Presa.ge

”მედიატორის” პროცენტნახევრიანი შანსი ”ოსკარზე”

[შორენა პაპაშვილი]
ფილმი ყველაფერზე და არაფერზე, უამრავ პასუხგაუცემელ კითხვასა და გაუხსნელ მკვლელობაზე. რაც მთავარია ფილმში ბევრია აგრესია, გაუგებრად უადგილო ბილწსიტყვაობა და ეროტიკა. ორი სიტყვით ასე შეიძლება დავახასიათოთ რეჟისორ დიმიტრი ცინცაძის ფილმი ”მედიატორი”, რომელსაც ამერიკული კინოაკადემიის ჯილდო ”ოსკარისაკენ” მიმავალი ”ეკლიანი” გზის გავლა სურს. იგი 70 ფილმს შორის უნდა შეირჩეს.

ფილმის ბიუჯეტი ორ მილიონ დოლარს შეადგენს, ხანგრძლივობა 100 წუთია, ჟანრი: დეტექტივი, დრამა. მონაწილეობენ მსახიობები მერაბ ნინიძე, გიორგი ნაკაშიძე, მარიკა გიორგობიანი, ზაზა კოლელიშვილი, ნატა მურვანიძე, ნუცა კუხიანიძე, ლევან დობორჯგინიძე და დავით იაშვილი.

ფილში არიან მოწვეული მსახიობები რუსეთიდან დინა კორზუნი და ვიქტორია ისაკოვა, დიდი ბრიტანეთიდან იუენ ბრემნერი და გერმანიიდან ბურჰარდ კლაუსნერი. რამდენიმე სცენა გადაღებულია გერმანიის ქალაქ კიოლნში, ძირითადი ნაწილი კი თბილისში.

შემოქმედებითი ჯგუფის წევრები ფილმის ”ოსკარზე” მოხვედრის შანსებს მოკრძალებულად - 1,5 პროცენტით აფასებენ. თუმცა, დიდი იმედი აქვთ, რომ უცხოელ მაყურებელს ფილმი მოეწონება. მანამდე კი ”მედიატორი” ქართული აუდიტორიის წინაშე უნდა წარსდგეს.

სცენარის ავტორები არიან აკა მორჩილაძე და თავად ფილმის რეჟისორი დიმიტრი ცინცაძე, რომელიც ფილმში ერთ-ერთ ეპიზოდურ როლსაც ასრულებს. საბოლოო ჯამში ამ ეპიზოდურ როლზეა აგებული ფილმის სიუჟეტი.

ფილმის დასაწყისშივე მაყურებელი შემაძრწუნებელი აგრესიის მოწმე ხდება, როდესაც ნუცა კუხიანიძის პერსონაჟი, ახალგაზრდა ორსული გოგონა დაუნდობლად გამოსჭრის ყელს მძევალს. ფილმის ნახვისას თავისთავად გიჩნდებათ შეგრძნება, რომ მკვლელი დედის ნაყოფი უკვე დანაშაულის მონაწილეა, რომ ადამიანები სასტიკ გარემოში ცხოვრობენ და ყველა თავისი წილი დანაშაულის მატარებელია.

ორი პირაკრული უცხოელი მძევალიდან ერთი ქართველი აღმოჩნდა. გამტაცებლების აგრესიასაც სავარაუდოდ ეს ფაქტორი იწვევს და მას დაუნდობლად უსწორდებიან. ამ პერსონაჟის ტრაგიკული დასასრული ფილმის ერთ-ერთი უმნიშვნელო ეპიზოდია. ბოლომდე გაუგებარი რჩება მომავალი დედის აგრესიის საფუძველიც. 

ორსული ქალის სინატიფისა და მშვენიერების დარმსხვრევით რეჟისორი ცდილობს მაყურებელს დაანახოს, რომ ბოროტება დღეს არ მთავრდება, ის გრძელდება თაობებში და მხოლოდ ერთი რომელიმე ეპოქის პრობლემა არ არის.

- ”ჩვენს გარშემო უცნაური ბინძური თამაშები მიმდინარეობს. ჩვენს გვერდით არიან მედიატორები - ხალხი, რომლებიც ყველაფერს ჰყიდიან, ინფორმაციდან დაწყებული ადამიანობით დამთავრებული. მინდოდა მეჩვენებინა ეს ხალხი, რა იმალება მათ უკან? მედიატორებმა არ იციან ვის ემსახურებიან,” - ამბობს ფილმის რეჟისორი დიმიტრი ცინცაძე.

