• თბილისი
  • 36°C
  • 26 ივნისი, 2019
article

"ქალმა პოლიციაში წლების მანძილზე 16-ჯერ დარეკა, რომ ყოფილი ქმარი მასზე ძალადობდა, პოლიციის უმოქმედობის შემდეგ კი თავი მოიკლა" - შსს-ს სასამართლომ ჯარიმა დააკისრა

არასათანადოდ შესრულებული სამუშაოს გამო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 25 000 ლარის გადახდა დაეკისრა. ქალმა წლების განმავლობაში 16-ჯერ დარეკა პოლიციაში ჩივილით, რომ ყოფილი ქმარი მასზე ძალადობდა. ძალადობის მორიგი ფაქტის შემდეგ მან თავი მოიკლა.

გარდაცვლილის ოჯახის ინტერესებს ამჯერად „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ იცავს. ადვოკატი მიხეილ ჯახუა ამბობს, რომ ქალს ყოფილი მეუღლე წლების განმავლობაში აწუხებდა. ისიც წლების განმავლობაში რეკავდა პოლიციაში დახმარების თხოვნით. სულ 16 გამოძახება დაფიქსირდა. იყო შემთხვევები, როცა გამოძახების შემდეგ ქალი ისევ რეკავდა და ამბობდა, რომ დახმარება აღარ სჭირდებოდა. ასეთ დროს პოლიციაც აღარ რეაგირებდა და არც იმას არკვევდა, მეორედ იძულებით დარეკა მსხვერპლმა, თუ თავისი ნებით.

მიხელ ჯახუა ამბობს, რომ პოლიცია ყოველ გამოძახებას აღიქვამდა როგორც ცალკე ფაქტს და არა როგორც სისტემურ დანაშაულს.

​„ცალკე ვედავებით პროკურატურას, რომელმაც, მართალია, ერთ-ერთი ფაქტის შემდეგ გამოძიება დაიწყო, მაგრამ ორ თვეში ისე დაასრულა, არავის პასუხისმგებლობა არ დამდგარა. აქ დარღვევა ის იყო, რომ პროკურატურამ არ შეისწავლა მანამდე დაფიქსირებული ძალადობის ფაქტები. ასევე შემაკავებელი ორდერებიც, რომელიც პოლიციას ჰქონდა გამოწერილი, საქმეში არ მოხვდა“, - ამბობს მიხეილ ჯახუა.

თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით მოძალადე უკვე ქალის სიკვდილის შემდეგ დააპატიმრეს. პროკურატურასთან დავა ჯერ კიდევ გრძელდება. რაც შეეხება შსს-ს, მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 25 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა. შსს-ში აცხადებენ, რომ როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილება ოფიციალურად ჩაბარდებათ, მაშინ გადაწყვეტენ, გააგრძელონ სასამართლო დავა, თუ თანხა გადაიხადონ.

როგორც საია აღნიშნავს, ეს საქმე საქართველოში პირველია, რომელშიც სასამართლომ დაადგინა სახელმწიფოს ვალდებულება მოახდინოს თვითმკვლელობამდე მიყვანის, როგორ ფემიციდის ფორმის, პრევენცია.


თეგები :