• თბილისი
  • 22°C
  • 23 სექტემბერი, 2019
article

იულია სუსლიაკის ჩვენება - "მე-11 ბავშვი აბაზანაში დამხრჩვალი ვნახეთ... ეს იყო უბედური შემთხვევა"

ტრეფიკინგის ბრალდებით საქართველოში დაკავებული უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკი, რომელსაც თან 10 ბავშვი ახლდა, გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ყვება, რომ მან და მისმა მეუღლემ 6 ბავშვი სუროგატ დედებს გააჩენინეს. 

"მყავს მეუღლე იური სუსლიაკი, რომელიც გავიცანი 2000 წელს საზეიმო ვითარებაში, კერძოდ იყო იურის მამის, ვლადიმერის წიგნის გამოცემაზე და სწორედ იქ მოხდა ჩვენი გაცნობა, ჯერ კიდევ მაშინ როცა ვიყავი სტუდენტი. კონკრეტულად საქმიანობას რაც შეეხება, საცალო ბიზნესით ვიყავით დაკავებულები, ამის შემდეგ 2006 წელს უკვე დავეუფლეთ მშენებლობის ბიზნესს უკრაინაში, ხოლო 2008 წელს შეგვექმნა გარკვეული პრობლემები ხსენებულ ბიზნესში, ქვეყანაში არსებული პრობლემების გამო. ამის შემდეგ უკვე დავუბრუნდით ისევ საცალო გაყიდვების ბიზნესს 2013 წლამდე და საკმაოდ წარმატებულად ვსაქმიანობდით კიდეც. ხოლო 2013 წლიდან 2016 წლამდე ისევ სამშენებლო ბიზნესს დავუბრუნდით.

მოგახსენებთ, რომ იურისთან ვიმყოფები ქორწინებაში 2002 წლიდან, რაც არის პირველი ქორწინება ჩემთვის და იურისთვისაც. ჩემი ქალიშვილების გვარი იყო ტროფიშჩენკო და სწორედ 2015 წლიდან გადავედი მეუღლის გვარზე, სუსლიაკზე.

მოგახსენებთ, რომ მე და იურის გვყავს 10 შვილი, რომლებიც არიან: ანასტასია, არისტარხი, სოფია, იანი, ავრორა, ვეტა, იულია, ნამასტე, ემილი და გრეისი, რომელთაგან ცხრა ბავშვი არის უკრაინის მოქალაქე, ხოლო გრეისი არის აშშ მოქალაქე. ასევე ხსენებული ბავშვებიდან ჩემი მეუღლის იურის ბიოლოგიური შვილები არიან, რომელიც მე ვიმშობიარე: ანასტასია, არისტარხი, სოფია და გრეისი. მოგახსენებთ, რომ ანასტასია, არისტარხი და სოფია გავაჩინე უკრაინაში ქალაქ ხმელინსკში პირველ სამშობიაროში, მშობიარობას ესწრებოდა ექიმი და ასევე სამივე ბავშვის მშობიარობას ესწრებოდა ჩემი ქმარი იური სუსლიაკი, ხოლო რაც შეეხება გრეისს, რომელიც გავაჩინე აშშ-ში და რომლის მშობიარობას ასევე ესწრებოდა ჩემი ქმარი იური სუსლიაკი, მოგახსენებთ, 2018 წლის აგვისტოში ჩავედი აშშ-ში, სადაც ვიმშობიარე კიდეც.

