• თბილისი
  • 19°C
  • 18 ოქტომბერი, 2017
article

"მოშორდი მაგ კაცსო, ვუთხარიო, ამბობდა ბებიაჩემი, და თუ ვერ ძლებო, აგე, მწყემსებთან გადაიარე-ხოლმეო"

პოეტი ლია ლიქოკელი სოციალურ ქსელში იხსენებს ისტორიას, რომელმაც სოციალური ქსელის მომხმარებლების დიდი მოწონება დაიმსახურა:

"უცებ გამახსენდა: დედაჩემის და ბებიაჩემის ლაპარაკს ვაყურადებდი ერთხელ. კარგა ხნის წინ, ჯერაც ყოჩაღად რომ იყო ცოცხალი ბებიაჩემი. ჰოდა, ჩუმად ლაპარაკობდნენ, აი ქალების სალაპარაკოები როა, ისეთ ხმაზე და ისეთ რაღაცებზე. სულ არ იყო ჩემი გასაგონი, პატარა ვიყავი, და ყურები მქონდა დაგრძელებული. 

ვიღაც ქალზე უყვებოდა დედაჩემს, ჯერაც სიბერემდელ ამბავს. ცუდი ქმარი ჰყოლია იმ ქალს, აღონებდაო ძალიან. მოშორდი მაგ კაცსო, ვუთხარიო, ამბობდა ბებიაჩემი, და თუ ვერ ძლებო (უკაცოდ ანუ), აგე, მწყემსებთან გადაიარე ხოლმეო. 

გამახსენდა, გამეცინა. მწყემსები ის ხალხი იყო, ზაფხულობით რომ ცხვარ-ძროხა ამოყავდათ მთებში, საძოვრებზე, არაიქაურები (ხან სულაც თათრებად მოხსენიებულები ამ მონაყოლებში თუ ცოცხლად, ახლაც დადიან). არ ვიცი, ეს "მწყემსებთან გადავლა" მოსული ამბავი იყო თუ არა იქ, იმ დროში (მახსოვს, მაშინ ძალიან გამიკვირდა), თუ ბებიაჩემს უღონდებოდა გული იმ ბეჩავ ქალზე ნამეტნავად. 

გამიხარდა ახლა რაღაცნაირად. 

ქალები, ქალები. რაღაცნაირი ერთიანობის ამბავი ვიგრძენი, სოლიდარობასაც რომ ეძახიან ხოლმე. ყველგან, ყველა დროში, ისე ვიგრძენი ეს ჩემი ქალები. თავისუფლები, ყელგადაღეღილები. სულ ყველაფრის მიუხედავად. 

მაგარი ქალი კი იყო ბებიაჩემი. ეტყოდა, განა არა. ეგებ "გადაიარა" კიდეც იმ ქალმა მწყემსებთან, იმისმა წაქეზებულმა, რა ვიცი." - წერს ლია.