• თბილისი
  • 19°C
  • 24 ოქტომბერი, 2019
article

გიორგი პატარაიამ ზუგდიდის პოლიციის განყოფილება დატოვა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის წარმომადგენელმა გიორგი პატარაიამ ხელწერილის საფუძველზე ზუგდიდის პოლიციის განყოფილება დატოვა.

პატარაიას ინფორმაციით, ზუგდიდში პროვოკაციები მთელი დღის განმავლობაში ხდებოდა.

„მთელი დღის განმავლობაში ხდებოდა პროვოკაციები. ჯერ ონარიაში იყვნენ მოგზავნილი ე.წ. ძველი ბიჭები. ერთი იყო გიორგი გოგინავა. შემდეგ პროვოკაცია იყო ურთაში. ორი მანქანით იყვნენ და იქ მოაწყვეს პროვოკაცია. გაყვნენ ნარაზენამდე და უკვე იქ განხორციელდა უკანონო თვალთვალი. როცა საბუთი მოვთხოვეთ, მათ არ წარმოადგინეს. გამოვიძახეთ პოლიცია. პოლიციამ კი ჩვენ დაგვაკავა“,- განაცხადა პატარაიამ.

მისივე ინფორმაციით, პოლიციის განყოფილებას ცოტა ხანში დატოვებს კიდევ ორი დაკავებული, ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ანი წითლიძე და ენმ-ს ერთ-ერთი აქტივისტი მანუჩარ ჩხეტია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყებამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის დააკავა.


თეგები :