ნინო კოჭლამაზაშვილი

2012-05-08 11:07:47
ორიგინალური ქანდაკება უკრაინაში - „სტალინი, რომელიც შარდავს“

კიევში, ლვოვსა და ოდესაში უკვე გამოჩნდა „სტალინი, რომელიც შარდავს“.

დღეს, ლვოვის ცენტრში რამდენიმე ახალგაზრდამ ქანდაკება დადგა „სტალინი, რომელიც შარდავს“ (იოსებ სტალინი დაჩოქილი და შარვალჩაწეული იყო). მონუმენტის სიმაღლე 1,5 მეტრია, დამზადებულია ხისგან და ოქროსფერი საღებავითაა შეღებილი.

ქანდაკების დადგმის პროცესი 30–მდე ჟურნალისტმა და გამვლელებმა დააფიქსირეს. მას შემდეგ, რაც მედიაში ინფორმაცია მივიდა, ლვოვში სტალინის ძეგლი უნდა დაიდგასო, ჟურნალისტები ბაზრის მოედანზე შეიკრიბნენ.

როგორც იდეის ავტორებმა განაცხადეს, სტალინის ძეგლი უკრაინის ოთხ ქალაქში: კიევში, ლვოვში, ოდესასა და დნეპროპეტროვკში დაიდგმება.

ჟურნალისტებს ვებ–გვერდის, Братство–ს („საძმო), რედაქტორმა ვიტალი ჩერნმა განუცხადა: „არ არის გამორიცხული, რომ სტალინი ამ პოზაში, ოდესღაც მართლა იმყოფებოდა“.

ხოლო როდესაც ჰკითხეს, რატომ დადგეს ძეგლი ეზოში და არა ცენტრალურ მოედანზე, როგორც მანამდე აპირებდნენ, ჩერნმა განაცხადა, რომ სტალინი ცენტრალურ მოედანზე დგომას არ იმსახურებს.

„იქ დიდხანს ვერ გაძლებდა, აქ კი გარკვეულ დროს გაატარებს“.

ვინაიდან, აქცია ხელისუფლებასთან შეთანხმებული არ იყო, პოლიციის თანამშრომლებმა ძეგლი 10 წუთში აიღეს.