მისი თქმით, ფილმში არის ბევრი კითხვა და არც ერთი პასუხი, რადგან პასუხები არ არსებობს და არც ის ხალხი არსებობს ვინც ამ კითხევზე ჩვენს ცნობისმოყვარეობას დააკმაყოფილებდა. ალბათ, ამიტომ ჩააყენა რეჟისორმა გიორგი ნაკაშიძის გმირი ერთობ გაურკვეველ სიტუაციაში.

ტლანქი და უხეში ქართველი გამომძიებელი, რომელიც იდეაში თავისი საქმის უაღრესად დიდი პროფესიონალია, ვერ გაართმევს თავს თბილისში ჩამოსული უცხოელი ჟურნალისტის მკვლელობის საქმის გამოძიებას. ამაში მას ვერც წარმოსახვის უდიდესი უნარის ქონა ეხმარება.

გიორგი ნაკაშიძის გმირი მოწმეთა ჩვენებების მოსმენისას ლამის ზედმიწევნით წარმოიდგენს იმას, თუ რა ვითარებაში და როგორ შეიძლებოდა მომხდარიყო დანაშაული, მაგრამ შერლოკ ჰომსობა დიდხანს არ გრელდება და მაყურებელი ფილმის ბოლოს მას ერთ-ერთი მოწმის, რუსი მეძავის მკლავებში იხილავს.

რეჟისორმა სიმარტივედ მიიჩნია, რომ ფილმის ყველა გმირისათვის თავისი სახელი დაერქმია და მაყურებლისათვის მათი ვინაობები განემარტა. უპასუხოდ რჩება კითხვები: ვინ რომელი უწყების თუ კრიმინალური ბანდის წარმომადგენელია, ან საიდან ჩამოვიდა ეს უცხოელი ჟურნალისტი და რა არის ჩაწერილი კომპიუტერის დისკზე, რომელშიც ქართველმა მედოატორებმა უაზროდ დიდი თანხა გადაიხადეს.

გამართულ პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტებმა ფილმი ”მედიატორი” გააკრიტიკეს სრულიად ზედმეტი და არაფრისმთქმელი ეროტიული ეპიზოდების გამოც. ლამაზმანი მეძავის როლს ფილში რუსი მსახიობი ვიქტორია ისაკოვა ასრულებს, რომელიც ფილმის ქართველი გმირი ქალებისაგან განსხვავებით, თავს აღწევს ცხოვრებისეულ წუმპეს და ბრილიანტის თვლებით ”დაჯილდოვებული” საქართველოდან გაურკვეველი მიმართულებით მიემგზავრება.

აგრესიული ორსული გოგონა და მსახიობ მარიკა გიორგობიანის პერსონაჟი,- ინერტული, ცხოვრებაზე ხელჩაქნეული შვილმკვდარი ქართველი დედა, კვლავ აგრესიულ და მძიმე რეალობაში რჩებიან.

ჟურნალისტებს მხედველობიდან არც ის გამოგვპარვია, რომ მორგში გადაღებულ ეპიზოდში, კადრში მკვდარს თვალები უხამხამებდა.

- ”ჩვენ გვინდა ქართულ ფიმში კარგი მკვდარი ვნახოთ და არა მკვდრის იმიტაცია”, - ასეთი ”ორიგინალური” სურვილი გამოითქვა დღევანდელ პრეს-კონეფერენციაზე ქართული მედიის წარმომადგენელების მხრიდან.

ფილმის მთავარი ღირებულება მსახიობების არტისტიზმი და მაღალი პროფესიონალიზმია. ”მედიატორში” ერთ-ერთ წამყვან როლს ცნობილი ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე ასრულებს. როგორც რეჟისორი დიმიტრი ცინცაძე აცხადებს, ნინიძეზე არჩევანი იმის გამო არ შეუჩერებია, რომ იგი ევროპაში მოღვწეობს და უცხოელი კინემატოგრაფისტებისათვის ცნობილი მსახიობია. ”ყოველთვის მინდოდა მერაბთან ერთად მემუშავა, ეს როლი კი მან საუკეთესოდ შეასრულა”, - ამბობს რეჟისორი.

2008 წლის საუკეთესო ფილმებისათვის ”ოსკარის” მინიჭების 81-ე ცერემონიალი მომავალი წლის 22 თებერვალს გაიმართება. ერთი თვით ადრე კი, 22 იანვარს ოფიციალურად დასახელდება ამერიკული კონოაკადემიის ჯილდოს ნომინაციაში შერჩეული ფილმები. ”ოსკარის” ნომინაციაში ”საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი” მოსახვედრად წელს სწორედ სტუდია სანგუკო-ს ფილმი ”მედიატორია” წარდგენილი.

http://presa.ge/index.php?text=news&i=4924
04:14 22.11.2008