[ინტერპრესნიუსი]ავღანეთსა და პაკისტანში ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალურმა წარმომადგენელმა, რიჩარდ ჰოლბრუკმა საქართველოში ვიზიტი შეაჯამა. ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება. შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ჰოლბრუკმა აღნიშნა, რომ ესტუმრა ქართულ ბატალიონს, რომელიც ავღანეთში უნდა განთავსდეს. ამერიკელი საზღვაო ქვეითები, რომლებიც მათ წრთვნიან, ამბობენ, რომ ეს ჯარისკაცები საუკეთესონი არიან, ვინც საერთოდ უნახავთ. ბევრი მათგანი კოალიციასთან ერთად ერაყში იბრძოდა. ვინც საქართველოს იცნობთ, ალაბთ იცით, რომ ეს, ავღანეთის მსგავსად, მთა-გორიანი ქვეყანაა. მათ ბრძოლის უდიდესი ტრადიცია აქვთ, - აღნიშნა ჰოლბრუკმა. მისივე ინფორმაციით, ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში ჩასვლის და აკლიმატიზაციის შემდეგ, ჰელმანდის საზღვაო ოპერაციაში ჩაერთვებიან. ჰოლბურკმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობისთვის საქართველოს მადლობელია. აშშ-ს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილთან ამ საკითხის განხილვა ერთი წლის წინ დაიწყო და ეს მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა. ამასთან, ჰოლბრუკმა განმარტა, რომ ვიზიტის დროს საქართველოს ხელისუფლებასთან, ავღანეთის გარდა, არც ერთი საკითხი, მათ შორის ქართულ-რუსული ურთიერთობები და ნატო-სა და საქართველოს მომავალი ურთიერთობა არ განუხილავს. მსურს, მთელი ამერიკული მთავრობის სახელით ვთქვა, რომ შეერთებული შტატების მთავრობა საქართველოს როლს დიდად აფასებს, - განაცხადა რიჩარდ ჰოლბრუკმა. მისივე განმარტებით, ავღანეთის ოპერაციის ხარჯებს, მათ შორის ქართული ჯარებისთვის საჭირო ყველა სახის ხარჯს, შეერთებული შტატები და სხვა სახელმწიფოები იხდიან. შეერთებული შტატების სპეციალური წარმომადგენელი ავღანეთსა და პაკისტანში რიჩარდ ჰოლბრუკი საქართველოში ერთდღიანი ვიზიტით 22 თებერვალს იმყოფებოდა. |