• თბილისი
  • 6°C
  • 15 დეკემბერი, 2018
article

გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ქეთევან ლუაშვილის გადაწყვეტილებით, გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ გიორგი ჭანტურიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 

ჭანტურია ამბობს, რომ აღკვეთის ღონისძიებად მისთვის პატიმრობის შეფარდების საფუძველი არ არსებობდა.

ბრალდებულის თქმით, პროკურატურის პოზიციას, რომ შესაძლოა ის მიიმალოს, არ ეთანხმება, ვინაიდან ჭანტურიას თქმით, როდესაც ქვეყნიდან იყო გასული, მაშინ არ მიმალულა და საქართველოში დაბრუნდა. „მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი ჩემზე თვალთვალი მიმდინარეობდა, არ გავქცეულვარ, გაქცევას არც ახლა ვაპირებ“, - განაცხადა ჭანტურიამ.

ჭანტურიას ბრალი ოფიციალურად 9 აგვისტოს წაუყენეს, თუმცა ის დანაშაულს ამ დრომდე არ აღიარებს.

გამოძიების ფარგლებში ადრე დაკავებული და შემდეგ გათავისუფლებული გიორგი ჭანტურია სამართალდამცველებმა 7 აგვისტოს ხელმეორედ დააკავეს.

ჭანტურიას სახლის ჩხრეკისას, მისი ერთ-ერთი ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის ინფორმაციით, სარდაფში  მდებარე ტახტიდან სამი იარაღი ამოიღეს.

სოსო ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების პროცესში ყოფილი პროკურორი, გიორგი ჭანტურია მანამდე 17 იანვარს დააკავეს, ოფიციალურად მის მიმართ საქმე სისხლის სამართლის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც საბრძოლო მასალის უკანონო შენახვას გულისხმობს. მოგვიანებით, ჭანტურია ბრალის წარდგენის გარეშე გაათავისუფლეს. 

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ტერიტორიაზე ყოფილი დეპუტატი, გენერალი სოსო ქუთათელაძე რუსთავში მოკლული 15 იანვარს იპოვეს.

გენერალი ქუთათელაძე იყო მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, ეროვნული გვარდიის სარდალი და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განათლების დეპარტამენტის უფროსი.

თეგები :