• თბილისი
  • 18°C
  • 27 სექტემბერი, 2017
article

საერთაშორისო კონფერენცია „სემიტოლოგიური ძიებანი“ 16 , 17 სექტემბერი

თბილისის მუზეუმების გაერთიანება საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში მასპინძლობს საერთაშორისო კონფერენციას - „სემიტოლოგიური ძიებანი“. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ 4 ქვეყნის (საქართველო, ისრაელი, გერმანია, ინგლისი) ებრაისტიკა-არამეისტიკის დარგში მოღვაწე მეცნიერები. კონფერენცია ეძღვნება მსოფლიო მნიშვნელობის სემიტოლოგის, ენათმეცნიერის, საქართველოში ებრაისტიკა-არამეისტიკის ფუძემდებლის აკადემიკოს კოტე (კონსტანტინე) წერეთლის ხსოვნას.

კოტე (კონსტანტინე) წერეთელი (1921-2004 წწ) საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დაარსების დღიდან (1960წ.) ხელმძღვანელობდა ინსტიტუტის სემიტოლოგიის განყოფილებას. კოტე წერეთლის შრომებმა არამეულ დიალექტოლოგიაში ამ სამეცნიერო დარგის პრობლემათა ფართო კვლევას ჩაუყარა საფუძველი და მსოფლიო ორიენტალისტიკაში მის ინტენსიურ განვითარებას მისცა ბიძგი.

თბილისის მუზეუმების გაერთიანება ცხრა დამოუკიდებელი მუზეუმის ერთიან ინსტიტუციას წარმოადგენს. ცხრა მუზეუმს შორისაა კოტე და სოსო წერეთლების მემორიალური ბინა-მუზეუმი. თბილისის  მუზეუმების გაერთიანების 2017 წლის სტრატეგიის შესაბამისად, სამეცნიერო მიმართულებების გაძლიერების მიზნით, თბილისის კოტე და სოსო წერეთლების მუზეუმი გეგმავს გააგრძელოს ტრადიცია და მუზეუმის ბაზაზე დააარსოს კ. წერეთლის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, რომლის მთავარი მიზანი ქართული სემიტოლოგიური სკოლის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის პოპულარიზაციის ხელშეწყობა იქნება, როგორც ადგილობრივ დონეზე, ისე მსოფლიო მასშტაბით.

კონფერენციაში მონაწილეობენ მეცნიერები და მკვლევარები სხვადასხვა ქვეყნიდან: პროფესორი ჯეფრი ხანი - კემბრიჯის უნივერსიტეტი, პროფესორები რეუვენ ენოხი და ორსიონ ბართანი - არიელის  უნივერსიტეტი, აჰარონ მამანი -იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტი, ელისაბედ ჰოლინდერი - ფრანკფურტის უნივერსიტეტი  და სხვები.

კონფერენციას დაესწრებიან: თბილისის მერის მოადგილე, თბილისის მერიის კულტურის სამსახურის წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები.

 

კონფერენციის  თარიღი: 16.09.2017 -17.09.2017
კონფერენციის გახსნა:  16 სექტემბერი  9:00 საათზე 
მისამართი:  ლ. გუდიაშვილის N7
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
557 59 38 10  ნინო ბარნოვი
თბილისის მუზეუმების გაერთიანების საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი