
ფრჩხილების კვნეტა ეს უბრალოდ ცუდი ჩვევა არ არის, ვინაიდან, არსებობს მისი სამედიცინო ტერმინი – ონიხოფაგია.
ამ მავნე ჩვევაში, ყველაზე ხშირად, პატარები არიან შემჩნეულნი. ისინი, დაახლოებით, 4 წლიდან იწყებენ ფრჩხილების კვნეტას. თუმცა, ხშირად შეხვდებით ზრდასრულ ადამიანს, რომელიც ამ „სენითაა დაავადებული“. სტატისტიკურად, ქალები უფრო ხშირად არიან შემჩნეულნი ამ ქმედებაში.
მიჩნეულია, რომ ფრჩხილების კვნეტის სურვილი სტრესისა და შფოთვის ფონზე ჩნდება. რატომ არის, რომ ზოგი ზრუნავს და უვლის ფრჩხილებს, ზოგი კი უბრალოდ „ჭამს“ მათ?
ამერიკელი ფსიქოლოგი ლუიზა ჰეი, რომელმაც მრავალი ბესტსელერი დაწერა ჩვენი ქვეცნობიერი დონის დაავადებების შესახებ, ამბობს, რომ ფრჩხილები, ეს დაცვის სიმბოლოა. ადამიანები, რომლებიც ფრჩხილებს იკვნეტენ, უიმედოობას განიცდიან. ლუიზა ჰეისათვის ონიხოფაგიის სიმბოლური მნიშვნელობაა ერთ–ერთი მშობლის ზიზღის გამოხატულება.
სწორედ ამიტომ, ფრჩხილების კვნეტას გადაჩვევა ძალან რთულია, ვერანაირი წიწაკა და ხელთათმანის ტარება ვერ შეაჩერებს შინაგან წყენასა და უკმაყოფილებას. ეს დაავადება შიგნიდან მოდის. თუ ფსიქოლოგიურ პრობლემებზე მოხდება მუშაობა, მათი გამოვლინებებიც გაქრება.
გააცნობიერო შენი პრობლემა – ეს უკვე ნახევრად გაკეთებული საქმეა. „მე საკმარისად კარგი არ ვარ“, „მე შემეძლო ყველაფერი კარგად გამეკეთებინა“, „ მე ვარ ყველაფერში დამნაშავე“ მე, მე, მე... ეს იმ პრეტენზიების სიაა, რომლებიც დაუსრულებლად გრძელდება. პოზიტიური ფსიქოლოგიის ოსტატები აცხადებენ, რომ საკუთარ თავთან სწორედ ასეთი მიდგომა ანადგურებს ადამიანს შიგნიდან, ფრუსტრაციასა და დაავადებებამდეც კი მიჰყავს.
გარდა ამისა, დაზიანებულ ქსოვილებში, შეიძლება, ინფექცია შეიჭრას, რომელიც სერიოზულ დაავადებებს გამოიწვევს. იმისათვის, რომ ასე არ მოხდეს, ამ ჩვევას თავი უნდა დააღწიოთ, ხოლო რომელი მეთოდით გააკეთებთ ამას, თავად აირჩიეთ!
– როგორც კი სურვილი გაგიჩნდებათ „მიირთვათ“ ფრჩხილი, ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანეთ.
– გაიკეთეთ ლამაზი, განსაცვიფრებელი მანიკური სალონში.
– აფთიაქში სპეციალური მწარე მანიკური შეიძინეთ და გამოიყენეთ მანამდე, სანამ მისი გასინჯვის სურვილი საბოლოოდ გაქრება.
– სალონში ხელოვნური ფრჩხილები გაიკეთეთ, ისინი არცთუ ისე გემრიელია, ამასთანავე, ძვირი სიამოვნების გაფუჭება დაგენანებათ.
– ახლობლებსა და ოჯახის წვერებს უთხარით შენიშვნა მოგცენ „რეციდივის“ მომენტში.
– შეეცადეთ გაიგოთ, რა გიბიძგებთ ფრჩხილების კვნეტისაკენ, რა სტრესს ვერ გაუმკლავდით.
– ემოციების კონტროლის სხვა მეთოდი გამონახეთ, მაგალითად ღრმა სუნთქვა, ოცამდე დათვლა ან სხვა.