• თბილისი
  • 10°C
  • 14 დეკემბერი, 2019
article

რუსეთის მოქალაქე ქალი, რომელიც ბათუმში მამაკაცთან დაოჯახების მიზნით ჩამოვიდა, მამაკაცს გაუპატიურებაში ადანაშაულებს

ბათუმის სასამართლო დახურულ სხდომაზე განიხილავს გაუპატიურების საქმეს.

ამ საქმეში დაზარალებულად ცნობილი ქალი რუსეთის მოქალაქეა. მან პოლიციელებს უთხრა, რომ ის ბრალდებულმა ირაკლი თ.-მ გააუპატიურა. პოლიციაში მეზობელმა დარეკა იმ საცხოვრებელი კორპუსიდან, სადაც დაზარალებული ქალი და ბრალდებული ნაქირავებ ბინაში ერთად ცხოვრობდნენ. მეზობლის ჩვენების მიხედვით, მან ბინიდან ქალის კივილის ხმა გაიგონა.

გამოძიება ამ დრომდე ელოდება ექსპერტიზის დასკვნას.

ადვოკატების თქმით, მომხდარს ბრალდებული მამაკაცი უარყოფს. იგი 32 წლისაა. ადვოკატები ამბობენ, რომ დაზარალებულად ცნობილი გოგო ბათუმში ირაკლი თ.- სთან დაოჯახების მიზნით ჩამოვიდა და შურისძიება მას შემდეგ გადაწყვიტა, როცა ირაკლიმ მას მშობლები არ გააცნო.

ადვოკატის თქმით, არ არსებობს საქმეში არც ერთი მტკიცებულება, რაც გაუპატიურების ფაქტს დაადასტურებს.

დაზარალებული რუსეთის მოქალაქეა. მან წინასწარ მისცა სასამართლოს ჩვენება, რადგან შესაძლოა რუსეთში დაბრუნდეს.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ირაკლი თ.-ს 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის. ის ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.


თეგები :