Presa.ge

ცხინვალიდან და გორის სოფლებიდან დევნილებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს [Video]

[შორენა პაპაშვილი]
ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონიდან დევნილი მოსახლეობა ხელისუფლებისაგან შველასა და დახოცილი ოჯახის წევრების გვამების გამოტანაში დახმარებას მოითხოვს. ეს ძირითადი მოთხოვნა ქონდათ დღეს, რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ შეკრებილ დევნილებსაც.

მესამე დღეა კონფლიქტის რეგიონიდან წამოსული დევნილები ღამეს სხვადსახვა სკოლებსა და საბავშვო ბაღებში ათენებენ. საბურთალოს რაიონის 63-ე სკოლაში სამასამდე დევნილი ცხოვრობს. გორიდან წამოსული დევნილები ამბობენ რომ, მათ საარსებო საშუალება აღარ გააჩნიათ.

ეს ის ხალხია, რომელიც ქართულ-ოსური კონფლიქტის დაწყების დღიდან, მთელი 18 წელი იბრძოდნენ და იცავდნენ საკუთარ სახლებს.

- “სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიცავდით ჩვენს მიწას, ტყვიის ქვეშ ვიყავით მაგრამ მაინ არ გამოვდიოდით იქიდან. ახლა კი ყურადღებას არავის გვაქცევს რომ მკვდრები მაინც მოგვაძებნინონ”, - აცხადებდნენ პარლამენტის შენობასთან შეკრებილი დევნილები და სამშვიდობოს გამოსულები გადატანილ ტრაგედიაზე საუბრობდნენ.

მათი თქმით, სამაჩაბლოს ხეობა მთლიანად მიწასთან არის გასწორებული. ზოგს იქ ოჯახის წევრები დარჩათ, საკუთარი თვალით ნახეს რუსი ოკუპანტების სისასტიკე, თუ როგორ ხოცავდნენ ქართველ ჯარისკაცებს და ზედ ფეხებით როგორ დგებოდნენ.

სოფელ თამარაშენიდან გამოქცეული ქალბატონი ჰყვება, რომ მან ალმოდებული სოფელი დატოვა და დარწმუნებულია რომ, თუ ოდესმე უკან დაბრუნება ეღირსა, იქ აღარაფერი დახვდება.

დევნილთა ერთ-ერთი საცხოვრებელი მე-19 სკოლაა, სადაც 200-ზე მეტი დევნილი ცხოვრობს. დევნილთა ის ნაწილი კი, რომლებიც დროებით საცხოვრებელში ჯერ არ შესულან, რეგისტრაციას ვაჯა-ფშაველას 16 ნომერში გაივლიან.

შემდეგ კი მათი მონაცემები ლტოლვილთა და განსახლების სამინისტოს გადაეცემა, რომელიც მათ საცხოვრებელი უნდა გამოუყოს.

- “არც სკოლა მინდა, არც თავშესაფარი. ჩემი სახლი მომცენ. ჩემი ნაშრომი მქონდეს, ჩემი ჭერი მინდა. შიმშილსაც მოვითმენ და უწყლობასაც, ოღონდ მშობლები დამრჩა იქ და ვინმემ გამომაყვანინოს”, - ასეთი იყო დღევანდელ აქციაზე შეკრებილი დევნილების მოთხოვნები.

აქცია მას შემდეგ დაიშალა, რაც პარლამენტარმა კობა სუბელიანმა შეძლო დევნილებთან გასაუბრება. მანამდე სუბელიანმა, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, დევნილი მოსახლეობისათვის ჰუმანიტარული დახმარების დასარიგებლად მოხალისეების მობილიზება ითხოვა. მოგვიანებით კარვების ქალაქი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიშალა.

http://presa.ge/index.php?text=news&i=3431
00:06 14.08.2008