიული დონის წიგნში "საბჭოთა იმპრესიონიზმი" წარმოდგენილია ზემოთ აღნიშნული ფერწერული ტილo (“SOVIET IMPRESSIONIZM Ve Grosvenor Swanson, 2001). ადრე, 1981 წელს ჟურნალ “ისკუსტვოში" დაიბეჭდა "უმამო ოჯახის" რეპროდუქცია.

ლადო სეიდიშვილი პარალელურად მუშაობდა წიგნების გრაფიკაზე, დეკორატიულ ხელოვნებაში (მისი სცენოგრაფიით ბათუმის თეატრში დაიდგა სპექტაკლები: "მეშვიდე ცა", "თვალი პატიოსანი", "ყოჩაღი ჯარისკაცი შვეიკი"). 1975 წელს სპექტაკლების დათვალიერებაზე "მეშვიდე ცის" სცენოგრაფია სპეციალური დიპლომით აღინიშნა.

მისი პირველი ლექსები გამოქვეყნდა 1956 წელს. სხვადასხვა დროს გამოვიდა მისი წიგნები: „ლექსების კრებული"'(1961 წ.), „მზის ხმაური" (1963 წ.), „სონეტების გვირგვინი" (1972 წ. პირველად ქართულ პოეზიაში ლ. სეიდიშვილმა შემოიტანა ეს ციკლი). „ელესა" (1969), "ადამის ვაშლი", "ზნენი და ვნებანი" (1995 წ.), ერთტომეული (2001 წ.), "რეკვიემი" (2005 წ.) და სხვ.

2001 წელს, 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ქართულ ლიტერატურაში გაწეული ღვაწლისათვის, ლადო სეიდიშვილი დაჯილდოვდა მემედ აბაშიძის პრემიით.
 
ლადო სეიდიშვილი გარდაიცვალა 2010 წლის 27 თებერვალს, თბილისში, სადაც ბოლო წლებში ცხოვრობდა. დაკრძალულია ბათუმის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

პოეტი ვახტანგ ღლონტი ლადო სეიდიშვილზე წერდა: „იგი შეურაცხყვეს დაუნახაობით. სალიტერატურო კრიტიკას შეუმჩნეველი დარჩა ეს თვალსაჩინო არისტოკრატი ქართული პოეტური სიტყვისა. მხოლოდ რამდენიმე ნამდვილმა კაცმა თქვა რამდენიმე ნამდვილი სიტყვა, ეს იყო და ეს!

"რვა კარი ჰქონდა საოცრებას დახშული რვავე,
როგორ გამეღო, თუ ერთ-ერთში ვიჯექი თავად".

მძიმეა მისი ლექსი, ფრთებდალეწილი ფრინველივით, მაგრამ ეს აზრის სიმძიმითაა გამოწვეული. იმ ტვირთს, პოეტი რომ ეჭიდება, ორი ფრთა არ ყოფნის. მით უფრო, თუ ამ ფრთებს ბევრი მოშურნე თვალიც უშენს შხამიან ისრებს.

ლადო სეიდიშვილი არ არის ღია, "მყვირალა პოეტი". იგი გულმოდგინედ წნეხს თავისი მწუხარების მტევნებს (ასე წურავენ საქართველოში ყურძენს, მათრობელა ბანგად რომ გადაიქცევა მერე). მწუხარება თმობს სხეულს და, სულის ამარა დარჩენილი, ახლა თავად კარნახობს ავტორს "თამაშის წესებს".

გავიხსენოთ ლადო სეიდიშვილის რამდენიმე ლექსი.

ანაქრონიზმი

მინდა ჩემი "მე" მოვიძიო და სამოსახლო
მისი მყოფობის, მისი არსი სულით ნაღრძობი...
იქნებ აქვეა ჩემი ego, თან ისე ახლოს –
დაუნახავი გახდა თვალის გაუმაძღრობით.
დიდხანს მაწვალე,
მალოდინე, მაინც არ მომე –
უძღები შვილის პირობაზე შიშვლად დავნაყრდი.
ახლა ისეთი ჟამი მიდგას – ჯირკვლის ჰორმონებს
პილატეს ცრემლი ვანაცვალო უნდა (ვარაყით!).
ის გზას გამიხსნის მსუნაგივით თავკერძა "მე"-ში,
რადგან საერთოს არასოდეს ჰქონდა პატივი
და ვასხივებდი სითბოს როგორც ბოდლერის "ლეში",
ხან ბრბო ვიყავი, ხან სამშობლო - ვაშლის მატლივით(!)
ვიცი, ვერასდროს ჯვარს ვერ დავწერ კამილა-როდენს,
ვერც დაუწერელ "აღლუმს" დადგამს ჩემთვის თეატრი,
მაგრამ არ ვიცი, თავდაყირა ვივლი როდემდე
პეტრარკასავით (?) განწირული ბეატრიჩეთი,
მზე აღარ მზეობს ვარსკვლავების ჰარამხანაში,
საჭურისები თავს ირთობენ კოჭის გორებით...
გავარვარებულ ცის თონეში მთვარის ლავაში
ისე ჩაიწვა, რომ მშივრები დარჩნენ ობლები.
სიტყვა არ არის – კაცის ყოფას რომ მიამგვანო,
საქმე არ არის – სულთან ერთად გეჭიროს კბილით...
არაფრისაგან ვიტანჯები არაფრის გამო
და მიხარია, როცა მტკივა შენი ტკივილი.

ლტოლვა

უნდა შევცვალო გარე სამყარო
და მისი ურცხვი ძალმომრეობა:
არ მინდა, მიწა არ დამაყაროთ,
გადამიხადეთ ცაში ძეობა!
რადგან ვერ შეძლო სიცოცხლის დაცვა
"იგი":-მ იმავე შიშის შეწევნით
და მიწიერი ცხოვრების ნაცვლად
ვიცი, ზეციურს ვეღარ ვეწევი.
ლტოლვა, რომელიც მპირდება ახლად
მაგემოს სიტკბო (მერე რამხელა!)
ის ამავე დროს მიზნად ისახავს
კავშირების და ნივთების რღვევას...
თუ პრეტენზიას აცხადებს ნდომა,
თანაც ვწყვეტ "მე"-სთან ყოველგვარ კავშირს;
მაშინ ვგრძნობ, რომ იმ დიდი ხის რტო ვარ,
რომელსაც ქარი იკლებს განგაშით
და დათრგუნული ჩემი წადილი
ჰგავს ნაგაზს ისევ ამ ხეზე დაბმულს _
როცა სიცრუე არის ნამდვილი,
როცა აკრძალულს მოუხსნეს ტაბუ,
და მაინც ვუსმენ ჩურჩულს ფოთლების,
თმების შრიალს რომ ვამსგავსებ ჟროლით...
ნეტავი, ახლა სად ვიმყოფები -
სიყვარულსა და გულისთქმას შორის.

შა ნაკბა იმერუ

ზურაბ კიკნაძეს

ღრმა ჯურღმული წარსულისა, ჩემო ენქიდუ!
გზა გამიკვლიე, პასუხს ჩავწვდე იდუმალყოფის -
წამიერებამ ვით შეჰყარა ასე თანხმობით
ფოტოზე ოთხი ძმადნაფიცი კრაველის ქუდით.
რაზეც გაგვაკრეს, იგი ჯვარი გულზე გვეკიდა...
სისხლი წვეთავდა პერანგიდან მუქაფად ოფლის...
მაინც რად უნდა იყოს კაცი უკმაყოფილო,
განა ღვთაებას ხატად თვისად თავად არ ქმნიდა?
ვინ მოაღწია ურუქს - ქალღმერთ ინანას ქალაქს.
შემოეფეთა დედოფალი ციურ სახლიდან;
მისი რჩეული ვინ არს ახლა თამუზის კვალად...
და საკრალური ქორწინებით როკავს რახილთან.
ცხადს გადმოევლო... მხრით მოჰქონდა მზის თავისქალა,
ვიღაცა იდგა წყვდიადში და ტყვიას გვახლიდა.

ურბანისტული

ვერ შევეგუე ხმაურს თქვენებურს
და ოთახში ვარ გამომწყვდეული,
ვით საკუთარი სულის სადგური -
თანამეცხედრე ჩემი სხეულის.
ყოველ ხმაურზე წამოვვარდები,
კარებს აწყდება რკინის კივილი;
ბუხრიდან მიმზერს ძველი კანდელი
ჩანაცრებული ფიქრის ტკივილით.
უცხო მკველელები შემომესივნენ,
ხელში ჩამაკლეს მოძმე დუმილი
და ჯვარცმული ვარ როგორც მესია,
უამინდობით შემოდგომურით.


თეგები :