[ინტერპრესნიუსი]ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან რეგიონში და საქართველოში მშვიდობის და სტაბილურობის საკითხს განიხილავს. ამის შესახებ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ განაცხადა. როგორც ჯალაღანიამ აღნიშნა, ეს ვიზიტი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ამერიკის სახელმწიფო მდივანი სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში ხელმოწერილ ხელშეკრულებებს განიხილავს. ჯალაღანიას თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი საქართველოს, აღმოსავლეთ ევროპაში ვიზიტის ფარგლებში, ივლისის დასაწყისში ეწვევა. ჰილარი კლინტონი შეხვედრას გამართავს საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებთან, სადაც საუბარი შეეხება ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტულ სფეროებს. განიხილება როგორც რეგიონში, ისე საქართველოში სტაბილურობის თემატიკა. ამერიკის შეერთებულ შტატები და საქართველო სტრატეგიული ქარტიის ფარგლებში თანამშრომლობენ და ამ ქარტიის ფარგლებში კონკრეტულ ხელშეკრულებაზეც იქნება საუბარი. ჰილარი კლინტონი საქართველოში 5 ივლისს ჩამოვა. |