2016 წელს ექიმმა როგორც გვითხრა ჩემი მშობიარობა იქნებოდა დიდი რისკი და სწორედ ამიტომაც ჩავერთე ეკო პროგრამაში, ვინაიდან ჩემი კვერცხუჯრედი იყო გამოუსადეგარი, ამიტომაც გამოვიყენეთ 6 დონორი გოგო, 6 სუროგატი და მხოლოდ და მხოლოდ ჩემი მეუღლის ბიოლოგიური მასალა. რაც შეეხება უშუალოდ ეკო პროგრამას, მის შესახებ გავიგე რეკლამებით, რომელიც მდებარეობს კიევში პირველ სამშობიაროში, სადაც გაჩნდა იულია, ხოლო დანარჩენი ხუთი ბავშვი გაჩნდა კიევის მეხუთე სამშობიაროში. რაც შეეხება ბავშვების დაბადების პროცესს, ავრორას, იანას და იეტას დაბადების ვესწრებოდი თავად, მაგ დროს ჩემი ქმარი იყო რუსეთში. იულიას დაბადების პროცესს ესწრებოდა ჩემს მიერ მინდობილი პიროვნება, რა დროსაც მე და იური ვიმყოფებოდით კონგოში. ასევე ზუსტად ვერ ვიხსენებ ნამასტეს დაბადების დროს თუ სად ვიმყოფებოდი.

მოგახსენებთ, თუ რატომ გვინდოდა ბევრი შვილები, როდესაც უკვე გვყავდა საერთო ბიოლოგიური შვილები.

მე და იურის გვაქვს ასეთი დევიზი - როდესაც ადამიანი არის მატერიალურად ძლიერი უნდა ყავდეს ბევრი შვილი.

მოგახსენებთ, რომ 2018 წლის დასაწყისში იური გაემგზავრა რუსეთის ფედერაციაში ვინაიდან მას მოეგვარებინა ჩემთვის საორგანიზაციო და ბინის საკითხები, ხოლო ამის შემდეგ 2018 წლის 25 მარტს, მე რვა ბავშვთან ერთად გრეისის და ემილის გარეშე გავემგზავრე რუსეთის ფედერაციაში, კერძოდ მოსკოვის პოლქში, ბიზნესის კეთების მიზნით.

2018 წლის მაისს დავბრუნდი უკრაინაში ვინაიდან დაიბადა ემილი, მოვაგვარე დოკუმენტაციასთან დაკავშირებული საკითხები და ისევ დავბრუნდი რუსეთის ფედერაციაში, ამის შემდეგ 2018 წლის აგვისტოში აშშ-ში, სწორედ იქ ვიმშობიარე გრეისი. მოგახსენებთ, რომ აშშ-ში ვცხოვრობდი ახლობლებთან, რომლებიც იქ ყოფნის დროს გავიცანი“ - წერს ჩვენებაში იულია სუსლიაკი.

მისი განმარტებით, რუსეთიდან საემიგრაციო წესების დარღვევის გამო გამოაძევეს და არჩევანის სახით სამ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში გამგზავრება შესთავაზეს. მისი გადმოცემით, მან საქართველო არჩია, რადგან აქედან აფხაზეთში მყოფ მეუღლესთან გეგმავდა გადასვლას, რომელიც სუსლიაკის თქმით, იქ ბიზნესის წამოწყებას გეგმავს.

ჩვენების დასასრულს იულია სუსლიაკი ასევე საუბრობს მე-11 ბავშვზე და ადასტურებს, რომ ის აბაზანაში დაიხრჩო.

„დამულ კითხვაზე გიპასუხებთ, რომ მე მყავს ათი შვილი, ხოლო სად არის მეთერთმეტე სავა სუსლიაკი, გიპასუხებთ, ის დაიღუპა უბედური შემთხვევის შედეგად, კერძოდ, ის ნანახი იქნა დამხრჩვალი აბაზანაში, კერძოდ კი რუსეთში“. წერს იულია სუსლიაკი

მისი ჩვენებიდან გამომდინარე საქმეში რუსეთში მცხოვრები ქართველი წყვილიც იკვეთება.

„იქ სახლი მქონდა ნაქირავები, საორგანიზაციო საკითხებში მეხმარებოდა ოჯახური წყვილი სახელად სვეტლანა და დათო, დათო იყო ქართველი რომლის გვარი არ ვიცი“- წერს იულია სუსლიაკი.

იულია სუსლიაკი ტრეფიკინგის ბრალდებით 26 აპრილს დააკავეს. 


თეგები :