შორენა გოგოლაძე

2011-09-28 17:35:16
ეკონომიკური კრიზისის მორიგი „მსხვერპლი“ პოლონეთი ხდება

მსოფლიოს წამყვანი ფინანსური ინსტიტუტები, ევროპაში „გამეფებულ“ ეკონომიკურ კრიზისს ვერ აჩერებენ. კრიზისის მორიგი „მსხვერპლი“ პოლონეთია. ამის პირველი ნიშნები, პოლონეთისადმი ინვესტორების ნდობის დაკარგვაში გამოიხატა. მთავარი მიზეზი კი ევროზონის პერიფერიულ ქვეყნებში არსებული კრისიზული ვითარებაა, რომელმაც ისინი შეაშფოთა. 

ინვესტორები ფიქრობენ, რომ კრიზისი ევროპის ყველაზე სწრაფად განვითარებად ეკონომიკაზეც შეიძლება გავრცელდეს. ბოლო პერიოდში, ზლოტის კურსი დოლართან შედარებით 16,3%–ით შემცირდა, რაც ევროპულ ვალუტებს შორის ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.

საერთაშორისო ბიზნეს–საზოგადოება შიშობს, რომ პოლონეთის პრემიერ–მინისტრი დონალდ ტუსკი, 2012 წლისთვის, ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებას მშპ–ის 3%-მდე ვერ შეძლებს. ამ დრომდე, პოლონეთი სტაბილურობის საყრდენად მიიჩნეოდა. ამის მიზეზი, ხელისუფლების და ქვეყნის ფინანსური ინსტიტუტების მიერ მოქნილი ეკონომიკური პოლიტიკის გატარება იყო, თუმცა აღმოჩნდა, რომ ახლა აღარც ეს ჭრის.

შეგახსენებთ, რომ 2008 წელს დაწყებული ეკონომიკური კრიზისის დროს, პოლონეთის იმ გამონაკლის ქვეყნებს შორის იყო, რემელმაც რეცესია აიცილა თავიდან. მაშინ ამ ქვეყნისადმი ნდობა იმდენად დიდი იყო, რომ ინვესტორებმა ქვეყანაში კაპიტალდაბანდებები გაზარდეს. თუმცა პოლონეთის „ნათელი ეპოქა“ როგორც ჩანს, დასასრულს უახლოვდება. ეკონომიკის ზრდა მიმდინარე წლის მეორე კვარტალში 4,3%–მდე შემცირდა. იანვარ–მარტში კი ზრდის მაჩვენებელი 4,5% იყო. ანალიტიკოსების პროგნოზით, კლების პროცესი გაგრძელდება.

იზრდება სახელმწიფოს ვალიც, რომელმაც მშპ–ის 52% შეადგინა. ბიუჯეტის დეფიციტი კი 2007 წლის შემდეგ 4–ჯერ გაიზარდა. თუმცა ექსპერტები მოვლენების დრამატიზებას არ ახდენენ და გამორიცხავენ მის ჩადგომას ისეთი პრობლემური ქვეყნების რიგში, როგორებიცაა პორტუგალია, იტალია, საბერძნეთი და ესპანეთი.