• თბილისი
  • 33°C
  • 08 აგვისტო, 2020
article

ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი: ილია უკეთილშობილესი ადამიანია. მას სასულიერო აკადემია აქვს დამთავრებული

სურამში მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულ ილია ქურდაძის ადვოკატმა ნათია სირაძემ სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, რომ ბრალდებული არაადეკატურია. 

"დღეს რამდენიმე საათიანი ურთიერთობა მქონდა ილია ქურდაძესთან. ეს ადამიანი არის უმძიმესი ფსიქიკური მდგომარეობის ქვეშ. ასეთი დაჩქარებული წესით და არასამუშაო დროს, აღკვეთი ღონისძიების განხილვა, სწორედ ემსახურებოდა იმას, რომ სინამდვილეში დროებით მოთავსების იზოლატორში დღეს მას ვერავინ გაუთენებს ღამეს, როგორც გუშინ გაუთენეს. მას რა ელანდება და რა შეიძლება, მოუწიოს თავის თავს, რა შეიძლება, რომ იმოქმედოს, მისი უკიდურესად მძიმე ფსიქიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენ არ ვიცით",- განაცხადა ადვოკატმა.

როგორც ადვოკატმა სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, ბრალდებულის მძიმე ფსიქიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, აუცილებელია, მისი გადაყვანა მოხდეს შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში, რათა მდგომარეობა შეფასდეს.

ადვოკატის მტკიცებით, მის დაცვის ქვეშ მყოფს საერთოდ არ ახსოვს, რა მოხდა დანაშაულის ღამეს. ადვოკატის თქმით, ის სამი საათის განმავლობაში, ელოდებოდა პოლიციას და შემთხვევის ადგილი არ დაუტოვებია.

"ამ სამი საათის განმავლობაში მას გარეთ ფეხიც არ გაუდგამს. ბოლომდე ელოდებოდა და არსებობს კადრები, როგორ მიჰყვება პოლიციას. მომენტებში აქვს გამონათებები და მომენტებში საერთოდ არ ახსოვს, რა მოხდა. რა ძალების ზემოქმედების ქვეშ მოხდა ეს ყველაფერი, სრულყოფილ და საღ პასუხს ვერ მცემს. ამის შედეგი იყო, რომ დღეს მან ჩვენება ვერ მისცა.

რაც შეეხება ფარულ ჩანაწერებს, რაც საქმეშია, არაადეკვატურ მდგომარეობაში ადამიანი გინდა ფარულად ჩაწერეთ, გინდა არაფარულად. აი, ახლა რომ შეეკითხებით, შესაძლოა, 10 წუთის შემდეგ იგივე შეკითხვაზე სულ სხვა პასუხი მიიღოთ. დღეს მე ეს გამოვცადე. ილიას ვიცნობ წლების განმავლობაში და დამიჯერეთ, რომ მსგავსი კეთილშობილი ადამიანი, რომელსაც სასულიერო აკადემია აქვს დამთავრებული, არაჩვეულებრივი პიროვნებაა, არაჩვეულებრივი დედის გაზრდილია, სიყვარულით სავსე მეუღლე. სინამდვილეში რა მოხდა, ამაზე პასუხი არც საქმეში დევს და არც ამ სასამართლოზე არ არსებობს.

ერთადერთი, რაც ვიცი, მას ესაჭიროება სასწრაფოდ, გადაუდებლად სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა იმისთვის, რომ მისი ფსიქიკური მდგომარეობა განისაზღვროს და დადგინდეს - რა მდგომარეობა ჰქონდა ფაქტის დღეს, რა მდგომარეობა აქვს დღესაც. საპატიმრო პირობებში მისი ყოფნა არის კიდევ ერთი, ძალიან დიდი საშიშროება მისი სიცოცხლის და ჯანმთელობის მოსპობის",- განაცხადა ადვოკატმა.

მისი თქმით, ინფორმაცია, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს შურისძიების მოტივი ამოძრავებდა, არ არის სწორი.

ცნობისთვის, გორის რაიონულმა სასამართლომ ცოლის მკვლელობისთვის დაკავებულ ილია ქურდაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა ბრალდების მხარის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა. ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს ბრალი ოფიციალურად დღეს წარედგინა და პროკურატურამ დღესვე მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს შუამდგომლობით პატიმრობის გამოყენების თაობაზე.

დანაშაულის ფაქტი 7 ივლისს დილით, სურამში მოხდა. 3 შვილის დედა, 31 წლის თეა რუსია ქმარმა მაშინ მოკლა, როდესაც ქალს ეძინა.


თეგები :