
კახეთში, წინანდლის ისტორიული მუზეუმის ბაღში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ქართული ყველის ფესტივალი გაიმართა. საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა გოროზია მასპინძლობდა. ფესტივალს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე დაესწრო.
ღონისძიებაზე ადგილობრივ ბაზარზე არსებული ქართული ყველის პოპულარული და უძველესი სახეობები იყო წარმოდგენილი.
ფესტივალში საქართველოს ყველა რეგიონიდან 40–მდე ყველის მწარმოებელი კომპანია და წვრილი ფერმერი მონაწილეობდა, რომლებმაც ყველისგან დამზადებულ ორიგინალურ ფიგურებთან და ტრადიციული სუფრისთვის დამახასიათებელ ექსპონატებთან ერთად, საკუთარი მრავალფეროვანი პროდუქცია შესთავაზეს დამსწრე სტუმრებს.
,,ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ქართული ყველის პოპულარიზაცია მოხდეს. საჭიროა ყველა ძველი და მივიწყებული სახეობის აღდგენა და დამკვიდრება. სოფლის მეურნეობის სამინისტრო ადგილობრივი ტრადიციული ყველის ევროკავშირის ბაზარზე გასვლის საკითხზე მუშაობს. უკვე დავარეგისტრირეთ 13 სახეობის ყველი. ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება და 50–მდე სახეობის დარეგისტრირება მოხდება. ყოველივე ეს, უძველეს ქართულ პროდუქტს საერთაშორისო ბაზარზე დამკვიდრებაში დაეხმარება“, – განაცხადა ზაზა გოროზიამ.
ღონისძიების ფარგლებში, კომპანია ,,ემ ჯგუფმა“ ყველისგან დამზადებული მრავალფეროვანი კერძები წარმოადგინა, რომლებიც მათ ახალ სამზარეულოში ,,ქართულ საგანძურშია“ შესულია. მოწვეულ საზოგადოებას, სხვადასხვა სახეობის ხაჭაპურის, ელარჯის, ყველიანი კვერების, სხვა ტრადიციული ქართული კერძების და ხარისხიანი ქართული ღვინის დაგემოვნების საშუალება ჰქონდა.
საქართველო არა მხოლოდ ღვინის, არამედ ყველის სამშობლოცაა, რომლის წარმოებასაც 28 საუკუნოვანი ისტორია აქვს. ფესტივალის მიზანი ყველის, როგორც უძველესი ტრადიციული ქართული პროდუქტის პოპულარიზაცია იყო.
ფესტივალის მიმდინარეობისას კონცერტი გაიმართა, რომელშიც ,,ჯეოსტარის“ სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.