• თბილისი
  • 6°C
  • 15 დეკემბერი, 2018
article

დიდი ქართველი მეცნიერი – ივანე თარხან–მოურავი

ივანე რამაზის-ძე თარხან-მოურავი, იგივე თარხნიშვილი, იგივე თარხანოვი, ქართველი თავადი, ფიზიოლოგი, მკვლევარი და პედაგოგი, 1846 წლის 15 ივნისს, თბილისში, საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი სააკაძის შვილთაშვილის, რუსეთის არმიის გენერლის ოჯახში დაიბადა. სამშობლოს წინაშე გამოჩენილი დამსახურებისათვის, სააკაძეს თავადის ტიტული და სახელმწიფო გადასახადისაგან გათავისუფლება - თარხანობა ებოძა. სწორედ აქედან მოდის გიორგი სააკაძის ერთადერთი გადარჩენილი შვილის - სიაუშის შთამომავალთა ორმაგი გვარი.

1863-1864 წლებში, ივანე პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკური ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილებაზე სწავლობდა. 1869 წელს დაამთავრა პეტერბურგის სამედიცინო-ქირურგიული აკადემია. მეცნიერული მუშაობა ფიზიოლოგიაში სტუდენტობიდანვე დაიწყო, სეჩენოვის ხელმძღვანელობით.

1871 წელს, დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „სიცივისა და სითბოს გავლენა ბაყაყის მგრძნობიარე ნერვებზე“. იმავე წელს თარხნიშვილი გაემგზავრა თბილისში, სადაც წაიკითხა საჯარო ლექციების კურსი ფიზიოლოგიაში.

1873 წელს, ივანე თარხნიშვილი ორი წლით გაგზავნეს საზღვარგარეთ, სადაც  ცნობილ მეცნიერთა ლაბორატორიებში მუშაობდა. დაბრუნების შემდეგ, პეტერბურგის სამედიცინო-ქირურგიულ აკადემიაში პრივატ-დოცენტად მიიწვიეს, ხოლო შემდეგ - პროფესორად.

1895 წელს, პროგრესული შეხედულებების გამო ,იგი იძულებული გახდა აკადემია დაეტოვებინა. 1895-1901 წლებში ლექციებს კითხულობდა პეტერბურგის უნივერსიტეტში.

1901 წელს, მიიწვიეს ბრიუსელში, ფიზიოლოგიაში ლექციების წასაკითხად. მუშაობდა ფიზიოლოგიის სხვადასხვა დარგში. განსაკუთრებით თვალსაჩინოა მის მიერ ადამიანის კანში ელექტრომამოძრავებელი ძალების აღმოჩენა სხვადასხვა გაღიზიანების საპასუხოდ და ფსიქოლოგიური მოქმედების დროს. კანში აღმოცენებულ ნელ ელექტრულ ეფექტებს მსოფლიო ლიტერატურაში „თარხანოვის ფენომენად“ იხსენიებენ. თარხნიშვილმა შეისწავლა ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციები, მათ შორის ძილისა და ჰიპნოზის მოვლენები, სეკრეციის საკითხები, ორგანიზმზე გარემოს ზემოქმედების გავლენა. ცხოველებში ბიოელექტრული მოვლენების კვლევისას აღწერა ფსიქოგალვანური რეფლექსი. ერთ-ერთმა პირველმა შეისწავლა ორგანიზმზე რენტგენის სხივების მოქმედება და შესაძლებლად მიიჩნია მათი გამოყენება ავთვისებიანი სიმსივნის სამკურნალოდ. ივანე თარხნიშვილი მუშაობდა აგრეთვე ასაკობრივი ფიზიოლოგიის საკითხებსა და სოციალური ჰიგიენის პრობლემებზე.

თარხნიშვილი ეწეოდა ბიოლოგიური და სამედიცინო საკითხების ფართო პოპულარიზაციას რუსეთსა და საქართველოში - კითხულობდა ლექციებს, აქვეყნებდა სამეცნიერო-პოპულარულ ნაშრომებს. მისი ხელმძღვანელობით მრავალი ახალგაზრდა მეცნიერი აღიზარდა. იყო სამამულო სამედიცინო საზოგადოებებისა და საბუნებისმეტყველო საზოგადოების წევრი, პარიზის ბიოლოგიური საზოგადოების წევრ-კორესპონდენტი, ჰალეს აკადემიის წევრი.

ივანე თარხნიშვილი 1900 წელს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე „საპატიო ლეგიონის“ ორდენით დააჯილდოვეს. 1947 წლიდან, თსსუ-ში არსებობს მისი სახელობის სამეცნიერო საზოგადოება. გარდაიცვალა 1908 წელს.


თეგები :