• თბილისი
  • 8°C
  • 17 დეკემბერი, 2017
article

„ლიკა ქავჟარაძე მრავალი წელია ავად იყო... ის დღევანდელი ჯანდაცვის სისტემის მსხვერპლია“

მსახიობ ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე. დეპუტატი წერს, რომ ლიკა ქავჟარაძე, რომელსაც ყველასათვის ცნობილია, რომ ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, არ იყო სათანადოდ ნამკურნალები. გოცირიძე ფსიქიატრიული ავადმყოფების პრობლემების მიმართ ხელისუფლების ზერელე დამოკიდებულებაზე საუბრობს.

„ლიკა ქავჟარაძე მრავალი წელია ავად იყო. ის ფსიქიკურ პრობლემებს განიცდიდა. ეს ბევრმა იცოდა, მაგრამ სტიგმის გამო ყველა გაურბოდა ამაზე საუბარს. ხშირად, მდგომარეობის გამწვავების გამო, იგი ბოლომდე ვერ აკონტროლებდა საკუთარ თავს, ამიტომ ამით სარგებლობდნენ ან გაუთვითცნობიერებელი ან თაღლითი ადამიანები და იღებდნენ ისეთ ფილმებში თუ სიუჟეტებში, რომელზეც რემისიის დროს შეიძლება არ დათანხმებულიყო.

დიახ, ვეთანხმები, რომ იგი, ისევე როგორც უამრავი ფსიქიკური პრობლემის მქონე ადამიანი, რომელმაც მიაყენა ზიანი საკუთარ თავს და სხვას, არის დღევანდელი ჯანდაცვის სისტემის მსხვერპლი. ლიკას შემთხვევაში არ გამოდგება ხელისუფლების მხრიდან თავის სამართლებლად ის ფაქტი, რომ გულის უკმარისობით გარდაიცვალა და არა თვითაზიანებით. ფაქტია, ლიკა არ იყო სათანადოდ ნამკურნალები.

საქართველოში არის ათეულ ათასობით მკურნალობის გარეშე დარჩენილი პაციენტი. ფსიქიატრიის ბიუჯეტი ორი წელიწადია არ გაზრდილა არცერთი თეთრით. იგი მხოლოდ 16 მილიონი ლარია, იმაზე ნაკლები, რაც დასავლეთის ქვეყნებში ერთი საშუალო ზომის ფსიქიატრიული კლინიკა ხარჯავს. იმაზე ნაკლები, ვიდრე ნებისმიერ პოსტსაბჭოთა ყველაზე ღატაკ ქვეყანაში. საზოგადოების( მათ შორის პარლამენტში) პროტესტის შედეგად მომავალ წელს ფსიქიატრიის ბიუჯეტი იზრდება. ეს წვეთია ზღვაში. ასეულ მილიონობით ლარით გაიზარდა ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამით სხვა სფეროების დაფინანსება. მხოლოდ ფსიქიატრია იყო და დარჩა ყველაზე მიგდებულ დარგად, რადგან ამ ადამიანებს არ შესწევთ საკუთარი უფლებების დაცვის უნარი.

ლიკას სიკვდილმა მთელ ქვეყანას დასწყვიტა გული. იქნებ ახლა მაინც დაინახოს მთავრობამ და არა მარტო მთავრობამ, რომ საქართველოში ფსიქიკურად დაავადებულები გაუსაძლის მდგომარეობაში იმყოფებიან.

საზოგადოების ცივილიზებულობის დონე განისაზღვრება იმით, თუ როგორ ეპყრობა იგი ფსიქკური პრობლემების მქონე ადამიანეს.
ამას კარლ იასპერსი ამბობდა.

ლიკა კი მარად იქნება ჩვენს გულებში - ქართული სილამაზისა და სათნოების სიმბოლო“, - წერს გოცირიძე.