• თბილისი
  • 19°C
  • 24 ოქტომბერი, 2019
article

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია თურქეთში ქურდობის ბრალდებით ქართველი ფეხბურთელების დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია თურქეთის ქალაქ ანტალიაში მომხდარ ინციდენტს ეხმიანება და განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"გვსურს, გამოვეხმაუროთ ქართულ და თურქულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, ქალაქ ანტალიის სავაჭრო ცენტრში ქურდობისათვის დააკავეს ანტალიაში სპორტულ შეკრებაზე მყოფი ქართული საფეხბურთო კლუბის - ცხინვალის ფეხბურთელები. 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია - ფეხბურთის მმართველი ორგანო საქართველოში, რომლის ერთერთი მთავარი ფუნქციაა, არ დაუშვას ქართული ფეხბურთის იმიჯის შელახვა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო მასშტაბით, მოუწოდებს საფეხბურთო კლუბ ცხინვალს, აღნიშნული ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, მისი უფლებამოსილების ფარგლებში, მიიღოს შესაბამისი ზომები კანონდამრღვევ პირებთან დაკავშირებით. 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გმობს ყველა იმ ქმედებას, რომელიც ჩადენილია კანონსაწინააღმდეგოდ და ნეგატიურად აისახება არამხოლოდ ქართული ფეხბურთის, არამედ ქვეყნის რეპუტაციაზე", - ნათქვამია განცხადებაში.

ბოლო ინფორმაციით, უკვე გაიმართა პირველი სასამართლო მოსმენა. უცნობია, როდის გაიმართება მეორე. თურქეთში საქართველოს კონსულის თქმით, ამჟამად ფეხბურთელები თავისუფლები არიან, თუმცა მათ ხელი მოაწერეს ქვეყნიდან გაუსვლელობაზე დოკუმენტს. 

მათივე ინფორმაციით, კონსული უკვე ესაუბრა საფეხბურთო კლუბის მწვრთნელს და სხვა წარმომადგენლებს. ისინი ამ დრომდე კონტაქტზეა მათთან. საკონსულოში აცხადებენ, რომ სხვა ინფორმაციას ამ საკითხთან დაკავშირებით არ ფლობენ და მოგვიანებით ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო გაავრცელებს.

დღეს თურქულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 5 ქართველი ფეხბურთელი ანკარაში ქურდობისთვის დააკავეს. 

თეგები :