• თბილისი
  • 31°C
  • 20 ივნისი, 2019
article

"ობლობით და გაჭირვებით გავზარდე, დედა მოგიკვდეს, ვის შეალიე შენი სილამაზე შვილო" - სოფელ ყანდაურაში მომხდარი საზარელი მკვლელობის დეტალები

გუშინ საზარელი მკვლელობა მოხდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურაში - 85 წლის ომარ გამყრელლიძემ შვილი, რძალი და ორი მეზობლად მცხოვრები ნათესავი მოკლა, ავადმყოფი, ლოგინად ჩავარდნილი ცოლი კი მძიმედ დაჭრა.

მკვლელობის მოტივი ამ დრომდე უცნობია, თუმცა, მეზობლები ამბობენ, რომ ბრალდებული შვილს ქონების გამო მუდმივად ედავებოდა.

მეზობლების თქმით, ბრალდებულს მკვლელობა წინასწარ განზრახული ჰქონდა. მან ნათესავებს, რომლებიც მეზობლად ცხოვრობენ, მოატყუა, რომ მისი ცოლი ცუდად იყო და სთხოვათ, მასთან სახლში მისულიყვნენ.

მას შემდეგ, რაც მეზობლები დასახმარებლად მივიდნენ, 85 წლის მამაკაცმა მათ ცეცხლი გაუხსნა. შემდეგ კი საკუთარ შვილს ესროლა, ბოლოს კი რძალი მოკლა.

"მოკლულები არიან ჩემი ძმისცოლი და ძმისშვილი, მაგრამ დეტალებში რა მოხდა, არ ვიცი. საშველად დაუძახია ამ კაცს, მკვლელს, რომ მოგვხედეთო. ესენი გაქცეულან მისახმარებლად, მერე როგორც ვიცი, ცოტა ხანში ჩემი ძმისშვილი მოუკლავს, არ ვიცი, რა იარაღი ჰქონდა, მერე ჩემი ძმის ცოლისთვის, მერე თავისი შვილისთვის და მერე შვილის ცოლისთვის უსროლია," - ამბობს ერთ-ერთი ახლობელი.

ადგილობრივების თქმით, 85 წლის მამაკაცის მეუღლეს დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის უკიდურესად მძიმეა. არსებული ინფორმაციით, ბრალდებულმა 85 წლის მამაკაცმა დანაშაულის ჩადენის დროს ორი იარაღი გამოიყენა.

ბრალდებულის რძლის დედა, ლილი სოლოღნიშვილი ამბობს, რომ დაკავებული კონფლიქტურია.

"სულ ჩხუბი ჰქონდათ მამას და შვილს, მერე წამოვიდნენ, თავიანთთვის მაღლა ცხოვრობდნენ, შერიგდნენ და ამ დილას ძროხები რომ ამოურეკია, შესულა ამათ სანახავად. რამ მოუარა, არ ვიცი. მე დამირეკეს, მოწამლულიაო. რა მოწამლული, თურმე დახოცა იარაღით. სულ გადამტერებული ჰყავდა ჩემს შვილს. ობლობით და გაჭირვებით გავზარდე, დედა მოგიკვდეს, ვის შეალიე შენი სილამაზე შვილო... ის კაცი ძალიან მოურიგებელი კაცი იყო, სულ ეჩხუბებოდათ, მაგრამ ჩემი შვილი სულ მიმალავდა ამას… გვიან მოვედი და დახოცილები გარეთ ეყარნენ. სანამ მოკლავდა, ლელას დაუყვირია, გვიშველეთო," - ამბობს გარდაცვლილის დედა.

ყან­და­უ­რე­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 3 წლის წინ ოჯა­ხის წევ­რე­ბის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ­მა მა­მა­კაც­მა ომარ გამ­ყრე­ლი­ძემ, შვილს და­ვით გამ­ყრე­ლი­ძეს სა­სოფ­ლო სა­მე­ურ­ნეო ბას­რი ია­რა­ღით სხე­უ­ლის არე­ში და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა და დაჭ­რა, თუმ­ცა მა­შინ ოჯახს ფაქ­ტი პო­ლი­ცი­ის­თვის არ შე­უ­ტყო­ბი­ნე­ბია.

სამართალდამცველებმა ბრალდებული ადგილზე დააკავეს. კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ზურაბ ბერიკაშვილის განცხადებით, ამოღებულია დანაშაულის იარაღებიც.

"შემთხვევის ადგილზე ვახორციელებთ გამოძიებას, დანაშაული ჩადენილია დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახური ძალადობის ნიადაგზე, სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109 მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით. დამნაშავე პირი დაკავებულია, ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი და მიმდინარეობს სხვა საგამოძიებო მოქმედებები," - განაცხადა ზურაბ ბერიკაშვილმა.


თეგები :