დღეს მთელი საფეხბურთო და არა მხოლოდ საფეხბურთო მსოფლიოს ყურადღება უკრაინის დედაქალაქისკენ არის მიპყრობილი. თბილისის დროით 22:45-ზე ევრო-2012-ის ფინალია. თან როგორი ფინალი? მიმდინარე ჩემპიონატის ორი ყველაზე ღირსეული გუნდი ხვდება ერთმანეთს. მიუხედავად იმისა, თუ ვინ რომელ ნაკრებს გულშემატკივრობს, ალბათ ფეხბურთის ყველა მოყვარული თანხმდება, რომ ესპანეთიცა და იტალიაც დღესდღეობით ყველაზე ღირსეული ფინალისტები არიან. იტალიის ნაკრები. გუნდი რომელსაც უერთგულესი ფანების გარდა ევრო-2012-ის ფავორიტად არავინ აღიქვამდა, გუნდი, რომლის ერთერთი ფეხბურთელიც ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე საწვრთნელი ბაზიდან პოლიციამ დააკავა. გუნდი რომლის გარშემოც სკანდალების მთელი კასკადი აგორდა დღეს ევროპის ჩემპიონატის ფინალში ითამაშებს.
ცალკე სასაუბრო თემაა ესპანეთის ნაკრები. ამ გუნდს უკანასკნელი 4 წელია თავისი საუკეთესოობა ერთხელაც არ დაუყენებია ეჭვქვეშ. 2008 წლის ევროპისა და 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მოგების შემდეგ, ესპანელებს აქვთ ისტორიული შანსი გახდნენ იმ ერთადერთი გუნდის წევრები, რომელიც მიჯრით სამი უდიდესი ტურნირის მოგებას შეძლებს. მოტივაციაზე საუბარიც ზედმეტია, ეს ხომ ევროსარბიელია? ერთადერთი, რამაც შეიძლება მცირე უპიორატესობა იტალიის მხარეს გადახაროს ეს „ფურია როხას“ უთავდამსხმელობაა. ვისენტე დელ ბოსკეს ტრავმის გამო დავიდ ვილია არ ჰყავს, ფერნანდო ტორესი კი რბილად რომ ვთქვათ, ფორმაში არ არის, ხოლო ლიორენტეს თავად მწვრთნელი არ ენდობა. ასეა თუ ისე, გუნდმა მიმდინარე ჩემპიონატი თითქმის უთავდამსხმელოდ ჩაატარა და სავარაუდოდ ასე იქნება დღესაც.
აღნიშნულის შესახებ კომენტარი ევრო 2008-ის ერთერთმა ტრიუმფატორმა, ესპანელმა მარკო სენამ გააკეთა. „გაკვირვებული ვარ ფერნანდო ლიორენტესადმი გამოცხადებული უნდობლობით. ერთი სეხედვით ჩვენი ტაქტიკა 4:6:0-ია რაც მაინცდამაინც სასიამოვნო არაა. გუნდს თავდამსხმელი სჭირდება და თუ ტორესი ვერა ამისათვის შესაფერისი ლიორენტე ნამდვილად არის“-განაცხადა სენამ ესპანურ გამოშცემებთან საუბრისას.
ამ გუნდების ურთიერთთამაშების ისტორია 30 მატჩს ითვლის. აქედან მცირე უპირატესობა იტალიელთა მხარესაა. „სკუადრა აძურას“ 10 მოგება, 12 ფრე და 8 წაგება აქვს. გუნდების პირველი დაპირისპირება შორეულ 1932 წელს შედგა, მაშინ იტალიაში გამართული მატჩი ფრედ 1:1 დამთავრდა. ხოლო უკანასკნელი მატჩი (თუ მიმდინარე ევროპირველობას არ ჩავთვლით) 2008 წელს ესპანელთა გამარჯვებით, დავიდ ვილიას ერთადერთი გოლის წყალობით, 1:0 დამთავრდა.
ვისენტე დელ ბოსკე. ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი. - ჩემი გუნდი კარგ ფორმაშია, თუმცა კარგზე კიდევ უკეთეს ფორმაშია იტალია. დარწმუნებული ვარ შესანიშნავი თამაში იქნება, მედლები და თასი კი მადრიდში წავა. დღეს ყველანაირ ტაქტიკაზე საუბარი ზედმეტია. უბრალოდ უნდა გავიდეთ და მოვიგოთ.
რაული. ესპანეთის ნაკრების ყოფილი კაპიტანი.- დარწმუნებული ვარ „ფურია როხა“ გაიმარჯვებს. ამ გუნდს შესანიშნავი მწვრთნელი და ფეხბურთელები ჰყავს. ინიესტა საუკეთესოა, ის საოცრად ჰგავს ზიდანს. ამ ორი ფეხბურთელის გვერდით თამაში ყოველთვის ძალიან მსიამოვნებდა.
ჩაბი ალონსო. ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველი. - ჩვენი მოწინააღმდეგე ძალაინ ძლიერი გუნდია, ეს იტალიაა. მათ ნებისმიერ მეტოქესთან შეუძლიათ გამარჯვება. დღეს ჩვენ მოვიგებთ.
ჩეზარე პრანდელი. იტალიის ნაკრების მწვრთნელი. - დღეს ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო გუნდს ვუპირისპირდებით, თუმცა მოგებას ვგეგმავთ და ეს ასეც იქნება. ვითამაშებთ ისევე როგორც აქამდე ვთამაშჴბდით. სწრაფად და აგრესიულად.
ანდრეა პირლო. იტალიის ნაკრების ნახევარმცველი. - პროგნოზისაგან თავს შევიკავებ. უბრალოდ გეტყვით, რომ ასეთ მეტოქეებთან თამაში ჩემთვის უდიდესი სიამოვნება და აზარტია. კარგ მატჩს გპირდებით.
ჯანლუიჯი ბუფონი. იტალიის ნაკრების მეკარე. - წინასწარ პროგნოზს არ გავაკეთებ, უბრალოდ ერთს ვიტყვი, რომ ჩემი ესპანელი კოლეგის კარში გოლის გატანა ურთულესი საქმე იქნება. იმედი მაქვს დღეს ჩვენ გაგვიმართლებს.
1 ივლისი. 22:45
კიევი, “ოლიმპიისკი”
ესპანეთი - იტალია
ესპანეთი: კასილიასი, არბელოა, რამოსი, პიკე, ალბა, ბუსკეტსი, ჩაბი ალონსო, ჩავი, ინიესტა, სილვა, ტორესი.
იტალია: ბუფონი, აბატე, ბონუჩი, ბარცალი, კიელინი, დე როსი, პირლო, მარკიზიო, მონტოლივო, ბალოტელი, კასანო.
არბიტრი: პედრუ პროენსა (პორტუგალია).